ალერგია, შესაძლოა, ვერაგი გართულების მიზეზი გახდეს - კვირის პალიტრა

ალერგია, შესაძლოა, ვერაგი გართულების მიზეზი გახდეს

2050 წელს მსოფლიო მოსახლეობის 50% ალერგიით იქნება შეპყრობილი

ალერგიული დაავადებები გაზაფხულზე, განსაკუთრებით კი მაისში აქტიურდება. წლის ამ დროს ბევრი მცენარე ყვავის და ჰაერში ალერგენების მოხვედრის შემდეგ ზოგს თვალის ქავილი აწუხებს, ზოგს ხველა და ზოგსაც ცხვირცემინება. ალერგია ზოგს მეტად უწყინარი დაავადება ჰგონია, თუმცა მისი სიმპტომების გაუთვალისწინებლობა, შესაძლოა ისეთი ვერაგი დაავადების მიზეზი გახდეს, როგორიც ასთმაა. სხვათა შორის, ექიმების ვარაუდით, 2050 წელს მსოფლიო მოსახლეობის 50% ალერგიით იქნება შეპყრობილი.

რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძე (პედიატრიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილების გამგე): - ალერგია უძველესი პრობლემაა. თვით სახელწოდებას 2006 წელს 100 წელიწადი შეუსრულდა. წლიდან წლამდე მისი აქტუალობა მატულობს. ამას საფუძვლიანი ახსნა აქვს. ალერგია მემკვიდრული წინასწარგანწყობის დაავადებაა და გენი, რომელსაც მეხსიერებაში აქვს მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ალერგენის მიმართ, თაობიდან თაობას გადაეცემა.

ის კი არ ითრგუნება, პირიქით, ყოველ მომდევნო თაობაში ძლიერდება, იმატებს მისი გამოვლენის ინტენსივობა. მაგალითად, დედას შესაძლოა პერიოდულად, მხოლოდ სარეცხ ფხვნილზე ჰქონდეს გამონაყარი, მის შვილს ჩამოუყალიბდეს ალერგიული რინიტი, შვილიშვილს კი მძიმე ასთმა. თუ ბავშვი ალერგიულ დატვირთვას ორივე მშობლისგან მიიღებს, მაშინ უფრო ადრეულ ასაკში ვლინდება ეს დაავადება, ზოგჯერ დაბადებისთანავე. აშკარაა, რომ მოსახლეობაში ყოველ წელს ალერგიულთა რიცხვი იზრდება. თუმცა ეს არ არის ის დაავადება, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვლინდეს. ანუ გენეტიკური წინასწარგანწყობა, შესაძლოა, არსებობდეს, მაგრამ ადამიანს ალერგია არ ჰქონდეს.

უსათუოდ არის გასათვალისწინებელი გარემო ფაქტორების ზემოქმედება. ალერგიის ჩამოყალიბებაზე არასოდეს მოქმედებს მხოლოდ ერთი გარემო ფაქტორი. მასზე ზეგავლენას ახდენს ფაქტორთა ერთობლიობა. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ალერგიას მულტიფაქტორულ დაავადებას.

- კერძოდ, რა ფაქტორები მოქმედებს ალერგიის ჩამოყალიბებაზე?

- ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ეს არის მემკვიდრული წინასწარგანწყობა ანუ ატოპია. მაგალითად, როცა ალერგიისადმი წინასწარგანწყობა არსებობს და ბავშვი ადრეულ ასაკში გადაყვანილია ხელოვნურ კვებაზე. ყველაზე ეფექტიანი პრევენცია, მემკვიდრული ფაქტორით გამოწვეული ალერგიისადმი წინასწარგანწყობის თავიდან ასაცილებლად, არის ბუნებრივი კვება. თუ დედას, მამას ან ბავშვის სისხლით ნათესავებს აქვთ ასთმა, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება ან სხვა ალერგიული პათოლოგია, უმჯობესია თავი დავიცვათ და ბავშვი ხელოვნურ საკვებს ავარიდოთ. ყველგან, სადაც მედიცინა მაღალ პრევენციულ დონეზე დგას, ბავშვს დაბადებიდანვე ეძლევა გენეტიკური პასპორტი.

ჭიპლარისმიერი სისხლიდან აღებული სისხლით განისაზღვრება გენეტიკური ფაქტორები და პირდაპირ არის მითითებული, ბავშვი დაიბადა თუ არა ალერგიით. ანუ მონიტორინგი იწყება უკვე ახალშობილობის პერიოდიდან. თუ გაირკვა, რომ ბავშვს დედის ან მამისგან უკვე მიღებული აქვს ალერგიისადმი განწყობა, მაშინ მშობელს აფრთხილებენ, როგორ მოიქცეს. ერთ წლამდე ბავშვი ექსკლუზიურად უნდა იკვებოს დედის რძით და არა ადაპტირებული ნარევებით. პირველი ალერგენი არის ძროხის რძის ცილა, ამიტომაც ადამიანებს ალერგია ყველაზე ხშირად ძროხის რძეზე აქვთ, რაც, შესაძლოა, წარბისა და თავის მიდამოში წარმოქმნილი ქერქით, წვრილ-წვრილი გამონაყარით გამოვლინდეს. თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, მოსალოდნელია ალერგიზაციის მომატება.

ამ დროს შესაძლოა ბავშვს მშობლისგან მიღებული ჰქონდეს ე.წ. გაზაფხულის, ანუ მცენარეული მტვრის ალერგია. გაზაფხულზე ძროხის რძის ალერგიას ემატება გაზაფხულის ალერგენი, ხოლო თუ შინ ხალიჩა აქვთ, შესაძლოა ამას მტვრისმიერი ალერგიაც დაერთოს... ადრეულ ასაკშივე გარემო ფაქტორთა ერთობლიობა ხელს უწყობს ალერგიის ჩამოყალიბებას. იწყება გაუთავებელი ხველა, ცემინება, გახანგრძლივებული ბრონქიტები, ზოგ შემთხვევაში ამას ემატება არაპროფესიონალურად დანიშნული, არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია ანუ ექიმის მიერ ანტიბიოტიკის დანიშვნა პირველსავე წამოხველებაზე.

ზოგჯერ, გამოუცდელობის თუ თავდაცვის მიზნით, ექიმი ძალიან ადრეულ ეტაპზე, ვირუსული ინფექციების დროს ნიშნავს ანტიბიოტიკს, ან დედა მეზობლის რჩევით ასმევს ბავშვს წამალს. ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი, ბავშვთა ეგზემა, კვინკეს შეშუპება, პოლინოზი, აკადემიური ჩამორჩენა, თავის ტკივილი, ჰიპოქსია და ზოგადად ალერგიული რინიტები ამ ფაქტორთა ერთობლიობით წარმოიქმნება.

- მაინცდამაინც გაზაფხულზე რატომ იჩენს თავს ალერგია?

- გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, ხდება ჰაერის გაჯერება ალერგენებით. გაგიგიათ ალბათ, რომ ამ დროს ხშირია ალერგია ამბროზიის, ფოთლოვანი მცენარეების, შერეული ბალახების მიმართ. კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ალერგენთან პირველი შეხვედრისას ალერგია არ ვითარდება, ალერგიულ რეაქციას იწვევს ორგანიზმში ანტისხეულების დონის მომატება.

ზოგადად პათოლოგიებს ახასიათებს სეზონურობა. მაგალითად, ვირუსული ინფექციები ზამთარშია მომრავლებული. ალერგიულ ბავშვში ვირუსის გადატანის შემდეგ აუცილებლად იღვიძებს ალერგია. როცა ვირუსთან ბრძოლის შემდეგ იმუნიტეტი დაქვეითებულია, იწყება ალერგიული ხველა, რაც ზოგჯერ ვირუსის გართულებად მიიჩნევა.

ალერგიის პრობლემებზე მსოფლიოს ბევრი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია მუშაობს. გვაქვს ძალიან კარგი პრაქტიკული რეკომენდაციები კლინიკური გაიდლაინების სახით, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. ეს ორგანიზაციები მოგვიწოდებენ, რომ უპირველესი და მთავარია ალერგიის შესახებ პაციენტის განათლება. ეს ეფექტიანი მკურნალობისთვის შესანიშნავი დამხმარე მეთოდია. პაციენტმა უნდა იცოდეს, რა არის ასთმა და რა იწვევს მას. თუ ადამიანს ცხოველის ბეწვზე აქვს ალერგია, კატა და ძაღლი რომ არ უნდა ჰყავდეს შინ, ეს ხომ ძალიან მარტივია.

დღეს გვაქვს შესაძლებლობა,  დავადგინოთ, კონკრეტულად რის მიმართ არის ადამიანი ალერგიული და ამის შემდეგ ამოვიღოთ მოხმარებიდან, ან მოვერიდოთ ალერგენებს. დედამ აუცილებლად უნდა თქვას უარი ბავშვის თვითმკურნალობაზე. ერთი შეხედვით უწყინარი ვიტამინების მიცემაც კი, შესაძლოა, ალერგიის მიზეზი გახდეს.

სიმპტომების იგნორირება ალერგიას კი არ ჩააცხრობს, არამედ  გაამძაფრებს. ალერგია ქრონიკული, მორეციდივე დაავადებაა და დაბეჯითებით ვერ იტყვი, განიკურნება თუ არა. ეს არის მართვადი დაავადება. ამიტომ, თუ სწორად ვმართავთ, ამ დაავადების მქონე ადამიანი შეიძლება ისე გახდეს ასი წლის, რომ რეციდივი არ დაემართოს.