"სიმსივნე ნულოვან სტადიაზე სრულად განკურნებადია"
24-04-2017
"სიმსივნე ნულოვან სტადიაზე სრულად განკურნებადია"
"არ არის საჭირო ამდენი ფიქრი მავნე თუ სასარგებლო საკვებზე, ვინაიდან არ არსებობს პროდუქტი, რომელიც სიმსივნისგან დააზღვევს ადამიანს და არც ისეთი საკვები, რომელიც სიმსივნეს გარანტირებულად წარმოშობს..."

შესაძლებელია თუ არა დროულად სიმსივნის აღმოჩენა, განკურნებადია თუ არა კიბო ადრეულ სტადიებზე, არსებობს თუ არა გადარჩენის შანსი, ამის შესახებ ონკოლოგი ნათია გაჩეჩილაძე გვესაუბრება:

- ყველაზე რთული და ამავე დროს, იოლი კითხვა: თქვენი თვალსაზრისით, რატომ ჩნდება სიმსივნე?

- მიმაჩნია, რომ სიმსივნე თვითგანადგურების
მექანიზმია. ბუნებამ მრავალი ასეთი მექანიზმი შექმნა, მათ შორის, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი და ა. შ. ამ მექანიზმის ევოლუციური მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ის თაობათა ცვლის განხორციელებისა და შიდასახეობრივი კონკურენციის შემცირებაა.

ბუნება დაინტერესებულია აქტიური რეპროდუქციული ასაკის სუბიექტებით და როგორც კი ეს ასაკი მთავრდება, ირთვება წამმზომი, რომელიც თვითგანადგურების გენეტიკური მექანიზმის რეალიზებას ახდენს.
ამიტომ ავთვისებიანი სიმსივნეების პროცენტი 40 წლის ასაკის შემდეგ იზრდება. მეცნიერულ ენაზე ამას "ფენოპტოზი"- დაპროგრამებული სიკვდილის ჰიპოთეზა ეწოდება.

- მივიდა თუ არა მეცნიერება სიმსივნის წარმოშობასთან დაკავშირებით ერთსულოვან აზრამდე, თუ ეს ერთ-ერთი ჰიპოთეზაა?

- მეცნიერებაში არ შეიძლება არსებობდეს ერთიანი აზრი, იმიტომ, რომ მაშინ ეს მეცნიერება კი არა, რელიგია იქნებოდა. თუმცა დღეისათვის ცნობილი ფაქტები იძლევა იმის საშუალებას, რომ დავასაბუთო აზრი - ეს ფენოპტოზია. შეიძლება ამ აზრს დაეთანხმო ან უარყო, გააკრიტიკო, თუმცა, მისი სრულებით უარყოფა ყველაზე მკაცრ კრიტიკასაც არ შეუძლია.
ამაზე მიუთითებს თუნდაც ის, რომ ონკოგენები - დნმ-ის ფრაგმენტები, რომლებიც ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პროდუქტების კოდირებას ახდენს, სხვა ბიოლოგიურ პროცესებშიც მონაწილეობენ. მათ გარეშე ადამიანის ორგანიზმი თავიდანვე ვერ განვითარდებოდა.

მაშასადამე, კანცეროგენეზის მთელი მექანიზმი ევოლუციამ საგანგებოდ შექმნა. უწინ არსებობდა აზრი, რომ ავთვისებიანი სიმსივნე შემთხვევითი გენეტიკური დარღვევის შედეგია, თუმცა, იმისათვის, რომ უჯრედი ავთვისებიანი გახდეს, მასში ექვსი მუტაცია უნდა განხორციელდეს, რაც ალბათობის თეორიის თვალსაზრისით, შეუძლებელია.

- მაშინ რატომ გვხვდება სიმსივნე ახალგაზრდებში, ბავშვებში?

- გაახალგაზრდავდა მხოლოდ გარკვეული ტიპის სიმსივნე, მაგალითად, საშვილოსნოს ყელის სიმსივნე, იმიტომ, რომ ის პირდაპირ კავშირშია ადამიანის პაპილომის ვირუსთან.

რაკიღა სქესობრივ ცხოვრებას ადამიანები უფრო ადრე იწყებენ, ვიდრე ეს 30-40 წლის წინ ხდებოდა, და ამასთან, ქაოსური კავშირები აქვთ, ბევრი ქალი ინფიცირდება უკვე 17 წლის ასაკიდან. კუჭის, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებისთვის მისი გამოვლენის საშუალო ასაკი დაახლოებით ისეთივე რჩება, როგორიც 20 წლის წინ იყო.

- ადამიანებს ძალიან ეშინიათ სიმსივნის, ამიტომ ბევრი მითი იქმნება, მაგალითად - "კიბო განაწყენებული ხალხის დაავადებაა". შეუძლია თუ არა საქციელს, აზრებს, განწყობას სიმსივნის პროვოცირება?

- საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ჩვენს ორგანიზმს არ ვფლობთ იმდენად, რომ აზრის ძალით გამოვიწვიოთ ანდა ავირიდოთ სიმსივნე. აქ მუშაობს მხოლოდ გენეტიკური კონსტიტუცია და სხვა რიგი ფაქტორებისა.
სიმსივნის პროგნოზირება შესაძლებელია: მაგალითად, თუ წინა თაობაში სიმსივნის შემთხვევები იყო, დიდი ალბათობით, მათ მემკვიდრეებსაც ემუქრებათ. თუმცა, ამავე დროს, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ უწინ ათეროსკლეროზი არ განვითარდება.

- ახდენს თუ არა ზეგავლენას ფსიქოლოგიური განწყობა მკურნალობის შედეგზე? ესეც ხომ პოპულარული მითია, რომ თუკი უკეთესის გჯერა, მაშინ განიკურნები, ხოლო თუ ვერ განიკურნე, ესე იგი ავადმყოფობას დანებდი.

- ქიმიოთერაპიის ჩემეულმა გამოცდილებამ მიჩვენა, რომ თუ ადამიანი იმ სტადიაზეა, როცა პროცესის გენერალიზაცია იწყება, ვერც საკვები, ვერც ცხოვრების წესი და ვერც ფსიქოლოგიური განწყობა, სამწუხაროდ, გარდაუვალ ფინალს ვერ შეცვლის.
რასაკვირველია, მდიდარს შეუძლია ძვირადღირებული მკურნალობის, საუკეთესო მოვლის და რაღაც სიხარულის მინიჭების საშუალება მისცეს თავს, ღარიბი ამდენს ვერ შეძლებს, თუმცა, ფინალი ორივესთვის ერთნაირი იქნება. სტივ ჯობსიც კი ვერ იხსნა თავისმა მილიონებმა აღსასრულისგან.

- კვებასა და მავნე ჩვევებზე რას იტყვით? ხშირად ქვეყნდება კანცეროგენული პროდუქტების სია, წაკითხვაც რომ შეგაშინებს.

- ნიტრიტები, რომლებიც ძეხვეულში აუცილებელ დანამატს წარმოადგენს, ორ-სამჯერ ზრდის კუჭის სიმსივნით დაავადების ალბათობას. ასე რომ, ყოველდღე შებოლილი პროდუქტისა და ძეხვეულის ჭამა უსაფრთხო არ არის. ასეთივე მავნებელია ცხიმში შემწვარი პროდუქტებიც. თუმცა, იმ ადამიანებსაც, ვინც ხორცს არ მიირთმევს, ხშირად ემართებათ კუჭის სიმსივნე გასტრიტების ფონზე. რადგან მცენარეული საკვები არ შეიცავს ბუფერულ ცილებს, რომლებიც ლორწოვანაზე მჟავეების ზემოქმედების ნეიტრალიზებას ახდენს. თუმცა ისინი, ვინც საერთოდ არ იკვებება ბოსტნეულით, ასევე არცთუ იშვიათად ავადდებიან სქელი ნაწლავის სიმსივნით.
გულახდილად გეტყვით: არ არის საჭირო ამდენი ფიქრი მავნე თუ სასარგებლო კვებაზე, ვინაიდან არ არსებობს პროდუქტები, რომლებიც სიმსივნისგან დააზღვევს ადამიანს და არც ისეთი საკვები, რომელთა შედეგადაც სიმსივნე გარანტირებულად წარმოიშობა...
საკმარისია ზომიერება კვებაში და დაბალანსებული რაციონი. სტატისტიკურად ფილტვების სიმსივნე უფრო ხშირად მწეველებს ემართებათ; გამხდარი ადამიანებიც ისევე ხშირად ავადობენ, როგორც ჭარბწონიანები.

- ონკოლოგები ირწმუნებიან, რომ სიმსივნე ადრეულ სტადიებზე განკურნებადია, თუმცა მისი აღმოჩენა ამ დროს საკმაოდ ძნელია. რაში მდგომარეობს სირთულე?

- სრული სიმართლეა. სიმსივნე ნამდვილად იკურნება ადრეულ სტადიებზე. თუ სრულ განკურნებაზე ვსაუბრობთ, მაშინ
სიმსივნე განკურნებადია 100%-ით ნულოვან სტადიაზე (არაინვაზიური სიმსივნე), როცა სიმსივნე სიფრიფანა აპკს წარმოადგენს კანის ან ლორწოვანის ზედაპირული ფენის ფარგლებში. ასეთი აპკის სისქე მილიმეტრზე ნაკლებია. კიბოს პირველ სტადიაზე კი, როცა სიმსივნე სიღრმეში რამდენიმე მილიმეტრით იზრდება, იწყება დისემინაციის პროცესი და სისხლში ჩნდება ცირკულირებადი სიმსივნური უჯრედები. ზოგიერთი მათგანი სისხლიდან ლიმფატიკური კვანძების ქსოვილებში, ღვიძლში, ფილტვებში, ძვლებში, ტვინში ინაცვლებს და იქ ახალ კოლონიებს, მიკრომეტასტაზებს ქმნის. ისინი იმდენად პატარაა, რომ ჩვეულებრივი გამოკვლევით მართლაც რთულია აღმოჩენა. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ პირველ და მეორე სტადიაზე კიბო განკურნებადია, ვგულისხმობთ რემისიას 1 წლიდან 5 წლამდე.

ექიმები კიბოს მკურნალობას ძილის დროს აპირებენ


მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი შემოგვთავაზეს. მათ, სხეულის ტემპერატურის 13-15 გრადუსამდე დაქვეითებით, პაციენტების მოთავსება სურთ ერთგვარ ჰიბერნაციაში (ძილი). მიჩნეულია, რომ ამ მდგომარეობაში სხეულში ყველა პროცესი ჩერდება, ხოლო ვიდრე ორგანიზმი ძილის მდგომარეობაში იქნება, ექიმებს მშვიდად შეეძლებათ კიბოსთან გამკლავება.

ამგვარი თერაპია უფრო ეფექტური და ნაკლებად ტრავმული იქნება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მასობრივი მეტასტაზებისას. იდეის ავტორია ექიმი მარკო დურანტე. ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანებმა გაუძლეს ტემპერატურის ანომალიურ დაქვეითებას. ეს კი მეცნიერებს, მედიკამენტების დახმარებით, ძილის ინიცირების შესაძლებლობის იდეისკენ უბიძგებს. მეტასტაზების შემთხვევაში ქირურგებს არ შეუძლიათ ყველა ახალწარმონაქმნთან გამკლავება. დიდი მოცულობით გამოყენებულმა სხივურმა თერაპიამ კი შეიძლება პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს. ძილის მდგომარეობაში კი (საუბარია მინიმუმ ერთკვირიან ძილზე) კიბოს ზრდა დამუხრუჭდება, ორგანიზმი უკეთ გადაიტანს დასხივებას და პაციენტიც ჯანმრთელი გაიღვიძებს. დაძინების მეთოდი წარმატებით გამოსცადეს თაგვებზე, ადამიანებზე ამ მეთოდის გამოყენებას უახლოეს 5-10 წელიწადში დაიწყებენ.

ნანა ჩარკვიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით