ჩაი სილამაზის სამსახურში - კვირის პალიტრა

ჩაი სილამაზის სამსახურში

დაბინძურებული ატმოსფერო, ქარი, სიცივე, წვიმა, მზის სხივები, ოფისებში კონდიციონერები და ბევრი სხვა მავნე ფაქტორი მოქმედებს სახის კანზე, ამიტომაც

საჭიროებს მუდმივად მოვლას. კანს საუცხოოდ ატენიანებს და წმენდს ჩაის კოსმეტიკა. ვისაც ცხიმიანი, ფორებიანი, მოშვებული, გაღიზიანებული და მუწუკებიანი სახის კანი აქვს, ლოსიონს უნდა დაამატოს მაგარი მწვანე ჩაი (1/4 ჩაი და 3/4 ლოსიონი), რომელიც შეიცავს ბევრ მთრიმლავ, მადეზინფიცირებელ ნივთიერებას.

ხოლო, დილით სახის მწვანე ჩაის ყინულით გაწმენდა კანს აახალგაზრდავებს და ამკვრივებს, გარდა ამისა, ასტიმულირებს ძარღვებში სისხლის მიმოქცევას. მოქმედების გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩ/კ მარილი ან 1 ჩ/კ ნატურალური ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი.

ჩაიში ბევრი ვიტამინია, განსაკუთრებით ბევრია - P, C და B ჯგუფის. ამიტომაც კოსმეტოლოგები გვირჩევენ, თმაზე გადაივლოთ ნატურალური, ოჯახში მომზადებული "ბალზამი" - ჩაი.

მუქი ფერის ცხიმიან თმაზე თუ გადაივლებთ თბილ, მაგარ შავ ჩაის, შეამცირებს თმისა და თავის ცხიმიანობას. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რითაც ხელს უწყობს თმის ზრდას.

ჩაის წყალობით თმა ხდება აბრეშუმისებრი, ქრება თავის კანზე ანთებითი და ალერგიული პროცესები. დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, კვებავს თმას ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

თვალების შეშუპებას, სიწითლეს, დაღლილობას (მით უმეტეს, კომპიუტერთან დიდხანს მუშაობის შემდეგ) შველის, თუ ყოველდღე, ძილის წინ თვალებზე დაიფენთ მაგარ მწვანე ჩაიში დასველებულ საფენებს. შეიძლება მდუღარე წყალი დაასხათ 2 ჩაის პაკეტს, გააჩერეთ 2-3 წუთი, გაწურეთ და თბილი (არა ცხელი) დაიდეთ თვალებზე.

გთავაზობთ ჩაის რეცეპტებს:

- თუ სახის კანი მუდმივად გაწითლებულია და კაპილარები ჩანს, სახე გაიწმინდეთ ლოსიონით და დაიფინეთ მაგარ ჩაიში დასველებული, კარგად გაწურული საფენები. ნიღაბი გაიჩერეთ 15-20 წუთი.

- ცხიმიანი კანისთვის: 1/2 ჩ/ჭ მაგარ მწვანე ჩაის დაამატეთ 3 ნაჭერი ლიმონი, დაახურეთ თავზე და 30-40 წუთის შემდეგ გადაწურეთ, გაფილტრეთ, ჩაის დაამატეთ 2 ს/კ არაყი და ამ ლოსიონით გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს.

- აბაზანისთვის: 4 ჩ/კ შავ ჩაის დაასხით 0,5 ლ მდუღარე, გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ და ჩაასხით აბაზანაში. ამ აბაზანების შემდეგ თქვენი კანი მიიღებს ოქროსფერს.