რატომ გვაწუხებს ოფლიანობა
05-06-2017
რატომ გვაწუხებს ოფლიანობა
ძალიან ბევრი უჩივის­ ჭარბოფლიანობას - ჰიპერჰიდროზს, რომლის გამომწვევი მიზეზი არა­ერთია. მასთან საბრძოლველად მედიცინასაც არაერთი მეთოდის შემუშავება მოუხდა. პრობლემის არსსა და გამოსავალზე ექიმი ლიანა გარაყანიძე გვესაუბრება:

- ადამიანი დღე-ღამეში დაახლოებით ნახევარ ლიტრ ოფლს გამოყოფს, მაგრამ თუკი ზომიერი ტემპერატურისას ორგანიზმი იმდენ ოფლს გამოყოფს, რომ აწუხებს, ეს უკვე ჰიპერჰიდროზია. ასევე, თუ ბავშვი მოსვენებულ მდგომარეობაში ისე ოფლიანობს, რომ ეს მისთვის შემაწუხებელია, ჭარბოფლიანობასთან გვაქვს საქმე. ოფლიანობა ბავშვებში ხშირია, ვინაიდან საოფლე ჯირკვლების ჩამოყალიბება 4-5 წლის ასაკამდე
არ სრულდება; ყველა შემთხვევაში, უხვად გამოხატული ოფლიანობა ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე გვაფრთხილებს. ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ამ დროს ოფლთან ერთად ბავშვი სითხესაც კარგავს - აქტიური ოფლიანობისას 5-კილოგრამიანი ბავშვი ოფლთან ერთად თითქმის 200 მლ წყალს გამოყოფს.
ჭარბოფლიანობა ორი სახის შეიძლება იყოს - გენერალიზებული და ლოკალური. პირველ შემთხვევაში
ჭარბი ოფლი სხეულის მთელ ზედაპირზე გამოიყოფა, მეორე შემთხვევაში კი ძირითადად ხელის, ფეხისგულებსა და იღლიის არეში. ასეთი სახის ოფლიანობა შესაძლოა მემკვიდრეობით იყოს გამოწვეული, ან ჰიგიენის დარღვევით.

- ხშირად უფროსებიცა და ბავშვებიც ემოციების მოჭარბებისასაც ოფლიანდებიან.

- თუ პატარა მთელი ღამის განმავლობაში სახისა და კეფის არეში ოფლიანდება, თან ოფლს მომჟავო სუნი აქვს, ეს უკვე რაქიტის მანიშნებელია. ნერვული სისტემის დაავადებების დროს ოფლიანდება სახე, ხელები, ზოგჯერ ერთი ხელისგულიც კი. ოფლიანობა სხეულის სხვადასხვა ნაწილში მკვეთრად არის დაკავშირებული ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოშლასთან. ემოციური ფაქტორები განსაკუთრებით ხელისგულების ოფლიანობასთან არის დაკავშირებული. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანებს, რომელთაც ხელისგულები უოფლიანდებათ ამა თუ იმ შემთხვევისას, რაიმე კომპლექსი აწუხებთ, რისი მოშორებაც ფსიქოლოგების დახმარებით იოლად შეიძლება. მემკვიდრეობით ოფლიანობაში კი, ცხადია, მთელი ორგანიზმი ერთვება.
ოფლიანობა გარდატეხის ასაკში იმატებს, რაც ჰორმონების ცვლილებებს უკავშირდება. თუმცა, ეს მოვლენა გარდატეხის პერიოდთან ერთად გაივლის. ღამის აპნოე არის პროცესი, როცა ძილისას სასუნთქი ორგანოები ორგანიზმს დაახლოებით 10 წამის განმავლობაში ჰაერს ვეღარ აწოდებენ და ადამიანი ოფლში დასველებული იღვიძებს... თუმცა, ეს პროცესი მალე გადის. ამ პრობლემაზე საკვების გავლენის უმარტივესი ასახვა სიმსუქნეა - ჭარბ­წონიანები უფრო ოფლიანდებიან, ვიდრე ნორმალური წონისანი. ამასთანავე ცხიმების მაღალი კონცენტრაციის, ცხარე, მლაშე და კოფეინიანი საკვებიც ხელს უწყობს ოფლიანობის მომატებას.

- ოფლიანობასთან დაკავშირებულ ორგანულ დაავადებაზე რას იტყოდით?

- ზოგიერთი დაავადება დაკავშირებულია ოფლიანობასთან. მაგალითად, შინაგანი ორგანოების დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, პარკინსონი, ტუბერკულოზი. თუმცა, მათ მკურნალობასთან ერთად ოფლიანობაც წყდება. ოფლიანობა ასევე დაკავშირებულია კლიმაქტერიულ პერიოდთან.

- ოფლიანობის მძიმე შემთხვევები თუ არსებობს?

- არის შემთხვევები, როცა ადამიანს ხელის ჩამორთმევაც კი ერიდება ოფლიანი ხელისგულების გამო. ზოგიერთი პაციენტი ღია ფერის სამოსსაც ვერ იცვამს, რადგანაც რამდენიმე წუთში უსველდება. თუმცა, ოფლიანობის მკურნალობა შესაძლებელია, მათ შორის, ქირურგიული მეთოდებითაც.

ცალკეული ორგანოების ოფლიანობისას ძალზე ეფექტურად გამოიყენება მეთოდი, რომლის დროსაც სხეულის ამ ნაწილში შეჰყავთ უვნებელი ნივთიერება, რომელიც დამუშავებულ ზონაში დროებით აჩერებს საოფლე ჯირკვლების ფუნქციებს. ეფექტი ხანგრძლივობას 6 თვიდან 18 თვემდე ინარჩუნებს. არსებობს ე.წ. სიმპატექტომიის, ქირურგიული მეთოდიც. 20-25-წუთიან ოპერაციას პაციენტთა 98%-ში აქვს სამუდამო შედეგი.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით