ნეტავ ყური არ იყოს!
20-03-2017
ნეტავ ყური არ იყოს!
იშვიათია დედა, რომელიც თავისი პატარის ყურის ტკივილს არ შეეშფოთებინოს. ტკივილი ხშირად სრულიად მოულოდნელად და ძლიერად იწყება, თან თითქოს სრულიად უმიზეზოდაც. არადა, ტკივილს რამდენიმე წინაპირობა აქვს, რისი თავიდან აცილება ხშირად შესაძლებელია. ყურის ტკივილის მიზეზებზე ექიმი ოტოლარინგოლოგი დოდო ბლიაძე გვესაუბრება.

- ოტიტი, ანუ ყურის ანთება პატარებს იმდენად ხშირად ემართებათ, რომ მშობლებს მედიკამენტები მომარაგებულიც კი აქვთ ხოლმე - ღამით მოულოდნელად დაწყებული ყურის ტკივილის ჩასაყუჩებლად ყურის სპეციალური წვეთები კარგი საშუალებაა; თუმცა, ტკივილის ჩაყუჩება განკურნებას
როდი ნიშნავს. ყურის ტკივილს უამრავი გართულება ახლავს. არსებობს ყურის ანთების სხვადასხვა ფორმა, რომელიც მიმდინარეობის მიხედვით მწვავეც არის და ქრონიკულიც, რასაც სხვადასხვაგვარი მკურნალობა ესაჭიროება. ოტიტი ხშირად მშობლების დაუდევრობით იწყება და მას თავისი კონკრეტული მიზეზები გააჩნია.

- მაგალითად?

- მაგალითად, ყურის დახშობა გაწმენდისას გოგირდოვანი მასით, რაც, სამწუხაროდ,
ხშირია. ხშირად, ბანაობისას, ჩვილს ყურებში წყალი ჩასდის, რომელიც გოგირდოვან საცობს აფუებს და ყურის დაგუბებასაც იწვევს. ასეთ დროს წყალი ანთების მაპროვოცირებელია. დედების უპასუხისმგებლობა გახლავთ ქარიან ამინდში ჩვილების გარეთ უქუდოდ გასეირნება - სიცივე ყურში არსებულ მიკრობებს პროვოცირებას უწევს, რაც ასევე ანთების მიზეზად შეიძლება მოგვევლინოს. თუმცა, სხვა ორგანული მიზეზებიც არსებობს, რაც პატარებში ყურის ტკივილს იწვევს. მაგალითად, ყელისა (ტონზილიტი) და ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ყბის ან კბილის ტკივილი (ჩვილებში სარძევე კბილების ამოსვლისას); ევსტაქის მილის დახშობა, - ბავშვის ყურს სპეციფიკური აგებულება აქვს, მისი ევსტაქის მილი, რომლითაც ერთმანეთს ყური და ცხვირ-ხახა უკავშირდება, უფრო მოკლე და განიერია, ვიდრე მოზრდილისა, ამიტომ ინფექცია (ჩირქი და ლორწო) ცხვირ-ხახიდან უფრო იოლად ხვდება ყურში. როდესაც ეს მილი ლორწოთია ავსებული, ბაქტერიები მრავლდება, შუა ყურის წნევა იზრდება და პატარას ყურის ტკივილი უცებ, ღამით ეწყება, ზოგჯერ ორივე ყურში ერთდროულად.

- ყურის გოგირდოვანი მასით დახშობა ახსენეთ. ეს როგორ ხდება?

- დედები ცდილობენ, პატარებს ყურები რაც შეიძლება ღრმად გაუწმინდონ, ამ დროს, ამ დონიდან დედა რეალურად გოგირდს კი არ იღებს, არამედ, პირიქით, შიგ ტენის, ჩნდება გოგირდის საცობი, რომელიც, დისკომფორტის გარდა, მიკრობების ბუდედ იქცევა. გოგირდი ყურიდან მხოლოდ იმ დონიდან უნდა ამოვასუფთავოთ, საიდანაც ყურის ხვრელი იწყება, ხვრელში ჩასვლა მხოლოდ ზიანის მომტანია. ამის გამო ზოგიერთი ექიმი დედას ურჩევს, საერთოდ არ იხმაროს ყურის საწმენდი ჩხირები და ბავშვს ყური გამოწმინდოს სუფთა, თხელი ქსოვილით ყურის ხვრელის დასაწყისამდე. ნამდვილად უსაფუძვლოა წუხილი იმაზე, რომ ყური გაუწმენდავი დარჩება - ადამიანის ყველა ორგანოს საოცარი ფუნქცია აქვს მინიჭებული, მათ შორის ყურსაც - იგი მოციმციმე წამწამებით გოგირდს გარეთ თავად გამოდევნის.

- ბევრი ექიმი ამბობს, რომ ყურის საწმენდ ჩხირებს პატარებისთვის ზიანი მოაქვს.

- დიახ. ჩხირების გამოყენების შედ­ეგად ხშირად ღიზიანდება ყურის აპკი, რაც ტკივილს იწვევს. ამ დროს ეს ჩხირი არასტერილური საშუალებაა, რომელიც დაზიანებისას თავის მტვერს ტოვებს ნაკაწრზე და ანთების საფუძველსაც ქმნის.

- ჩვილებს ლაპარაკი არ შეუძლიათ, მაგრამ ბევრი დედა მაინც ხვდება, რომ მის შვილს ყური სტკივა. როგორია ის საერთო ნიშნები, რომელიც ჩვილის ყურის ტკივილს გამოგვაცნობინებს?

- სხვათა შორის, როცა პატარა ჭირვეულობს და ტირის, ხშირად თავადაც იკიდებს ყურზე ხელს და ამით მიგვანიშნებს, რომ ყური სტკივა. ყურის ტკივილის გამოცნობა ჩვილისთვის ყურზე ხელის დადებით დედასაც შეუძლია, - როცა პატარას ყურს ხელით ფრთხილად ვაწვებით და ამ დროს ის ტირილს უმატებს, ესე იგი, ყური სტკივა. პირველი დახმარება კი ასეთ დროს, რასაკვირველია, ტკივილის ჩამაყუჩებელი წვეთებია, მაგრამ მერე პატარა აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ექიმს.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით