მეჭეჭი - ვიზუალური დეფექტი თუ ვირუსის კვალი - კვირის პალიტრა

მეჭეჭი - ვიზუალური დეფექტი თუ ვირუსის კვალი

ბევრ ჩვენგანს უგრძნია დისკომფორტი მეჭეჭისაგან, რომელიც კანის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერ ასაკში ჩნდება. ცოტამ თუ იცის, რომ უმეტესი მეჭეჭის მიზეზი პაპილომავირუსია, ამიტომ მისმა თვითმკურნალობამ შესაძლოა ცუდი შედეგი მოგვიტანოს. როგორ ვებრძოლოთ მეჭეჭებს და როდის არის საშიში ის, ამის შესახებ დერმატოლოგი შორენა ვასაძე გვესაუბრება.

- მეჭეჭი ვირუსული ინფექციაა. ეს ვირუსი ორგანიზმში თუნდაც მცირედ დაზიანებული კანიდან ან ლორწოვანი გარსიდან ხვდება, შემდეგ "გაივლის" ეპითელის შრის ქვეშ, ნერვულ ქსოვილში აღმოჩნდება და ორგანიზმს ასნებოვნებს ერთ ან რამდენიმე კერაში. მეჭეჭების ორგანიზმის სხვადასხვა ადგილზე განლაგება მისი ინფექციურობის დასტურია. პაპილომავირუსის 100-მდე სახეობა არსებობს, მეჭეჭიც სხვადასხვა ფორმის გახლავთ. ვირუსით უამრავი ადამიანია დაავადებული, მაგრამ ამის შესახებ თავადაც არ იციან - ვირუსმა შესაძლოა ისე დაიძინოს, რომ არაფერი გვავნოს.

პაპილომავირუსი უშუალო კონტაქტით ვრცელდება, შესაძლოა მისი გადამტანი კანის რქოვანას ქერცლიც იყოს, რომელიც, თუკი მეორე ადამიანის დაზიანებულ კანს შეეხება, იქ "თავის" ვირუსს გაავრცელებს. გადადების უპირველესი ფაქტორი ოფლიანობა და კანის მიკროტრავმებია. სინოტივე შესანიშნავი გარემოა პაპილომის ვირუსისთვის, რომელიც თავის მხრივ მეჭეჭს ქმნის. სინთეტიკური ფეხსაცმელი, ბოტასები იდეალურ პირობას ქმნის ტერფის მეჭეჭისთვის.

ვირუსის გასავრცელებლად ოდნავ დაზიანებული კანიც კმარა იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანის იმუნური სისტემა დასუსტებულია, განიცდის რაიმე სტრესს, ჯანმრთელობა იმ მომენტისთვის შელახული აქვს. მეჭეჭის ზომა და ფორმა დამოკიდებულია მის ადგილმდებარეობასა და ტრავმატიზაციის დონეზე. მეჭეჭი კეთილთვისებიანია. მათი დიამეტრი არ აღემატება ერთ სანტიმეტრს და მკვრივი წარმონაქმნი ხელითაც კი იგრძნობა. ასეთი მეჭეჭი უმეტესად მომრგვალოა, თუმცა გვხვდება უსწორმასწოროც. ფერიც სხვადასხვანაირი აქვს: მოყვითალო, ბაცი ნაცრისფერი, რუხი, მურა-წაბლა. ამ ტიპის მეჭეჭები სხეულის განსხვავებულ უბანზე აღმოცენდება, ყველაზე ხშირად - ხელის თითებზე, იდაყვებზე, თავის კანზე.

- ტერფის მეჭეჭიც არსებობს?

- დიახ. ფეხისგულებზეა განლაგებული. დიდი ზეწოლის გამო ბრტყელდება და კანის გარქოვანებული შრით იფარება. ხშირად ტერფის მეჭეჭები კოჟრებში ეშლებათ და შინაურულად ცდილობენ მის მოშორებას. ამასობაში მეჭეჭიანი ადგილი სულ უფრო მტკივნეული ხდება, რაც შეიძლება დაჩირქდეს და გართულდეს.

- სახეზე, კისერზე, ხშირად ტუჩებზეც გრძელი და წვრილი წარმონაქმნებიც უვნებელ მეჭეჭთა რიგს მიეკუთვნება?

- დიახ. ასეთი მეჭეჭები ხშირად აქვთ პატარებს. მათი მკურნალობა ადვილია. მეჭეჭი სხვა ფორმისაც არსებობს, ზოგი თითქოს კომბოსტოსებურია, ძაფისებრიც - გრძელი და წვრილია და უმეტესად სახეზე, ტუჩებზე, საფეთქლის არეში, კისერზეა განლაგებული, ზოგიერთი ფრჩხილების მიდამოშიც აღმოცენდება და ფრჩხილის ლოკალურ დისტროფიას იწვევს.

- რომელი სახეობის მეჭეჭი შეიძლება გახდეს საშიში ჯანმრთელობისთვის?

- წვეტიანი კონდილომები. ისინი ეპითელიუმის ბირთვში შედიან და კანის ონკოგენეზში მონაწილეობენ, თუმცა, ეს პროცესი ყოველთვის ონკოლოგიური დაავადების განვითარებას არ ნიშნავს. ჩვეულებრივი მეჭეჭები ხშირად 2-3 წელიწადში ქრებიან.

- მეჭეჭებს ხალხური საშუალებებითაც მკურნალობენ.

- ზოგიერთ მცენარეს აქვს ე. წ. მეჭეჭის მოწვის უნარი და ჩვეულებრივი მეჭეჭი ამ დროს შეიძლება მართლაც გაქრეს. თუმცა, ასეთი თვითმკურნალობისას შეიძლება ინფექცია ისე გავრცელდეს, რომ ერთი მეჭეჭისგან ათი მიიღოთ, ან შესაძლოა მეჭეჭი დაჩირქდეს და გართულდეს. ამიტომაც მეჭეჭის მოსაცილებლად აუცილებელია ექიმთან მისვლა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მეჭეჭმა ფერი შეიცვალა. იმავეს ვიტყოდი ხალზეც - ხალის ფერის შეცვლისას ექიმის ჩართვა აუცილებელია. და კიდევ, - ერთი მეჭეჭის მოცილება არ ნიშნავს, რომ ორგანიზმში ეს ვირუსი გაქრა. ამიტომაც მეჭეჭებისაკენ მიდრეკილი ადამიანი ექიმ-იმუნოლოგს უნდა ესტუმროს...

ეთერ ერაძე