რატომ ვითარდება ბრტყელტერფიანობა - კვირის პალიტრა

რატომ ვითარდება ბრტყელტერფიანობა

საღამო ხანს ფეხების დამძიმება და ტერფების გახურება ნაცნობია მათთვის, ვისაც მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა უწევს. თუმცა შეიძლება ამგვარი ჩივილები მათაც ჰქონდეთ, ვისაც ამგვარი დატვირთვა სულაც არ აქვს. ამ შეგრძნებათა მიზეზი ბრტყელტერფიანობაა.

ძალიან იშვიათად (დაახლოებით საერთო რაოდენობის 3%-ში) ბრტყელტერფიანობა თანდაყოლილია, მაგალითად, განუვითარებელი კუნთების ან სხვა მანკების გამო. ბრტყელი ტერფის მიზეზი შეიძლება გახდეს ბავშვობაში გადატანილი დაავადებები (პოლიომიელიტი), ტერფის მოტეხილობები და სხვა ტრავმული დაზიანებები.

შეძენილი ბრტყელტერფიანობის მიზეზი არასასიამოვნო, ვიწრო ფეხსაცმელია. ყველაზე გავრცელებული ბრტყელტერფიანობის სტატიკური სახეობაა. ის ჩნდება კუნთების სისუსტის გამო და ვითარდება ბავშვობაში, მაშინ როცა პატარას ჯერ კიდევ სუსტი კუნთები აქვს და ვერ უძლებს დატვირთვას.

სამწუხაროდ, ბრტყელტერფიანობის განკურნება შეუძლებელია. ტერფის აგებულების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ 7 წლის ასაკამდე გარკვეული პროცედურებისა და ვარჯიშების დახმარებით. დიდებში კი ტერფებზე დატვირთვის შემცირება შეუძლია კარგ ფეხსაცმელს ან პროფილაქტიკურ ორთოპედიულ ღაბაშს (ე.წ. სუპინატორი). ფეხსაცმლის ამ მყარ საფენს სათანადო ადგილას აქვს გასქელებები და ჩაღრმავებები, ამის წყალობით ტერფზე სწორად ნაწილდება სხეულის წონა. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბრტყელტერფიანობა სხვადასხვა ტიპისაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიზანშეწონილია ინდივიდუალური ღაბაშის შერჩევა ან შეკერვა.

ბრტყელტერფიანობის დროს რეკომენდებული ვარჯიშები:

ფეხის წვერებზე სიარული;

ქუსლებზე სიარული;

მჭიდროდ მოხრილი თითებით სიარული;

მაღლა აწეული თითებით სიარული;

ფეხის თითებით სხვადასხვა ფორმის წვრილი საგნების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა;

ფეხის გულით პატარა რეზინის ბურთის გაწევ-გამოწევა.