"ჯადოსნური დიეტა არ არსებობს"
22-05-2017
"ჯადოსნური დიეტა არ არსებობს"
"აქტიურ ადამიანს შეუძლია 1500-2000 კილოკალორიის მიღება შემდეგი ბალანსით: 55 % უნდა მოდიოდეს ნახშირწყლებზე, 15% - ცილებზე, 30 % - ცხიმებზე"

"დიეტა მოძრაობის გარეშე მყარ შედეგეს ვერ გამოიღებს, მხოლოდ დროებითი ეფექტი ექნება"

ჭარბი წონის პრობლემა ბევრი ქალისთვის არის ნაცნობი, ალბათ ამიტომაც გამოხატავენ დაკარგული კილოგრამებით გამოწვეულ სიხარულს მძიმე და მომქანცველი დიეტის დასრულების შემდეგ, თუმცა თვალში ისიც ხვდებათ, რომ კანი მოუდუნდათ. რამდენად მნიშვნელოვანია ბალანსი ყველაფერში, რატომ უნდა ვთქვათ უარი სწრაფ დიეტებზე და როგორ
ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ამ და სხვა საკითხებზე ექიმი–დიეტოლოგი ნინო სადუნაშვილი გვესაუბრება.

- რაც უფრო ადრე გააცნობიერებს ადამიანი, რომ მისი ცხოვრების წესზე, კვებაზე, აზრებსა და განწყობაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, მით უკეთესი იქნება მისი ცხოვრების ხარისხი.

აქტიური ცხოვრების წესი დღეს მოდური გახდა, თუმცა ყველამ
როდი იცის, რომ ფიტნესი, როგორც გამაჯანსაღებელი მეთოდიკა, ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად სწორ კვებასაც გულისხმობს.

დიეტა კი მოძრაობის გარეშე მყარ შედეგს ვერ გამოიღებს, მხოლოდ დროებითი ეფექტი ექნება.

- ანუ ფიზიკური დატვირთვის გარეშე დიეტა შედეგს არ გამოიღებს?

- სწორი კვებისას მნიშვნელოვანია რეგულარული ვარჯიშები. ყოველდღე უნდა გამოინახოს მოძრაობის წყარო, რომელიც შესაძლოა არც იყოს ვარჯიში. მაგალითად, ქუჩაში სეირნობა, კიბეზე ფეხით და არა ლიფტით ასვლა, მოძრაობა ბინაშიც, სამსახურშიც.

- მაინც როგორ უნდა იკვებოს ადამიანმა სწორად, რა პროდუქტებზე უნდა თქვას უარი, რომ ჯანმრთელობას არ ავნოს?

- ჯანმრთელობას ნამდვილად ვნებს მრავალფეროვანი დელიკატესები, რომლებიც დღეს ხელმისაწვდომია და რომლებსაც უწინ მხოლოდ დღესასწაულებზე მიირთმევდნენ. ნაირ-ნაირი საკვებით ცდუნება ზრდის ჭარბწონიანობის მაჩვენებელს როგორც ბავშვებში, ისე უფროსებში. ადამიანებს ზოგადად უჭირთ კვებაში ბალანსის დაცვა.

ჯადოსნური დიეტა არ არსებობს. თავად სიტყვა "დიეტა" ბერძნულიდან ითარგმნება როგორც "ცხოვრების წესი, რომელიც სხვადასხვა კატეგორიისგან ყალიბდება. მედიცინის თვალსაზრისით, დიეტის დანიშვნა ნიშნავს კვებასა და დღის რეჟიმში შეზღუდვის ბალანსის დაცვას. ჯანმრთელი ადამიანისთვის დიეტა ცხოვრების წესი, ყოფითი ჩვევებია.
რაც შეეხება კვების რეჟიმს, გარეგნობისთვის, ასე ვთქვათ, იდეალურია რაციონალური რეჟიმი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სწორი ბალანსით.

აქტიურ ადამიანს შეუძლია 1500-2000 კილოკალორიის მიღება შემდეგი ბალანსით: 55 % უნდა მოდიოდეს ნახშირწყლებზე, 15% - ცილებზე, 30 % - ცხიმებზე. ცილები, თავის მხრივ, ორი მესამედით უნდა იყოს ცხოველური, რძის პროდუქტები, კვერცხი, და ერთი მესამედით მცენარეული, ბურღულეული, სოკო, თხილი.
ცხოველურ ცხიმებს შეიცავს ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ნაღების კარაქი, ძეხვეული. მცენარეულს კი ყველა მცენარეული ცხიმი და თხილეული.

მარტივი ნახშირწყლებია შაქარი, მაღალი ხარისხის ფქვილი, ბრინჯი, მანანის ბურღული, რთული კი ბოსტნეული, პური, ფაფები.
რაკიღა ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველობა საკვებ პროდუქტებში ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა, სასურველი იქნებოდა პოლივიტამინური–მინერალური კომპლექსების მიღება პროფილაქტიკური დოზებით. ამასთან, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა, რომელიც ხელს უწყობს არა მარტო სხეულის მასის შენარჩუნებას, არამედ კოლაგენის კანის სტრუქტურული ცილის გამომუშავებას, რომელიც პასუხისმგებელია მის ელასტიკურობაზე.

- რას ურჩევდით ქალებს, რომლებსაც სწრაფად გახდომა სურთ?

- მე მუდმივი რაციონალური კვებისა და აქტიური მოძრავი რეჟიმის მომხრე ვარ. "სწრაფი" დიეტები კი ცუდად მოქმედებს ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსზე. თუმცა, თუ ადამიანს წონაში სწრაფად დაკლება სურს, მაშინ უნდა შეარჩიოს ნახშირწყლებითა და ცხიმებით დეფიციტური, მაგრამ ცილების შემადგენლობით საკმარისი დიეტა არახანგრძლივი პერიოდით, მაგალითად, 2-3 კვირით, რის შემდეგაც უნდა გაამდიდროს რაციონი.

- დიეტის შედეგით შეიძლება ქალი კმაყოფილი იყოს წონის შემცირების თვალსაზრისით, თუმცა არ აკმაყოფილებდეს კანის მდგომარეობა.

- ეს რომ არ მოხდეს, შესაფერისი პროგრამის შესარჩევად დიეტოლოგს და ამავე დროს, კოსმეტოლოგსაც უნდა მიმართოს. გარდა ამისა, დღეს არსებობს აპარატურული მეთოდიკები, რომლებიც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, თუმცა, თუ კანი მეტისმეტად მოშვებულია, ეს პროცედურები, სამწუხაროდ, უძლურია და აქ უკვე პლასტიკური ქირურგის ჩართვა გახდება საჭირო.

ცხოველური წარმოშობის ცხიმების ნაკლებობა დაბალკალორიულ რაციონებში აუცილებლად აისახება კანზე.
იმუნიტეტის შესუსტებისას ქვეითდება კანის დამცავი ფუნქცია, ზიანდება კანის საფარი, ჩნდება გამონაყარი. გლუვად და ელასტიკურად კანს შემაერთებელი ქსოვილების ცხიმები - კოლაგენი, ელასტინი და კერატინი აქცევს. ამიტომაცაა, რომ ორგანიზმში ცხოველური ცილების მიღების დეფიციტისას ირღვევა კოლაგენის, ელასტინისა და კერატინის სინთეზი, კანი კარგავს ელასტიკურობას და სიგლუვეს. ამასთან, კოლაგენის გამოსამუშავებლად ჩვენთვის აუცილებელია ისეთი მიკროელემენტები, როგორიცაა რკინა, სპილენძი, თუთია. მათი ნაკლებობა კვების რაციონში იწვევს კანის სიმშრალეს, გამონაყარს, პიგმენტაციის დარღვევას.

ნანა ჩარკვიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით