კამა - არა მარტო სურნელოვანი... - კვირის პალიტრა

კამა - არა მარტო სურნელოვანი...

კამა სამკურნალო მცენარეა. ეთერზეთებით მდიდარია როგორც თვით მცენარე, ისე მისი თესლიც. კამა საუკეთესო მადის აღმძვრელია, ხელს უწყობს საკვების სწრაფად და სრულფასოვნად მონელებას, მდიდარია უჯრედისებით და შესანიშნავად წმენდს საჭმლის მონელების ტრაქტს.

სურნელოვანი კამა შეიცავს დიდი რაოდენობით ჩ, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინასა და სხვა მიკროელემენტებს, ამიტომ იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკისათვის. აქვს ბაქტერიციდული (ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში), სპაზმოლიზური (ხსნის გლუვი კუნთების სპაზმებს), სისხლძარღვთა გამაფართოებელი (აადვილებს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში,) ჰიპოტენზიური (ასტიმულირებს შარდის გამოყოფას), ანთების საწინააღმდეგო (აქრობს ყოველგვარ ანთებას), კარდიოტონური (აქვს გულის მატონიზებელი ეფექტი), სედაციური (აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს ნერვებს), ბრონქოლიზური (ზრდის ბრონქიოლებისა და ალვეოლების ზომას, რითაც ხელს უწყობს სუნთქვის რეგულირებას), ამოსახველებელი (ათხელებს ნახველს და გამოდევნის), ნაღველმდენი (ხელს უწყობს მის გამოყოფას), საფაღარათო (აუმჯობესებს პერისტალტიკას, შველის შეკრულობას), აჩქარებს წყლულების, ოპერაციის შემდგომი ჭრილობებისა და ძვლოვანი ქსოვილის შეხორცებას.

კამა სასარგებლოა სტაფილოს წვენთან ერთად - თვალებისთვის, ხსნის გულის ტკივილს კორონალური უკმარისობის დროს, 1ჩ/კ გამხმარი კამა - კრუნჩხვასა და ჭვალს, მუცლის ძლიერ ტკივილს, ამავე რაოდენობის ხმელი კამის დაღეჭვა (არ გადაყლაპოთ) ამშვიდებს ძლიერ ხველებასა და მოხრჩობის შეგრძნებას,  ლაქტოგენური თვისებების (რძის წარმოქმნა) გამო რეკომენდებულია მეძუძური დედებისთვის. კამის წყალს ასმევენ პატარებს ჭვალის მოსახსნელად. კამის თესლის ეთერზეთები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას და ხსნის შებერილობას.

გთავაზობთ ხალხური მედიცინის რეცეპტებს:

უძილობის დროს: 1. 1ს/კ გამხმარი კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ, გაწურეთ, დაამატეთ 1ს/კ თაფლი და დალიეთ.

ზედა სასუნთქი გზების დაავადებისას ეს ნაყენი მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ 2ს/კ, მეტეორიზმის დროს კი 1-2 ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

2. 50 გ კამის თესლს დაასხით 0,5ლ პორტვეინი, 15-20 წუთის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, შეფუთეთ და 1 საათი გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 50 გ ძილის წინ.

3. თავის ტკივილის დროს 1ს/კ ხმელ კამას დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ 1ს/კ ცივი ნაყენი დღეში 5-6-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

4. ჰიპერტონიული დაავადებების დროს მიიღეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე კამის 1ჩ/კ გამხმარი თესლი, დააყოლეთ 1/4 ჭიქა თბილი წყალი და კამის ნახარში (კამის ნახარში ასე მოამზადეთ: 3ს/კ დანაყილ კამას დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 15 წუთი ადუღეთ, გააცივეთ, გადაწურეთ და მდუღარე წყლით თავდაპირველ ოდენობამდე შეავსეთ).