გაზაფხულის გრიპი - კვირის პალიტრა

გაზაფხულის გრიპი

გაზაფხულის ვირუსებმა საკმაოდ აქტიურად შემოგვიტია. ეს მოსალოდნელიც იყო - როგორც ცნობილია, საგაზაფხულოდ იმუნიტეტი სუსტდება, ვირუსი განსაკუთრებით მოხუცებსა და ბავშვებს ვნებს. წლევანდელ გაზაფხულზე განსაკუთრებით რთული ვირუსები არ აღნიშნულა, თუმცა, გართულებები სეზონურ ვირუსს მაინც ახლავს. ამ თემაზე სასაუბროდ ექიმი მაია კოშაძე მოვიწვიეთ:

- როგორც ცნობილია, ვირუსები ცოცხალი ორგანიზმებია, რომელიც სულ ცვალებადობს. ასე რომ, წელსაც "ნაცნობმა", მაგრამ სახეცვლილმა ვირუსებმა შემოგვიტიეს. ამას თან ამ გაზაფხულზე შედარებით ცივი კლიმატიც ახლავს, რაც ორგანიზმის გადაციებას უწყობს ხელს და ზემო სასუნთქი გზების ბაქტერიებს ააქტიურებს, რაც შემდგომ იწვევს ზემო სასუნთქი გზების ანთებასაც. დაახლოებით 200 ისეთი ვირუსი არსებობს, რომლებიც ასევე გვაავადებს რესპირატორული დაავადებებით და მათ შორის ანთებებით (მაგალითად, ფარინგიტი, ლარინგიტი).

- ალბათ ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებები უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.

- ამ საგაზაფხულოდ მოქმედებს შედარებით მძიმედ მიმდინარე ვირუსებიც, რომელთაც ახლავს თავის, სახსრების, კუნთების, თვალების ტკივილი, ძლიერი სისუსტე და თავბრუსხვევაც. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ გაზაფხული შედარებით ღარიბია ვიტამინებით, რაც ორგანიზმს ისედაც ასუსტებს და იმუნიტეტს უკარგავს. სეზონურ გრიპზე ეჭვის მიტანა შეგვიძლია, თუ პაციენტს დაავადება მწვავედ ეწყება: ცხელებით, კუნთების ან თავის ტკივილით. ბავშვებში შესაძლოა, ახლდეს ღებინებაც.

- ექიმების თქმით, ორგანიზმის მაღალი ტემპერატურა ვირუსისადმი ორგანიზმის ძლიერების ნიშანია.

- ზოგადად, ტემპერატურის მატება, ცხვირიდან გამონადენი თუ ცემინება ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა. ამიტომაც ვეწინააღმდეგებით ექიმები 380 ცელსიუსამდე ორგანიზმის ტემპერატურის აწევისას დამწევი მედიკამენტების მიცემას - უნდა დავაცალოთ ორგანიზმს, იბრძოლოს და თავად "გასცეს პასუხი" ვირუსს. სხვათა შორის, სიცხის დამწევი მედიკამენტების მიღებას მკაცრად დაცული ინტერვალები აქვს - სასურველია, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, პაციენტმა ორგანიზმს ვირუსისთვის წინააღმდეგობის გაწევა აცადოს და სიცხის დამწევი ნორმის მკაცრად დაცვით მიიღოს, სულ მცირე, ექვსსაათიანი ინტერვალით. ბავშვებისთვის განკუთვნილი სიცხის დამწევი მედიკამენტები ჩვილებმა აუცილებლად ვაჟინის სახით უნდა მიიღონ და არა აბის. ნებისმიერი სიცხის დამწევი შედეგს მინიმუმ ნახევარი საათის შემდეგ იძლევა. მინდა, ეს შვილის ავადმყოფობით შეშინებულმა დედებმა გაითვალისწინონ და იმის შიშით, რომ პატარას ტემპერატურა სასწრაფოდ არ დაეწია, მას სხვა, მეორე ჯგუფის სიცხის დამწევი მედიკამენტი არ მისცენ. ტემპერატურის დასაწევად ძალიან კარგ შედეგს იძლევა და თანაც სრულიად უსაფრთხოა ოთახის ტემპერატურის წყლით ხელების დასველება და გულ-მკერდის მიდამოებისა და კიდურების დაზელვა. გარდა ამისა, ვირუსით ჩვილის დასნებოვნების დროს სასურველია პატარის განავალზე დაკვირვება - თხელი, წყლიანი განავალი ჯანმრთელობის გართულებაზე მეტყველებს და ამ დროს ექიმის ჩარევა აუცილებელია!

- წლევანდელი სეზონური ვირუსები უმთავრესად პატარებში რა გართულებით აღინიშნება?

- ანგინით, ყურის ანთებით... განსაკუთრებული სხვა სეზონებთან შედარებით არაფერია. ნებისმიერმა დედამ გრიპისა და ხველებისას პატარა პედიატრს უნდა აჩვენოს, რომელიც ფილტვების მდგომარეობას გააკონტროლებს.

- დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპისა და მათ შორის სეზონურ გრიპთან ბრძოლის ძირითად საშუალებად კვლავ გრიპის საწინააღმდეგო აცრებს მიიჩნევს.

- მეც ასე მივიჩნევ და დავამატებ იმ რჩევას, რასაც ჩვენი მოსახლეობა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ითვალისწინებს და არც პატარებს ასწავლის - აქვს მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილი - შინ უნდა დარჩეს, რათა სხვა ადამიანების დასნებოვნების პროვოკატორი არ გახდეს. პატარებმა და დიდებმაც ხელი აუცილებლად ხშირად უნდა დაიბანონ და, რაც მთავარია, დიდი რაოდენობით უნდა მივიღოთ ბოსტნეული, რომელიც ვიტამინებით ძალზე მდიდარია და რასაც, გაზაფხულზე, ხილით ღარიბ სეზონზე, ჩვენი ბუნება, საბედნიეროდ, გვაწვდის.

ეთერ ერაძე