"დაგეგმილი ორსულობა აბორტების რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებს"
01-05-2017
"დაგეგმილი ორსულობა აბორტების რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებს"
"როდესაც ქალი ორსულადაა, "არ მინდა, არ შევჭამ, არ მომწონს" - არის მემილიარდე ხარისხოვანი, მთავარია, რა სჭირდება მუცლად მყოფ ნაყოფს იმისათვის, რომ განვითარდეს ნორმალურად, დაიბადოს ჯანმრთელი"

მეან-გინეკოლოგი ესაა ექიმი, რომელიც წყვილს ამქვეყნად ახალი სიცოცხლის მოვლინებაში ეხმარება და ძალიან დიდ სიხარულს განიცდის ჯანმრთელი ახალშობილის დაბადებისას. რას ნიშნავს მზაობა დედობისთვის, პირველად როდის უნდა მიმართოს მოზარდმა გინეკოლოგს, როგორ უნდა შემსუბუქდეს მენოპაუზა, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი თამარ გოდუაძე:

- ნებისმიერმა ადამიანმა წელიწადში ერთხელ
უთუოდ უნდა ჩაიტაროს სკრინინგული კვლევები. სამწუხაროდ, ეს საქართველოში ვერ ხერხდება იმ სოციალური და ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც მოსახლეობის ძირითად ნაწილს აწუხებს. როდესაც გოგონა უკვე იწყებს სქესობრივ მომწიფებას, პედიატრი მოზარდის გადამისამართებას ახდენს გინეკოლოგთან, რათა არ გამორჩეს სქესობრივი განვითარების დროს რაიმე დარღვევის არსებობა. ეს ასაკია ძირითადად 11-13
წლის შუალედი, როდესაც ბავშვი გადადის მოზრდილობის ასაკში. ამ დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, უნდა შეფასდეს შინაგანი სასქესო ორგანოების განვითარება, გოგონას ზოგადი მდგომარეობა, მისი ვიზუალური მხარე და თუ რაიმე დაღვევა იქნება, დროულად იქნეს აღმოფხვრილი.

- რა ასაკიდან არის მიზანშეწონილი სქესობრივი ცხოვრების დაწყება? ალბათ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იზრდება ნაადრევი სექსუალური კავშირების რიცხვი საქართველოში.

- სქესობრივი ცხოვრების დასაწყისს რაც შეეხება, არა როგორც მორალისტი, არამედ როგორც ექიმი, ვიტყვი, რომ სქესობრივი ცხოვრების დასაწყისად ყველაზე სასურველ ასაკად 17-18 წელი ითვლება, რადგან ამ დროს ორგანიზმი ამთავრებს ჩამოყალიბებას, მოზარდობის პერიოდიდან ორგანიზმი გადადის ზრდასრულ პერიოდში და აქ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ჯანსაღი სქესობრივი პარტნიორი და ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება, და არა ვთქვათ, მრავალი პარტნიორის გამოცვლა, რაც ხშირად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დაინფიცირებას და სხვა პრობლემებს იწვევს.

14-15 წლის ასაკში არც ორგანიზმი და არც ფსიქიკა მზად არ არის სქესობრივი ცხოვრების და მით უფრო ორსულობისთვის, და თავს იჩენს უამრავი პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ. ჯერ არ არის დასრულებული ჩონჩხის ჩამოყალიბება. ორსულობის დროს ძალიან ბევრ კალციუმს მოიხმარს ნაყოფი და შესაბამისად, დედის ძვლებიდან მიდის ამის გადინება. ჩამოუყალიბებელი ორგანიზმის შემთხვევაში ორსულობის პროგრესირებასაც ძალიან ბევრი კითხვა უჩნდება, ბევრი პრობლემა ვითარდება ნაყოფის განვითარების მხრივ მშობიარობის პროცესში.

- ახალგაზრდები ხშირად მიმართავენ აბორტსაც არასასურველი ორსულობის შესაწყვეტად. რამდენად დასაშვებია ეს?

- თანამედროვე სამყაროში, როცა ძალიან ბევრი საშუალება არსებობს არასასურველი ორსულობისგან თავდასაცავად, ძალიან უხერხულია მოზარდის აბორტზე საუბარი. ეს არის ინფორმაციის არქონის შედეგი ჯანსაღ სქესობრივ კავშირზე, ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებაზე. მიმაჩნია, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მოზარდებს ჩაუტარდეთ სემინარები ან ლექციები ჯანმრთელი სქესობრივი ცხოვრების წესთან დაკავშირებით: როგორ დაიცვას თავი არასასურველი ორსულობისგან, როგორ უნდა მოხდეს ოჯახის დაგეგმარება, რათა მივიღოთ ჯანმრთელი შთამომავლობა. დაგეგმილი და სასურველი ორსულობა კი აბორტების რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ოჯახის დაგეგმარება იცავს ქალს არასასურველი ორსულობისგან და შესაბამისად, ხელოვნური აბორტისგანაც. ხელოვნური აბორტის შემცირება კი ქალის ჯანმრთელობასაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ამასთან, არავითარი განსხვავება არ არის, უკვე დაბადებულ შვილს მოკლავს ქალი თუ მუცლად მყოფს.

- ამბობენ, რომ პირველი აბორტი ხშირად უშვილობას იწვევს.

- ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უშვილობა შეიძლება განვითარდეს. ყოფილა, რომ სხვადასხვა პათოლოგიის შედეგად თვითნებური აბორტი განვითარებულა. თუმცა, შემდგომ ჩვეულებრივ დამდგარა ნორმალური ორსულობა. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სად და რა პირობებში გაკეთდა აბორტი, მაგრამ ის, რომ ქალი, რომელიც აბორტს იკეთებს, ვეღარ დაორსულდება, ნამდვილად მცდარი მოსაზრებაა. რისკი, რა თქმა უნდა არის, იმისგან გამომდინარე, აბორტის შედეგად იყო თუ არა რაიმე გართულება, როგორი მეთოდით გაკეთდა აბორტი, რა პირობებში და ა.შ.

- როდის არის ქალი მზად დედობისათვის?

- თანამედროვე სამყაროში ძალიან მოდური გახდა გამოთქმა "არ ვარ დედობისთვის მზად", თუმცა, უნარი იმისა, რომ ეს აღიარო, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია შემდგომი სრულფასოვანი დედობისთვის. იმიტომ, რომ არიან ქალები, რომლებიც ვერც კი აცნობიერებენ ამას. სასურველია ქალი დედა გახდეს ზრდასრული, ანუ 18 წლის შემდეგ, როცა უკვე სხვანაირი მენტალობა ყალიბდება, სხვანაირი უნარი აქვს შვილის მიხედვის. გახდე დედა, ნიშნავს საკუთარ თავს უთხრა ბევრ რამეზე უარი და წინა პლანზე შვილის ინტერესი წამოსწიო. როდესაც ქალი ორსულადაა, "არ მინდა, არ შევჭამ, არ მომწონს"- არის მემილიარდე ხარისხოვანი, მთავარია, რა სჭირდება მუცლად მყოფ ნაყოფს იმისათვის, რომ განვითარდეს ნორმალურად, დაიბადოს ჯანმრთელი.

- ორსული ქალები ზოგჯერ უარს არ ამბობენ მავნე ჩვევებზე, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?

- არიან ქალები, რომლებიც ორსულობისას აქტიურად მოიხმარენ თამბაქოს, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვარ, რადგან თამბაქო, ალკოჰოლი, სხვა ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებსაც ზოგი ორსული მიმართავს, სერიოზულად ვნებს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობასაც. ძალიან ბევრ ორსულს უთქვამს, ვეწეოდი, მაგრამ არც პრობლემა არ მქონია და ბავშვიც ჯანმრთელი დაიბადაო... თუმცა, მათი შვილები არამწეველი დედების შვილებისგან განსხვავებით გონებრივად არ არიან სხარტი აზროვნების, მოზრდილ ასაკში კი უკვე უვითარდებათ დარღვევები რესპირატორული სისტემის, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ. ყველა დედამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ორსულობის დროს მათი ცხოვრების წესი მომავალში განსაზღვრავს მისი შთამომავლობის ფიზიკურ, ფსიქიკურ და სულიერ ჯანმრთელობას.

- რამდენად ხშირია საკეისრო კვეთის მოთხოვნა მშობიარე ქალების მხრიდან, ნაცვლად ბუნებრივი მშობიარობისა?

- ბოლო წლებში ეპიდურულმა ანესთეზიამ მნიშვნელოვნად შეამცირა საკეისრო კვეთის რაოდენობის მაჩვენებელი. ბუნებრივი მშობიარობა არის ნაყოფისთვისაც და დედისთვისაც ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე საკეისრო კვეთის ოპერაცია. ამ ანესთეზიით ძალიან კომფორტულად და ბევრად უსაფრთხოდ მიმდინარეობს ქალისთვის მშობიარობა.

- როცა ქალს მენოპაუზა ეწყება, ეს მისი ახალგაზრდობის დასასრულია თუ ახალი ცხოვრებისეული ეტაპის დასაწყისი? და როგორ შეიძლება იმ დისკომფორტის შემსუბუქება, მენოპაუზას რომ ახასიათებს?

- ფსიქოლოგების მოსაზრებით, მენოპაუზის დროს არსებული გართულებები, ესაა თავად ქალის მიდგომა მენოპაუზისადმი. ამ სამყაროში არ არსებობს მუდმივობა. რაღაც მთავრდება და რაღაც იწყება და ამას ადამიანები ღირსეულად უნდა შევხვდეთ. მენოპაუზა ესაა დასასრული მხოლოდ ქალის რეპროდუქციული ფუნქციის, ბუნებრივი პროცესია და არა დაავადება. ის გულისხმობს მენსტრუაციის სრულ გაქრობას და ქალის რეპროდუქციული ფუნქციის შეწყვეტას. ზოგი ქალისთვის ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგს კი ფიზიკური და ფსიქიკური გართულებები ახასიათებს.

მენოპაუზა იწყება მაშინ, როცა ორი სქესობრივი ჰორმონის - ესტროგენის და პროგესტერონის დონე კლებულობს, ძირითადად 42-55 წლამდე, რაც დამოკიდებულია ორგანიზმზე, გენეტიკაზე. ახასიათებს ადვილად გაღიზიანებადობა, პერიოდული წამოხურება, ე. წ. ალები, ემოციური ფონის ცვლილებები, ლიბიდოს დაქვეითება, კანის სიმშრალე, ძილის დარღვევები, გარე სასქესო ორგანოების ქავილი.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დრო გარემოს. გარშემომყოფებმა ხელი უნდა შეუწყონ ქალს, რომ მაქსიმალურად მშვიდი გარემო ჰქონდეს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას. ქალმა აუცილებლად უნდა მიიღოს კალციუმით მდიდარი საკვები, მცენარეული უჯრედისი, დ ვიტამინი - ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ომეგა 3-ის, უწინ თევზის ქონს რომ უწოდებდნენ, მიღება, რომელიც უაღრესად სასარგებლოა: ნივთიერების ნორმალურ ცვლას უწყობს ხელს, კუნთოვანი მასა იზრდება და ცხიმოვანი ქსოვილი მცირდება. ხელს უწყობს ნახშირწყლების ნელა ათვისებას, არეგულირებს არტერიულ წნევას, მცირდება ინსულტის, ინფარქტის წარმოქმნის ალბათობა, ორგანიზმის ამტანიანობას ზრდის. ძალიან კარგია სახის კანის, ფრჩხილებისა და თმისათვის.

ნანა ჩარკვიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით