დაავადება, რომელმაც ეპოქაში "ფერი იცვალა"
01-05-2017
დაავადება, რომელმაც ეპოქაში "ფერი იცვალა"
ბოლო წლებში საქართველოში წითელას შემთხვევები გახშირდა. თანაც, ამ დაავადებით მარტო ბავშვები კი არა, მოზრდილებიც ავადდებიან. წითელა ანუ რუბეოლა - მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ინფექციის წყაროა ავადმყოფი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ ეტაპზე. ზოგჯერ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, თან სდევს ბოდვა, ციანოზი, კრუნჩხვები, შესაძლებელია ავადმყოფის სიკვდილიც კი. დიდ საშიშროებას წარმოადგენს წითელას გართულება პნევმონიით. სხვა გართულებებიდან უნდა გამოვყოთ წითელას კრუპის სიმპტომი - მოხრჩობის შეტევა, რომელიც უმეტესად ღამით ვითარდება... რატომ მოიმატა
წითელას შემთხვევებმა? - ამ საკითხზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ცანავა:

- წითელა იმუნიზაციას ძალიან კარგად ექვემდებარება. როგორც კი ბავშვებს თავის დროზე არ ავცრით, მაშინვე იწყება მისი შემთხვევების მატებაც. საქართველოში იმუნიზაციის პროცესი ყოველთვის წარმატებულად ტარდებოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ აირია,
მოხდა ჩავარდნა და ისეთი თაობა წამოვიდა, რომელსაც აცრა არ ჰქონდა გაკეთებული. სწორედ ამ თაობაში იჩინა თავი წითელას შემთხვევებმაც. გასულ წელს და საერთოდ, ბოლო ხანებში მართლაც გახშირდა წითელას შემთხვევები და ეს იმიტომ მოხდა, რომ ვაქცინაციის პროცესში იყო წყვეტა. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ წითელას საწინააღმდეგო აცრა აუცილებელია.

- ბატონო შოთა, ცნობილია, რომ ვინც ერთხელ მოიხდის წითელას, მყარი იმუნიტეტი უმუშავდება...

- მაგრამ ახლა ეს შეიცვალა და ბევრს ასეთი იმუნიტეტი აღარ აქვს. წითელას საწინააღმდეგო აცრ ბავშვობაში საკმარისი აღარ არის და აუცილებელია ხელახალი ვაქცინაცია. თუ ადრე მიჩნეული იყო, რომ ერთხელ აცრა საკმარისი იყო, ახლა ეს საკმარისი აღარ არის. როგორც ჩანს, წითელას ვირუსმა "ფერი იცვალა" და ერთხელ აცრას აღარ ეპუება - ეს ახალი რეალობაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ. ამიტომ უნდა გავაკეთოთ იმუნიზაციის ეროვნული კალენდარი, სადაც ერთჯერადი ვაქცინაცია კი არ იქნება გათვალისწინებული, არამედ ორჯერადი. ეს არის გარანტია იმისა, რომ წითელათი არავინ დაავადდეს.

- წითელა ადრე უფრო მეტად ბავშვებს ემართებოდათ, ახლა კი მოზრდილებშიც გვხვდება. რამ გამოიწვია ეს?

- გეთანხმებით, ეს მართლაც იყო საყმაწვილო სენი, რომელიც მხოლოდ საბავშვო ასაკში ემართებოდათ, ახლა კი უფრო დიდ ასაკშიც იჩენს თავს, უფრო მძიმედ მიმდინარეობს და მძიმე შედეგებითაც სრულდება. მოზარდობის ასაკი ამ მხრივ ყველაზე სახიფათოა: წითელას შემთხვევები გვხვდება 14-დან 28-30 წლის ასაკში, როდესაც ადამიანი ყველაზე აქტიურია და უფრო მეტი რისკი აქვს, რომ დაინფიცირდეს.

- ესე იგი, ყველა რისკის ჯგუფში შედის, ვისაც წითელას საწინააღმდეგო აცრა ორჯერ არა აქვს გაკეთებული?

- დიახ, ყველა მაღალი რისკის ჯგუფში შედის, ვინც მხოლოდ ერთხელ არის აცრილი. წითელა მწვავე ინფექციაა, რომელიც ყველას ჩამოუვლის. ახლა უკვე წითელას ქრონიკულ ფორმებზეა ლაპარაკი და ეს საერთოდ ახალი მოვლენაა. ყველა კლასიკურ სახელმძღვანელოში ნახავთ, რომ წითელა მწვავე ინფექციაა, დღეს კი შეიძლება ვთქვათ, რომ ის ზოგ შემთხვევაში ქრონიკული ინფექციაც არის.

- წითელას გართულება რამდენად საშიშია? ამ მხრივაც ხომ არ შეიცვალა დაავადებამ ბუნება?

- წითელას გართულებები ყოველთვის იყოს ძალიან მძიმე და ახლაც ასეა. ყველაზე საშიში ამ გართულებებს შორის მენინგიტია, თუმცა წითელას გართულების დროს პაციენტის სიკვდილიც არ არის გამორიცხული. საბედნიეროდ, ლეტალური შედეგით დაავადება იშვიათად მთავრდება, უფრო მის მძიმე ფორმებთან გვაქვს საქმე. საბედნიეროდ, დღეს წითელათი ათასობით ადამიანი აღარ იღუპება, როგორც საუკუნეების წინ ხდებოდა. წითელა აღარ არის ისე საშიში ინფექცია, როგორიც ადრე იყო.

- ხალხური ტრადიციის მიხედვით, წითელას "ბატონებს" უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ამ დროს ავადმყოფისთვის ნემსი და წამალი არ შეიძლება. ეს ხელს ხომ არ უშლის ექიმებს მკურნალობაში?

- ამ დაავადებას ქართველები საუკუნეების განმავლობაში მართლაც "ბატონებს­" ეძახდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, მას მართლაც სჭირდება სიმშვიდე და მოფრთხილება. წითელას საწინააღმდეგო მკურნალობა არ არსებობს. გადასხმები, სიმშვიდე და სიწყნარე - ეს არის მთავარი დაავადების დასაძლევად. ორგანიზმმა ინფექცია თვითონ უნდა დასძლიოს. როგორც ჩანს, ჩვენს ხალხში იყო ეს ცოდნა, გამოცდილება და მედიცინაც აღიარებს, რომ წითელას სიმპტომატური მკურნალობა სჭირდება. მისი მკურნალობის განსაკუთრებული მეთოდები არ არსებობს.

- დასასრულ, განკურნების შემდეგ წითელა კანს ხომ არ აზიანებს, ნაწიბურებს და დეფექტებს ხომ არ ტოვებს?

- წითელას გამონაყარი დროებითია, განკურნებისთანავე ქრება და ნაკვალევს არ ტოვებს.

ხათუნა ჩიგოგიძე
ცირა
23 მაისი 2017 08:26
თქვენის აზრით რატომ მოიმატა, რატომ არ გვპასუხობენ ამ კითხვაზე?!. მოიმატა იმიტომ, რომ ლუგარის სახელობის ამერიკული ბაქტეოროლოგიური ლაბორატორიები, , რო ახალ-ახალ ვირუსებს უშვებს მოდელირებით და მერე ვაქცინაციებს გვთავაზობს, რომ რაც შეიძლება მალე ამოგვათავონ.

რედაქტორის რჩევით