"ალერგიის მართვა შესაძლებელია"
15-05-2017
"ალერგიის მართვა შესაძლებელია"
"თუ მომავალ დედას ალერგია აქვს, არ არის აუცილებელი, რომ ეს კვებითი ალერგია იყოს, ფეხმძიმობისას მან ჰიპოალერგენული დიეტა უნდა დაიცვას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრში"

გაზაფხულზე განსაკუთრებით მწვა­ვედ დგება მოსახლეობისთვის სეზონური ალერგიის, განსაკუთრებით, თივის ცხელების, იმავე პოლინოზის პრობლემა. რა არის ალერგია, რა გართულებების გამოწვევა შეუძლია და როგორ უნდა ვიმკურნალოთ, ამ და სხვა საკითხებზე, ექიმი ალერგოლოგი მარიკა გელაშვილი გვესაუბრება.

- ალერგია არის ორგანიზმის გამძაფრებული
რეაქცია ამა თუ იმ ნივთიერების ზემოქმედებაზე. ეს რეაქცია მიმართულია უცხო ნივთიერებისკენ, რომელიც ანტიგენად, ალერგენად იწოდება. პოლინოზი კი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ალერგიული დაავადებაა, რომელსაც სხვაგვარად "თივის ცხელებას" უწოდებენ და რომელიც ყვავილის მტვრით არის გამოწვეული. ძირითადად, პოლინოზი იწყება გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით სრულდება, როცა ყველა მცენარის ყვავილობის პერიოდი მთავრდება.
პოლინოზს ახასიათებს სასუნთქი გზების,
კონიუნქტივის, კანის, ნერვული, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და შინაგანი ორგანოების დაზიანება.

- როგორ ვლინდება პოლინოზი, რა სიმპტომებია მისთვის დამახასიათებელი?

- პოლინოზის გამოვლინებები შეიძლება იყოს ალერგიული რინიტი, ალერგიული დერმატიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი, ასევე ბრონქული ასთმა. რაც შეეხება სიმპტომებს, ისინი შემდეგნაირია: ქავილის, წვის შეგრძნება ცხვირში, გამონადენი ცხვირიდან და გაძნელებული სუნთქვა, თვალების ქავილი და სიწითლე, შეშუპება, ცრემლდენა, სუნთქვის უკმარისობა, ხველა, აგრეთვე ქავილი და გამონაყარი კანზე. დამახასიათებელია შეტევითი ხასიათის ცემინებაც (10-20 დღეში). შესაძლოა, განვითარდეს ცხვირის ანთებითი დაავადებები, ამ ყველაფერს კი, შესაძლოა, თან დაერთოს დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ფილტვის ეოზინოფილური ინფილტრაცია და სხვა. ყველა ეს საკმაოდ საშიშ გართულებებს წარმოადგენს.

- შესაძლებელია თუ არა ალერგიის მართვა და როგორ?

- მას შემდეგ, რაც დადგინდება, თუ რაზეა პირი ალერგიული, შეირჩევა მკურნალობის კურსი. ტარდება ელიმინაციური ღონისძიებები - ალერგენთან კონტაქტის შემცირება ან შეწყვეტა, ეფექტიანია ფარმაკოთერაპია, - ადგილობრივი კორიტიკოსტეროიდები, ბოლო თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები.

არსებობს კიდევ ერთი, ყველაზე უფრო რადიკალური და ეფექტური მეთოდი, რომელიც, თუ რაიმე უკუჩვენება არ არსებობს, სპეციფიკურ დესენსიბილიზაციას გულისხმობს, ანუ გამომწვევი ალერგენის მიმართ სპეციფიკური განურჩევლობის გამომუშავებას. ტოლერანტობა ყვავილის მტვრის მიმართ მიიღწევა ორგანიზმში ალერგენის მზარდი დოზების შეყვანით. სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია აუცილებლად ექიმმა ალერგოლოგმა უნდა ჩაატაროს სპეციალიზებულ ალერგოლოგიურ დაწესებულებაში.

- რა უნდა მოიმოქმედოს ალერგიისკენ მიდრეკილმა ადამიანმა მდგომარეობის შესამსუბუქებლად?

- გამწვავების სეზონზე, ალერგიის პროფილაქტიკის მიზნით, თავი უნდა მოარიდოს დილაობით, ქარიან ამინდში გარეთ გამოსვლას, ქალაქგარეთ გასვლას, იქ, სადაც მოყვავილე მცენარეებია. ასევე, მცენარეულ კოსმეტიკურ და ჰიგიენურ საშუალებებს, საკვები რაციონიდან კი უნდა ამოიღოს ალერგიის გამომწვევი საკვები პროდუქტები.

- კერძოდ, რომელი პროდუქტები?

- კვებითი ალერგიები პირობითად სამ კლასად იყოფა: მაღალალერგიული - ძროხის რძე, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, შოკოლადი, ციტრუსები. საშუალოდ ალერგიული: ღორის ხორცი, ბანანი, ატამი, კარტოფილი, ბარდა და მსუბუქად ალერგიული: ცხვრის ხორცი, კიტრი, ყაბაყი, მწვანე ვაშლი და ა. შ. ამასთან, აღსანიშნავია, კლინიკურად კვებითი ალერგია კვებით მოწამვლას ჰგავს და შესაძლოა გამოვლინდეს კანზე გამონაყარით, კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევით, უფრო იშვიათად – სუნთქვის გაძნელებითა და ანაფილაქსიური შოკით.

- საერთოდ, რისგან ჩნდება ალერგია?

- ალერგიის წარმოქმნას განაპირობებს ორი ფაქტორი: გენეტიკური, რომელიც, ძირითადად, დედის ხაზით გადადის, მათ რიცხვშია პოლინოზიც, და გარე ფაქტორი: ეკოლოგიური ვითარება, საკვებად კონსერვატებიანი პროდუქტების გამოყენება, თამბაქოს მოხმარება და სხვა მავნე ჩვევები, ასევე, მედიკამენტების არაგონივრული მიღება.

- თუ ფეხმძიმე ქალს ალერგია აქვს, შეუძლია თუ არა ორსულობისას დააქვეითოს ბავშვისთვის ალერგიის განვითარების რისკი?

- თუ მომავალ დედას ალერგია აქვს, არ არის აუცილებელი, რომ ეს კვებითი ალერგია იყოს, აუცილებელია ფეხმძიმობისას მან ჰიპოალერგენული დიეტა დაიცვას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრში.
რაციონიდან უნდა გამორიცხოს ალერგიული საკვები პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების - ჰისტამინის გამოტყორცნას ასტიმულირებს, რაც ანთებითი ალერგიული რეაქციის მიზეზს წარმოადგენს. უმჯობესია ორსულმა ქალმა არ მიირთვას, მაგალითად, ქათამი, თევზი, ზღვის პროდუქტები, ციტრუსი, თხილი. ხოლო თუ მთლიანად არ შეუძლია მათი გამორიცხვა, ზედმიწევნით შეამციროს მაინც.

- იკურნება თუ არა ალერგია?

- სამწუხაროდ, ყველა ალერგიული დაავადება არ იკურნება, თუმცა მისი, ისევე როგორც ნებისმიერი ქრონიკული დაავადებების, მართვა შესაძლებელია.

- ჩვენ ძირითადად სეზონურ ალერგიებზე ვისაუბრეთ. არსებობს თუ არა არასეზონური ალერგიები?

- რა თქმა უნდა, არასეზონური შეიძლება იყოს ოთახის მტვერზე, ობზე, ტკიპაზე, ერთი სიტყვით, შიდა ალერგენებზე, რომლებიც, შენობის შიგნით შეიძლება განვითარდეს. ასევე არსებობს მედიკამენტოზური ალერგიები, რომლებიც საკმაოდ ხშირია და მედიკამენტებთან უშუალო კონტაქტის დროს ვითარდება.

- რას ურჩევდით ყველას, როგორც ალერგოლოგი?

- დროულად მიმართონ ექიმს. ძალიან ხშირად პაციენტები გართულებული მდგომარეობით მოდიან. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნისას პირველი და უმნიშვნელოვანესია, პაციენტმა დროულად მიმართოს შესაბამისი დარგის სპეციალისტს, რათა პრობლემის აღმოფხვრა დროულად მოხდეს და გართულებებიც თავიდან იქნეს აცილებული.

ნანა ჩარკვიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით