ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები
20-03-2017
ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები
თუ გასული საუკუნის დასაწყისში ამბობდნენ, რევოლუციამდელი ბავშვი იმიტომ იყო განუვითარებელი, რომ არ ჰქონდა სათამაშოო, თანამედროვე საქართველოში შეიძლება არაერთმა თქვას, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რადგან მას აქვს სათამაშოო.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" თბილისში შეძენილი 44 სათამაშო გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მათგან 22 დი-2-ეთილჰექსილფტალატით (DEHP) დაბინძურებული აღმოჩნდა. სპეციალისტების მტკიცებით, ეს ნივთიერება ბავშვებში სექსუალური განვითარების პრობლემებს იწვევს, აზიანებს ღვიძლს, თირკმელებს.

ლია თოდუა, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების
ცენტრის, momxmarebeli.ge პროგრამის კოორდინატორი: -
რამდენიმე წელია ვამოწმებთ, რამდენად უვნებელია ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილი სურსათი. სახელმწიფომ ნელ-ნელა დაიწყო წესრიგის დამყარება - შემოიღო სურსათის უვნებლობის ევროპული ნორმები, კონტროლი უფრო გაფართოვდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დროა, არასასურსათო პროდუქტებითაც დავინტერესდეთ. ჩავთვალეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი სათამაშოა, რადგან ის ბავშვების ჯანმრთელობასთან
პირდაპირ კავშირშია. ევროკავშირს აქვს მონაცემთა ბაზა - რაპექსი, რომელშიც აისახება შეტყობინებები, თუკი ევროკავშირის ქვეყნების ბაზარზე როგორც სასურსათო, ასევე არასასურსათო მავნე პროდუქტი აღმოჩნდება. ამ ბაზაში შეტანილი იყო სათამაშოები, რომელთა მსგავსი ჩვენთანაც იყიდება და შევიტყვეთ, რომ ბევრ მათგანში აღმოჩენილ იქნა მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატის ჭარბი რაოდენობა, რაც ბავშვებში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას იწვევს. ამიტომაც ის აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებში.

გადავწყვიტეთ, შეგვემოწმებინა, არის თუ არა ამ ნივთიერების შემცველი სათამაშოები ქართულ ბაზარზე. პირველ რიგში გვჭირდებოდა ლაბორატორია, სათამაშოების შემოწმების აკრედიტაციით. ასეთი გერმანიაში აღმოვაჩინეთ. პირველად 10 თოჯინა ვიყიდეთ 8 ობიექტზე, შემდეგ კიდევ დავამატეთ და ჯამში 44 სათამაშო შევამოწმეთ. მათ შორის 10 ცალი სხვადასხვა აფთიაქში ვიყიდეთ, 34 - მაღაზიებში.

- როგორი დასკვნა მიიღეთ ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ?

- აფთიაქებში შეძენილ სათამაშოებში, ძირითადად, ჭარბობდა ღრძილის მასაჟორიანი სათამაშოები, რომლებიც უვნებელი აღმოჩნდა, მაგრამ
მაღაზიებში შეძენილი 34 სათამაშოში - აბაზანის სათამაშოები, საჭყიპინოები, თოჯინები, მშვილდ-ისარი, თოფი - 22 დაბინძურებული იყო დი-2-ეთილჰექსილფტალატით.

ასე რომ, ბაზარზე იყიდება ისეთი სათამაშოები, რომლებიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის და აკრძალულია ევროკავშირში, მაგრამ არა - საქართველოში. ჩვენ თხოვნით მივმართეთ მაღაზიებს, რომ არ დაეშვათ მავნე ნივთიერების შემცველი პროდუქტის გაყიდვა. გარდა ამისა, მივწერეთ პარლამენტს, მთავრობას, ეკონომიკის, ჯანდაცვის სამინისტროებს, კონკურენციის სააგენტოსა და ომბუდსმენს. ფაქტობრივად ყველამ ერთნაირი პასუხი გაგვცა - ამ ეტაპზე ვერაფერს ვიზამთო! მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა მთავრობას, რომ იქნებ ცოტა ადრე მივიღოთ ამ საკითხზე რეგულაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით (2019 წლის 1-ლი სექტემბერი), ვინაიდან ლაპარაკია ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობაზე.
ასოცირების შეთანხმებაში წერია, რომ ბაზარს მთავრობა უნდა აკონტროლებდეს. ნებისმიერი პროდუქცია შემთხვევითი არჩევის პრინციპით შემოწმებას ექვემდებარება. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს ორგანო, რომელიც გააკონტროლებს სამომხმარებლო ბაზარს.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით