სანამ გარუჯვას გადაწყვეტთ...
26-06-2017
სანამ გარუჯვას გადაწყვეტთ...
მსოფლიო მოდის სახლები ბოლო რამდენიმე წელია, ბუნებრივი კანის ფერს უწევენ რეკომენდაციას, ექიმები კი გვაფრთხილებენ, გადაჭარბებული დოზით ულტრაიისფერი სხივები მავნებელიაო. სამწუხაროდ, ამ რეკომენდაციებს ბევრი ქალი აინუნშიც არ აგდებს და გასარუჯად იმ დროს ირჩევს, როდესაც მზე ზენიტშია. მზის მავნებლობასა და უვნებლად გარუჯვაზე სასაუბროდ ონკოქირურგს, მედიცინის დოქტორ სანდრო ჩირინაშვილს მივმართე.

- ბატონო სანდრო, ზაფხულში რამდენად იზრდება სიმსივნის რისკი?

- ზღვაზე დასასვენებლად წასვლამდე უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც შეისწავლის თქვენი კანის საფარს, რათა თავიდან აიცილოთ
შემდგომი გართულებები. არსებობს სასიგნალო ხალები, რომლებიც ავთვისებიანად გარდაიქმნება ულტრაიისფერი სხივების სიჭარბით, ტრავ­მით,­ თერმულ-ქიმიური დაზიანებებით და სხვა ფაქტორებით. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მზის ბოროტად გამოყენებას, ზოგჯერ ჭარბი ულტრაიისფერი სხივები ხალში არსებულ პიგმენტ მელანინს ააქტიურებს, რაც, შესაძლოა, გადაიზარდოს მელანომაში. მელანომა ავთვისებიანი, აგრესიულად მიმდინარე დაავადებაა, რომლის დროული აღმოჩენა და
სათანადო ზომების მიღება საწყის ეტაპზე სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, თუმცა შორს წასულ ეტაპზე იძლევა მეტასტაზებს ლიმფურ კოლექტორებში.

- დღის რომელ მონაკვეთშია შესაძლებელი უვნებლად გარუჯვა?

- ულტრაიისფერი სხივები შედარებით უვნებელია დილიდან 11:00-მდე და საღამოს 4 საათის შემდეგ. მზესა და ჩვენი კანის საფარს შორის არსებული ოზონის შრე გარკვეული ბუფერული ზონაა, რომელიც ულტრაიისფერი სხივების მავნე მოქმედებას ანეიტრალებს, რაც ადამიანისთვის სასიამოვნოა და ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის კარგიც შეიძლება იყოს.

- ამბობენ, სოლარიუმი მზის ულტრაიისფერ სხივებს უტოლდება მავნებლობითო.

- სოლარიუმის შემთხვევაში ხდება პირდაპირი დასხივება ყოველგვარი განეიტრალების გარეშე. რამდენად ხდება დოზირების განსაზღვრა სოლარიუმში? იცის თუ არა ადამიანმა თავისი კანის საფარის მდგომარეობის შესახებ სოლარიუმში დასხივებამდე? იქნებ რომელიმე ხალი სარისკოა ულტრაიისფერი დასხივებისთვის?

- შეიძლება დაწვრილებით ავუხსნათ მკითხველს, რა ემართება მზეზე დიდხანს ყოფნით კანს და რა შეიძლება მოჰყვეს ამას?

- ადამიანის ორგანიზმი შედგება 80% წყლისგან. როდესაც ხდება კანის საფარიდან წყლის შთანთქმა, ეს ზოგჯერ მიკროელემენტების დაცემამდე აისახება სისხლში. კანი შედგება 7 შრისგან, პირველ დარტყმას­ იღებს ეპიდერმისი. დამწვრობისას ხდება თერმული დაზიანება, რომელსაც უნდა მოვუაროთ ისევე, როგორც დამწვრობას. თეთრკანიან ადამიანებს კანში მელანინი ნაკლები აქვთ, ამიტომ ისინი მზეზე იწვებიან, კანი წითლდება და უმნიშვნელოდ გადადის რუჯში. ისინი უთუოდ უნდა მოერიდონ მზეს.

- ონკოლოგიური დაავადებების სტატისტიკა როგორია დღეს?

- შემაშფოთებელია, რომ მესამე, მეოთხე სტადიაში მოგვმართავს პაციენტების 70%, ევროპაში კი პირიქითაა. ამიტომ ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ონკოლოგიაში გადამწყვეტი როლი ენიჭება ნაადრევ - პირველ-მეორე სტადიაში მომართვას, რომელიც მთავრდება სრული განკურნებით, რადგან მესამე-მეოთხე სტადიის დროს მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივებაზე შეგვიძლია საუბარი.
ბოლოს, მინდა ყველას ვურჩიო: სანამ გარუჯვას გადაწყვეტთ, მიაკითხეთ სპეციალისტს, რომელიც კარგად შეისწავლის თქვენი კანის საფარს და გაგიწევთ სათანადო რეკომენდაციას, რათა თქვენი ჯანმრთელობა არ დადგეს რისკისა და საფრთხის ქვეშ.

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით