სად "აორთქლდა" შეპირებული იაფი მედიკამენტები?!
20-03-2017
სად "აორთქლდა" შეპირებული იაფი მედიკამენტები?!
რატომ გაუფორმა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ხელშეკრულება იმ კომპანიას, რომელსაც მისი ძმისშვილი ხელმძღვანელობდა

გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ყველა სოციოლოგიური კვლევა მიუთითებდა, რომ ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებდა, იყო გაზრდილი ფასები მედიკამენტებზე. სწორედ ამ მიზეზის გამო გადაწყდა სახელმწიფოს ხელშეწყობით ბაზარზე შემოსულიყო ახალი კომპანია, რომელიც პირველ ეტაპზე განახორციელებდა ყველაზე მოხმარებადი მედიკამენტების იმპორტს და მათ არსებულთან შედარებით მინიმუმ 30%-ით იაფად გაყიდდა. მეორე ეტაპზე კი თანამედროვე ფარმაცევტულ ქარხანას ააშენებდა. ამ მიზნით თბილისში,
ორხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, პროექტს ახორციელებდნენ "საპარტნიორო ფონდი" და "ჰუმანითი ჯორჯია". აღსანიშნავია, რომ "საპარტნიორო ფონდსა" და "ჰუმანითი ჯორჯიას" შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჯამურად 30 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა. რა ნაყოფი გამოიღო ამ მასშტაბურმა
ინვესტიციამ, "კვირის პალიტრასთან" აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე საუბრობს:

- მიუხედავად დიდი ზარ-ზეიმისა, "ჰუმანითი ჯორჯიას" მიერ რეგისტრირებულ და იმპორტირებულ მედიკამენტებთან დაკავშირებით კითხვები ყველა ეტაპზე ჩნდებოდა. პასუხები დამაჯერებელი არ იყო, მაგრამ იყო მოლოდინი, რომ სახელმწიფოს ჩართულობა ამ კითხვებს მოხსნიდა და ქართულ ბაზარზე შემოვიდოდა ხარისხიანი და გაცილებით იაფი ჯენერიკები. პირველ ეტაპზე, "ჰუმანითის" აქტივობამ გარკვეული ნაყოფი გამოიღო და ბაზარზე არსებული მოთამაშეები თამაშის ახალ წესებს აჰყვნენ - "ჰუმანითის" პრეპარატები დაუშვეს საკუთარ სააფთიაქო ქსელებში. ეს ფაქტი შარშან, შესაბამისი ერთობლივი საჯარო პრესკონფერენციით აღნიშნეს. კერძოდ, ითქვა, რომ ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების მინიმუმ 30%-ით დაბალ ფასად შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. ერთხანს ზოგიერთი მედიკამენტი მართლაც გაიაფდა და ამას მაშინ დიდი ზარ-ზეიმით "ჰუმანითის ეფექტი" დაერქვა. როდესაც "ჰუმანითიზე" ვლაპარაკობთ, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ "ჰუმანითი ჯორჯიას" დირექტორი "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის ძმისშვილი, გიორგი საგანელიძეა. თავდაპირველად, დავით საგანელიძეს ამ მნიშვნელოვან დეტალთან დაკავშირებით, რომელიც აშკარად მიანიშნებს ნეპოტიზმის პრობლემაზე, უხერხულობაც კი არ უგრძნია, პირიქით, ამტკიცებდა, რომ ყველა მისი ნათესავი წარმატებულია და მეტიც, მედიასაშუალებებს მოუწოდებდა, ეს ფაქტი თავადაც გადაემოწმებინათ. დავით საგანელიძის სიტყვებს ვციტირებ: "მე საკმაოდ დიდი სანათესავო მყავს და ნებისმიერ პროექტში, რომელსაც "საპარტნიორო ფონდი" აფინანსებს, ყველგან შეგიძლიათ ჩემი ნათესავები მოძებნოთ და მე ყველათი ვამაყობ".

- რა ბედი ეწია "საპარტნიორო ფონდიდან" გადახდილ 30 მილიონ დოლარს და შეძლო თუ არა "ჰუმანითი ჯორჯიამ" ბაზარზე მედიკამენტების ფასის შემცირება?

- "ჰუმანითის" მიერ იმპორტირებული იაფი მედიკამენტები საცალო ბაზრიდან მალევე გაქრა. ფარმაცევტული ქარხნის იდეა ჩანასახშივე მოკვდა. საგანელიძე თავს იმით იმშვიდებს, რომ ყველა ხელშეკრულება თუ გაწეული სახსრები უზრუნველყოფილია "ჰუმანითის" აქტივებით და შესაბამისი საბანკო გარანტიით. ფაქტია, ბაზარზე "ჰუმანითის" შემოსვლამ ვერ გაამართლა და, შესაბამისად, "საპარტნიორო ფონდის" მცდელობა, მედიკამენტების ფასების კლებასთან დაკავშირებით, ჩავარდა. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მედიკამენტების ფასები საგრძნობლად გაიზარდა.

- რამ გამოიწვია "ჰუმანითი ჯორჯიას" უკუეფექტი?

- საზოგადოებაში ლოგიკურად გაჩნდა კითხვები: რომ ხომ არ გარიგდნენ მსხვილი მოთამაშეები "ჰუმანითისთან", რომ მათ აღარ მოახდინონ იაფი ჯენერიკმედიკამენტების რეალიზება, რაც მათ თავის დროზე განსაზღვრულ სამომხმარებლო სეგმენტს ართმევდა. ცხადია, ასეთი ეჭვები არცთუ უსაფუძვლოა. აქედან გამომდინარე, "ჰუმანითის" იდეა რაშიც მდგომარეობდა და რაც მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ანუ ძვირი მედიკამენტების გაიაფება, ვერ იქნა მიღწეული. ზემოთ მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ "საპარტნიორო ფონდმა" ვერ შეძლო იმ მიზნის მიღწევა, რომლისთვისაც "ჰუმანითი" შემოიყვანა. შესაბამისად, "ჰუმანითის ეფექტი" "ჰუმანითის დეფექტად" გადაიქცა.

რუსუდან შელია
nino
22 აპრილი 2017 12:17
აბა სხვასტან ხო არ გააფორმებდა. სანამ იოპოზიციაში იკო სულ იმას ამბობდა საქართველოში ცამლები საგანგაშოდ ძვირიაოო... მოვიდა ხელისუპლებაში და ცამლები უპრო გაზვირდა.......... მაგარია

რედაქტორის რჩევით