როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი და ლამაზი კბილები? - კვირის პალიტრა

როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი და ლამაზი კბილები?

ჯანსაღი და ლამაზი კბილები ბუნების საჩუქარია, დაზიანებული კი ადამიანს იერს უცვლის და მრავალ პრობლემას უქმნის. რა უნდა გავაკეთოთ ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად? - ამ თემაზე ჩვენს მკითხველებს ექიმი-სტომატოლოგი მედეა დარჩია ესაუბრება:

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კბილების მოვლას და რეგულარულ გახეხვას. ზოგიერთს ძალიან უყვარს ტკბილეული, რომელიც ნამდვილად არ არის კბილებისთვის სასარგებლო. ამიტომ, ვინც ბევრ ტკბილეულს მიირთმევს და კბილებს სათანადოდ არ უვლის, კარიესი უფრო ადრე უვითარდება. შაქარი პირის ღრუში ასტიმულირებს მჟავიანობის მომატებას. მჟავე გარემოში კი იდეალური პირობები იქმნება ბაქტერიების გასამრავლებლად. სასურველია, შევამციროთ პირის ღრუში ტკბილეულის დაყოვნების დროც - მაშინვე უნდა გავიწმინდოთ კბილები ჯაგრისით, ან წყალი მაინც გამოვივლოთ.

ჩვენი ყოველდღიური რაციონი უნდა შეიცავდეს ცილებს, ვიტამინებს, მინერალურ მარილებს და მიკროელემენტებს. მიკროელემენტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმი და ფთორი. ფთორი ხელს უწყობს კბილის მაგარი ქსოვილების მინერალური სტრუქტურის აღდგენას და ზრდის კბილის წინააღმდეგობას კარიესისადმი. ფთორით მდიდარია ზღვის თევზი, ზღვის კომბოსტო, ჩაი... მათი მიღება ორგანიზმს ამ უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტით ამდიდრებს. კალციუმიც მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ის კბილის მაგარი ქსოვილის შემადგენლობაში შედის. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რეგულარულად მივიღოთ კალციუმით მდიდარი საკვები - რძე, ციტრუსები, კივი, გარგარი, პომიდორი, თაფლი, ვაშლის ძმარი, ბროკოლი, ჭარხალი, სალათა, წიწმატი, ბროწეული და ა.შ... კბილების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ცილებიც აუცილებელია.

- როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ვისაც ხშირი წახემსება უყვარს?

- ხშირი წახემსება კბილებს არ უხდება, ვინაიდან საკვების შემადგენლობაში არსებული ნახშირწყლები ხელს უწყობს მიკროორგანიზმების გამრავლებას. წახემსების შემდეგ თუ კბილებს ვერ გავიხეხავთ, პროფილაქტიკისთვის შეგვიძლია საღეჭი რეზინი გამოვიყენოთ, რადგან ღეჭვის პროცესში იწყება ნერწყვის სტიმულაცია და საკვების ნარჩენები ჩამოირეცხება.

- ზოგს კბილის მინანქარი მუქი აქვს, ზოგს - თეთრი და ლამაზი. ეს სხვაობა რით არის განპირობებული?

- კბილის ფერს განაპირობებს მინანქრის ქვეშ არსებული ქსოვილი - დენტინი. ზოგიერთ ადამიანს უფრო თეთრი კბილები აქვს, ზოგს - ნაცრისფერი, ზოგს კი - მოყვითალო. სხვათა შორის, ძალიან თეთრი კბილები სულაც არ არის კარგი, ეს იმის ნიშანია, რომ ორგანიზმს რაღაც აკლია. კბილის ფერის შეცვლას მრავალი მიზეზი აქვს: ის შეიძლება ფერშეცვლილი ამოიჭრას, ხოლო კბილის ფერის შეცვლა მისი ამოჭრის შემდეგ, სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული. მათ შორის უნდა გამოვყოთ საკვები - მუქი ყავა, ჩაი, წითელი ღვინო, მჟავე პროდუქტები, მათ შორის ციტრუსი, სიგარეტი და სხვ... საკვებში შემავალი ნივთიერებები ილექება კბილებში და ადრე თუ გვიან ფერს უცვლის. სერიოზული ფაქტორია კბილის ტრავმა, კბილების უხარისხო მკურნალობა და მათი ცვეთა. ასაკის მატებასთან ერთად კბილების ფერის შეცვლა გარდაუვალია.

- კბილების გათეთრების რა მეთოდები არსებობს და რამდენად ეფექტიანია ისინი?

- არსებობს კბილის გათეთრების ქიმიური და არაქიმიური მეთოდები. არაქიმიურ მეთოდს მიეკუთვნება სკაილინგი და საპრიალებელი პასტით კბილების წმენდა. ასევე - ეარფლოუს აპარატით კბილების ფერის გაღიავება. ქიმიური გათეთრების მეთოდებია: გათეთრება "კაპებით", საოფისე გათეთრება, გათეთრება ლაზერით. კბილების ქიმიური გათეთრება ანუ "ბლიჩინგი" ნიშნავს მინანქრის ქვემოთ არსებული ორგანული კომპონენტების დაჟანგვას ისე, რომ კბილის სტრუქტურას ამით ზიანი არ მიადგეს. სწორი მკურნალობის შემთხვევაში გათეთრება კბილებს არ აზიანებს.

ხათუნა ჩიგოგიძე