"რაც შეიძლება ხშირად გაიღიმეთ!"
17-04-2017
"რაც შეიძლება ხშირად გაიღიმეთ!"
როგორ ავიცილოთ თავიდან გულის იშემიური, ჰიპერტონიული დაავადებები

კარდიოლოგია შეისწავლის გულის იშემიურ, ჰიპერტონიულ დაავადებას, გულის თანდაყოლილ და შეძენილ მანკებს, ცერებროვასკულარულ დაავადებებს და ა.შ. სამწუხაროდ, კარდიოლოგიური დაავადებები სულ უფრო ახალგაზრდავდება, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ჯანდაცვის უმნიშვნელოვანეს მედიკო-სოციალურ პრობლემად აქცევს. გვესაუბრება ექიმი კარდიოლოგი ნინო გორგასლიძე: 

- რა ჩივილებისა და პრობლემების შემთხვევაში უნდა მოგმართონ პაციენტებმა, მეტადრე იმათ, ვინც არ იცის, რომ გულ-სისხლძარღვთა რაიმე დაავადება აქვს?

- უპირველესად, ყურადსაღებია ტკივილი გულმკერდის არეში, რიტმის დარღვევა, ასევე, გონების
დაკარგვის შემთხვევაში ადამიანმა კარდიოლოგსაც უნდა მიმართოს, რათა კარდიოლოგიური პრობლემა გამოირიცხოს. სამწუხაროდ, პაციენტების უმეტესობა გულის პრობლემად თვლის დისკომფორტს ან ტკივილს გულმკერდის მარცხენა მხარეს, მაგრამ რეალურად გულის პრობლემა ვლინდება ტკივილით მკერდის ძვლის უკან, რომელიც ძირითადად, ფიზიკური დატვირთვისას იწყება და მისი შეწყვეტის შემდეგ ტკივილმა უნდა გაიაროს.

- უმეტესწილად
რა დაავადებების გამო მოგმართავენ პაციენტები?

- პროცენტულად ყველაზე დიდი მაჩვენებელი მოდის არტერიულ ჰიპერტენზიაზე და გულის იშემიურ დაავადებაზე, ამ უკანასკნელის დროს დაზიანებულია გულის კორონარული არტერიები, რაც კლინიკურად ტკივილით ვლინდება. არის ბევრი სხვა პათოლოგიაც.

- რაიმე პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება თუ შეიძლება გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების, ან მათი გართულებების თავიდან ასაცილებლად?

- არსებობს რისკ-ფაქტორები, უნდა მოხდეს მათი შეფასება და ამის მიხედვით დაიგეგმოს შესაბამისი კვლევები. თუმცა, გულის დაავადებები უმეტესად მაინც გენეტიკურია, თუ ადამიანს მემკვიდრეობა აქვს დატვირთული, მაშინ ცოტა უფრო ადრეული ასაკიდან ხდება ამის შეფასება. მემკვიდრეობით დატვირთვაში იგულისხმება, რომ პირველი რიგის ნათესავებს უნდა ჰქონდეთ გადატანილი ინფარქტი, სტენოკარდია, ასევე, უეცარი სიკვდილის შემთხვევებს თუ ჰქონია ადგილი. ეს უკვე გულისხმობს, რომ ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფშია. შემდეგ მოდის ქოლესტერინის ცვლის დარღვევა, მწეველობა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და ჭარბი წონა.

- თავად ადამიანი როგორ უნდა გაუფრთხილდეს გულს, სანამ ექიმთან მიმართვის საჭიროება დადგება?

- ცხოვრების ჯანსაღი წესით, ანუ საჭიროა ზომიერი ფიზიკური აქტივობა, უნდა ერიდოს თამბაქოს, ჰქონდეს ნაკლები წონა.

- უეცარი სიკვდილის გამომწვევი ფაქტორები რა შეიძლება იყოს?

- ეს შეიძლება იყოს გამოწვეული იშემიური დაავადებებით, გულის რიტმის დარღვევით.

- წნევის ცვალებადობის დროს რა ზომებს შეიძლება მიმართოს ადამიანმა, სანამ ექიმს მიაკითხავდეს?

- თუ პაციენტმა რამდენჯერმე დააფიქსირა მაღალი წნევა, სასურველია, რომ ათი დღის მანძილზე დილა-საღამოს გაისინჯოს წნევა, ოღონდ აუცილებლად მოსვენებულ მდგომარეობაში, მოდუნებული უნდა იყოს, ეს მონაცემები ჩაიწეროს, შემდეგ ექიმს მიმართოს და ექიმი დამატებით, საჭირო ლაბორატორიულ კვლევებს ჩაუტარებს, შეურჩევს მედიკამენტებს, რაც საკმაოდ რთული პროცესია და ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურია. პარალელურად უნდა მოხდეს ცხოვრების წესის მოდიფიცირება, საკვებში მარილის და ცხიმის შეზღუდვა.

- წნევა სწორად როგორ უნდა გაისინჯოს ადამიანმა?

- წნევის გაზომვისას ფეხები არ უნდა იყოს გადაჯვარედინებული, პაციენტი არ უნდა იყოს წინ გადახრილი, სკამზე უნდა იჯდეს სწორად, ხელი მოდუნებული ედოს, თუ მანამდე ფიზიკურად დატვირთული იყო, 10-15 წუთი უნდა დაისვენოს და შემდეგ გაიზომოს, რადგან წნევის მატება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ 3-4 წუთში უნდა დაუბრუნდეს საწყის მაჩვენებელს.

- ვთქვათ, ადამიანს დაემართა გულის შეტევა და არ იცის, რომ ეს შეტევაა, როგორ უნდა მიხვდეს და ექიმის მოსვლამდე რა უნდა იღონოს?

- შეიძლება მიხვდეს გულის არეში ტკივილით, სუნთქვის გაძნელებით, შესაძლოა, გონებაც დაკარგოს, თუ დიდი და სერიოზული დაზიანებაა, რა თქმა უნდა, სასწრაფო დახმარებას უნდა გამოუძახოს.

გარშემომყოფებმა ჯობია, მშვიდად დააწვინონ, რაც შეიძლება ნაკლები ხალხი იყოს ირგვლივ, თუ გონებას კარგავს, გვერდზე დააწვინონ და თავი უკან გადაუწიონ. სახლის პირობებში მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. ტკივილის კუპირება ძირითადად ხდება ნიტროგლიცერინით და მორფით, რაც, არა მგონია, ვინმეს შინ ჰქონდეს და ამიტომ, ჯობია ექიმმა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა.

- ზოგ ადამიანს პანიკური შეტევა ემართება და ამ დროს ხშირად უჩივის გულს. სანამ ექიმი განსაზღვრავს, ეს ორგანული დაავადებაა თუ ფსიქოსომატური, მანამდე რა უნდა მოიმოქმედოს?

- როგორც გითხარით, გულის ტკივილი ძირითადად ვლინდება ფიზიკური დატვირთვისას, ხოლო პანიკური შეტევები იწყება ემოციებით. ასეთ შემთხვევაში რაიმე დამამშვიდებელი უნდა მიიღოს, თუმცა, ზოგჯერ ისე ღრმავდება ეს შეტევა, რომ პროფესიონალი ექიმის დახმარება ხდება საჭირო.

- რა გარემო ფაქტორებმა შეიძლება იქონიოს ზეგავლენა იმაზე, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებები ან წინაპირობები წარმოიშვას?

- რაიმე კონკრეტული ფაქტორი არ არის დადგენილი, თუმცა, ზოგადად დაბინძურებულმა გარემომ, ისევე, როგორც სხვა დაავადებების შემთხვევაში, შესაძლოა გავლენა იქონიოს.
ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოცემულ შემთხვევაში, გულისხმობს ზომიერ ფიზიკურ აქტივობას, მაგალითად, 20-30 წუთი ფეხით სიარულს, ცხიმისა და მარილის შეზღუდვას. რაიმე განსაკუთრებული დიეტა საჭირო არ არის.

- არსებობს თუ არა გულის ისეთი დაავადებები, რომელთა სრულად განკურნება შესაძლებელია, თუ პაციენტს მთელი სიცოცხლე ექიმის დახმარებით შეუძლია მისი მართვა?

- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უმეტესწილად ქრონიკულია, პაციენტთა უმეტესობას სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა და ხშირ შემთხვევაში - ხანგრძლივი მედიკამენტური თერაპია. თუ პროცესი ძალიან ღრმად წასული არ არის, დაავადების მართვა შესაძლებელია. თუ გულის კუნთი ისე დაზიანდა, რომ ვერც ქირურგიული ჩარევა და ვერც მედიკამენტური თერაპია ვეღარ შველის, მედიკამენტებით მაინც შესაძლებელია მისი ცხოვრების შემსუბუქება და გარკვეულწილად - დაავადების მართვაც.

- ქირურგიული ჩარევით რა დაავადებების განკურნებაა შესაძლებელი?

- გულის სარქვლოვანი პათოლოგიების, იგივე გულის მანკების, რომლებიც კარგად ემორჩილება ქირურგიულ ჩარევას, განსაკუთრებით მაშინ, თუ გულის კუნთი არ არის დაზიანებული, ასევე, ეფექტიანია ეს გზა, როცა გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროებაა და ვერ ხდება შედარებით მარტივი პროცედურებით ამ პრობლემის აღმოფხვრა. ოპერაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, საჭიროა მედიკამენტების ხანგრძლივად მიღება, მაგრამ იმდენად დიდი პრობლემა გვარდება ამით, რომ ნამდვილად ღირს წამლების სმა.

- რას გვირჩევდით?

- სამწუხაროდ, პაციენტები ხშირად ვერ ხვდებიან, თუ რამდენი პრობლემის თავიდან აცილება შეუძლიათ ცხოვრების ჯანსაღი წესით - ზომიერი ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით, რაციონალური კვებით. ამასთან, ყველას ვურჩევდი, რაც შეიძლება ხშირად გაიღიმონ!

- რას ეტყოდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იღებენ ამფეტამინებს, ე. წ. ექსტაზს?

- ეს იწვევს გულის რიტმის სერიოზულ დარღვევას, რომელსაც შეიძლება უეცარი სიკვდილი მოჰყვეს. ჩათვალონ, რომ თვითმკვლელობაზე მიდიან! ძალიან ხშირია ასეთი ახალგაზრდების სიკვდილიანობა. თუ ექიმმა მიუსწრო და პირველი დახმარება გაუწია, ხომ კარგი, მაგრამ ზოგადად, იმდენად სწრაფად იღუპებიან გულის რიტმის დარღვევით, რომ მედიკოსები რეაგირებასაც ვერ ასწრებენ.

ნანა ჩარკვიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით