დაავადება, რომელსაც "სულის სატანჯველი" უწოდეს
29-05-2017
დაავადება, რომელსაც "სულის სატანჯველი" უწოდეს
"ცხოვრების აზრის დაკარგვა თამაშობს კრიტიკულ როლს ნევროზის ეტიოლოგიაში. საბოლოო ჯამში, ნევროზი უნდა გავიგოთ, როგორც "სულის სატანჯველი", - წერდა ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი კარლ იუნგი. თანამედროვე მსოფლიოში ნევროზის შემთხვევები ძალიან გახშირებულია. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს - ჩვენში ნევროზით უამრავი ადამიანი იტანჯება. ამ უსიამოვნო დაავადების სიმპტომებსა და მკურნალობაზე ექიმი-ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილი­ გვიამბობს:

- ნევროზს უწოდებენ ფსიქოგენური დარღვევებით მიმდინარე დაავადებათა ჯგუფს, რომლის მიზეზები შეიძლება იყოს გენეტიკურად განპირობებული ან ფსიქიკური ტრავმა. როდესაც ადამიანი ნაკლებად სტრესგამძლეა, ნევროზი
მოსალოდნელია დაემართოს როგორც ბავშვობაში, ასევე მოზრდილობის ასაკშიც. ნევროზის ძირითადი სიმპტომებია: უმოქმედობა, უგუნებობა, უიმედობა... დაავადება სხვადასხვა ფორმითაც ვლინდება. შეიძლება ადამიანს სტკიოდეს გული, თავი, მუცელი ან სხვა ორგანოები, მაგრამ არც ერთი დაზიანებული არ ჰქონდეს. ეს ჰიპოქონდრიული ნევროზის გამოვლინებაა. ნევროზის დროს ადამიანს შეიძლება აწუხებდეს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, დისტონია,
თავბრუსხვევა, უმადობა, ან პირიქით, მადის მომატება, შიშები, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზედმეტი ზრუნვა, ფობიები. ამ დროს თვითშეფასება ძალიან მომატებულია, ან, პირიქით, დაქვეითებული. დაავადება შეიძლება ჩამოყალიბდეს ნევრასტენიის, ისტერიული ნევროზის ან ნევროზული დეპრესიის ფორმითაც.

- უფრო ხშირად რა ასაკში იჩენს თავს ეს დაავადება?

- ნევროზი ძირითადად 25-45 წლის ასაკში ვლინდება, მისი 2/3 ქალებზე მოდის. მუდმივი სტრესი და არასასურველ, ძალადობრივ გარემოში ცხოვრება ან მუშაობა მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ნევროზის დროს ძალიან ბევრს უჩნდება მგზავრობის და ქუჩაში გამოსვლის შიში. დაავადებისთვის დამახასიათებელია თვითიზოლაცია, ადამიანს არა აქვს მუშაობის სურვილი. უმოძრაობა კი დეპრესიული ნევროზისთვის არის დამახასიათებელი. ნევროზის დროს ადამიანს შეიძლება ჰქონდეს აკვიატებული მოძრაობები - თავის ქნევა, პაციენტი თითქოს წარამარა რაღაცას ისწორებს, ზოგჯერ თმას იწიწკნის. შეიძლება გონებას კარგავდეს, რაც ისტერიული ნევროზის შორს წასულ ფორმას ახასიათებს.

- რა განასხვავებს ნევროზს ფსიქიკური დაავადებისაგან?

- ნევროზის დროს ადამიანი კრიტიკულად უდგება სიმპტომებს, რომელიც აწუხებს. გრძნობს, რომ ეს არ არის სწორი, ფსიქიკური დაავადების დროს კი რეალობას მოწყვეტილია და თვითკრიტიკის უნარი არა აქვს. ხშირად ნევროზი ადამიანის შესაძლებლობებსა და მოთხოვნილებებს შორის შეუსაბამობის შედეგად ყალიბდება. საკუთარი თავი ან გარემო ადამიანისაგან ითხოვს შესაძლებელზე მეტს. ზოგჯერ ჩვენც არარეალურ მოთხოვნებს ვუყენებთ საკუთარ თავს - ზედიზედ გავათენოთ რამდენიმე ღამე, არ დავისვენოთ, გონებრივადაც ვიშრომოთ და ფიზიკურადაც. თუ ეს ყველაფერი სისტემატური ხასიათისაა, შეიძლება გადაძაბვამ ნევროზული მდგომარეობა გამოიწვიოს.

- როგორ უნდა დაძლიოს ადამიანმა ეს რთული და დამთრგუნველი დაავადება?

- სჯობს, ნევროზი საერთოდ არ დაგვემართოს და ეს პრევენციის გზით მოვახერხოთ. პრევენციულ ღონისძიებებში ვგულისხმობ ცხოვრების ჯანსაღ წესს. სასურველია, ადამიანმა თავი აარიდოს სტრესულ ფაქტორებს და პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ექიმს. ექიმი განსაზღვრავს, სჭირდება მას მედიკამენტური მკურნალობა თუ არა, ან ვინ უნდა უმკურნალოს - ფსიქოლოგმა, ფსიქოთერაპევტმა, ნევროპათოლოგმა თუ ფსიქიატრმა. ასევე უნდა შემოწმდეს შინაგანი ორგანოების მდგომარეობაც და დადგინდეს, რომ ეს სიმპტომები მძიმე სომატური დაავადებებისგან არ არის გამოწვეული. საუკეთესოა მედიკამენტური ჩარევა და ფსიქოთერაპიული სეანსები, მკურნალობის ფორმა და მეთოდიკა დამოკიდებულია ნევროზის სიმძიმესა და ადამიანის ხასიათზე. ნევროზი იოლად ემორჩილება მკურნალობას, მაგრამ ამ დროს სისტემური მიდგომაა საჭირო. ასეთ პაციენტებზე ძალიან კარგად მოქმედებს ფიზიკური ვარჯიში და სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა, სეირნობა... ნევროზის მკურნალობას აიოლებს ოჯახური ფსიქოთერაპია, მშვიდი გარემო, სწორად შერჩეული შრომისა და დასვენების რეჟიმი, დიეტა, წყლის პროცედურები ანუ ცხოვრების ჯანსაღი წესი. ბოლოს კი ვიტყოდი, რომ ნებისმიერი დაავადების განკურნების გასაღები ჩვენს ფსიქიკაში დევს. პაციენტმა თავისი შინაგანი ენერგიის მობილიზება უნდა შეძლოს და ექიმს მაქსიმალურად დაეხმაროს მკურნალობის პროცესში.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით