უცნაური მიუნჰაუზენის სინდრომი...
12-06-2017
უცნაური მიუნჰაუზენის სინდრომი...
მიუნჰაუზენის სინდრომი უწოდეს ექიმებმა იშვიათ უცნაურ მოვლენას. კანადის საავადმყოფოებში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ყოველი 1300 პაციენტიდან ეს სინდრომი მხოლოდ ათს ჰქონდა. ამ უჩვეულო მოვლენაზე ექიმი-ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილი გვესაუბრება:

- მიუნჰაუზენის სინდრომი არ არის დაავადება - ის მენტალურ აშლილობათა რიგს მიეკუთვნება. სახელწოდებაც ბარონ მიუნჰაუზენის მიხედვით დაარქვეს, რადგან ეს გამოგონილი ავადმყოფობაა. მიუნჰაუზენის სინდრომიანი ადამიანები შეგნებულად იწვევენ ან იგონებენ ფიზიკური თუ ფსიქიკური დაავადების სიმპტომებს. მათი მიზანია, ავადმყოფად მიიჩნიონ, რათა ყურადღების ცენტრში მოექცნენ. პაციენტი
არა მარტო ოსტატურად იგონებს ავადმყოფობას, ყველას არწმუნებს, რომ დაავადებულია და ზოგჯერ ოპერაციულ ჩარევასაც კი ითხოვს. სამედიცინო პერსონალს ხშირად უჭირს დადგენა, ეს ადამიანი ნამდვილად დაავადებულია, თუ მიუნჰაუზენის სინდრომით არის შეპყრობილი.

- თუ არის ცნობილი მიუნჰაუზენის სინდრომის გამომწვევი მიზეზები?

- ბოლომდე დადგენილი არ არის, მაგრამ მიჩნეულია, რომ
ეს ფსიქოლოგიური გადახრაა, რომლის მიზეზები აღზრდასა და ადრეულ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ამ სინდრომის მქონე ადამიანებს შორის არიან ისინი, ვინც ბავშვობაში ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. განებივრებული ბავშვებიც ცდილობენ, ყურადღება მიიქციონ, მაგრამ მიუნჰაუზენის სინდრომი უფრო ყურადღებამოკლებულ ბავშვებს უყალიბდებათ.

- რა ასაკში ვლინდება ეს უცნაური სინდრომი?

- მიუნჰაუზენის სინდრომით ძირითადად 20-დან 40 წლამდე ასაკის ქალები არიან შეპყრობილი. მათ შორის ხშირად გვხვდებიან სამედიცინო სფეროში მომუშავენი. გარდა ამისა, მიუნჰაუზენის სინდრომით შეპყრობილნი ხდებიან დაუქორწინებელი მამაკაცები 30-დან 40 წლამდე. ეს სინდრომი ძირითადად ისეთ ადამიანებს ემართებათ, ვინც ბავშვობაში სიყვარულისა და აღიარების დეფიციტს განიცდიდა. მკურნალობა საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს, რადგან პაციენტმა ქცევა უნდა შეიცვალოს, რაც ძნელიც კია.

- რას "უჩივიან" ასეთი პაციენტები?

- ზოგიერთი მათგანი იგონებს, რომ არარეალური ჰალუცინაციები აქვს, როგორც სმენითი, ასევე მხედველობითი, იგონებენ ფიზიკურ სიმპტომებსაც. ამტკიცებენ, რომ ტკივილი აქვთ გულმკერდის ან მუცლის არეში და დაბეჯითებით არწმუნებენ გარშემო მყოფებსაც, ან თვითონ ცდილობენ თავი დაიავადონ: ძალით მიიყენონ ჭრილობა ან თავი დაიზიანონ, ზოგი ლურსმნებს და საშიშ ნივთებს ყლაპავს. მიუნჰაუზენის სინდრომს ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ჰიპოქონდრია - ამ დროს პაციენტი დარწმუნებულია, რომ მართლა სჭირს ესა თუ ის დაავადება, მაგრამ სინამდვილეში საღ-სალამათია. მათ შორის განსხვავება ერთია: ჰიპოქონდრიის დროს ადამიანმა არ იცის, რომ იტყუება, ხოლო მიუნჰაუზენის სინდრომის დროს ყველაფერი ძალიან კარგად იცის. იცის, რომ იტყუება, თვითონაც არ მოსწონს ეს, მაგრამ სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანი მიუნჰაუზენის სინდრომით არის შეპყრობილი?

- ერთ-ერთი ნიშანია, როდესაც პაციენტი დაზეპირებულ და კარგად მოფიქრებულ სიმპტომებს ასახელებს, ასევე - ხშირი ჰოსპიტალიზაცია, როცა გამოკვლევებით არაფერი დგინდება. ზოგჯერ ასეთი პაციენტი ალოგიკურ სიმპტომებსაც იგონებს, რომელიც მის მდგომარეობას არ შეესაბამება. მიუნჰაუზენის სინდრომის დროს მკურნალობა შედეგს არ იძლევა. გარდა ამისა, მიუნჰაუზენის სინდრომით შეპყრობილ ადამიანს არ სურს, რომ მისი ოჯახის წევრები ეკონტაქტონ სამედიცინო პერსონალს, ხშირი კონფლიქტები აქვს ექიმებთან და გამუდმებით ითხოვს გამაყუჩებელ წამლებს ან სხვა რომელიმე ამოჩემებულ პრეპარატს... სიმპტომი მრავალფეროვანია.

- მკურნალობის რა მეთოდებს იყენებენ მიუნჰაუზენის სინდრომის დროს?

- ეს სინდრომი მკურნალობას ძნელად ემორჩილება. გამაჯანსაღებელი ფიზიკური ვარჯიშები, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფსიქოთერაპევტის მუდმივი ჩართვაა საჭირო, რომ პაციენტმა ქცევა შეიცვალოს და ამ სინდრომისგან გათავისუფლდეს. გართულებულ შემთხვევებში კი ფსიქიატრის ჩარევაც საჭირო ხდება.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით