ღრძილების ანთება და მისი უარყოფითი შედეგები - კვირის პალიტრა

ღრძილების ანთება და მისი უარყოფითი შედეგები

პაროდონტის დაავადება ანუ ღრძილების ანთება მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული. უმრავლესობას სხვადასხვა ხარისხით აღენიშნება ეს დაავადება, რაც მრავალ უსიამოვნო შედეგს იწვევს: დისკომფორტი, უსიამოვნო სუნი, კბილის მორყევა და ხშირ შემთხვევაში დაკარგვა - ღრძილების ანთების თანმხლები სიმპტომებია. უფრო დაწვრილებით ამ დაავადებაზე ექიმი-სტომატოლოგი მედეა დარჩია გვიამბობს:

- პაროდონტი კბილის ირგვლივი ქსოვილების კომპლექსია. მის შემადგენლობაში შედის: კბილ-ბუდის ქსოვილი, ღრძილი, კბილის იოგი, კბილის ქსოვილები. არსებობს პაროდონტის დაავადებათა კლასიფიკაცია ფორმის მიხედვით - კატარული, ჰიპერტროფული და წყლულოვანი გინგივიტი. პროცესის სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ მსუბუქ, საშუალო და მძიმე გინგივიტს, გავრცელების მიხედვით - ლოკალურს და გენერალიზებულს.

- რა იწვევს პაროდონტის დაავადებას?

- დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ფაქტორები. ადგილობრივ ფაქტორებში ყველაზე მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენის დაბალი დონე, საკვების ღეჭვა ცალ მხარეს, ტუჩისა და ენის მოკლე ლაგამი, ყბა-კბილთა ანომალიები და დეფორმაცია. ზოგადი დაავადებებიდან მნიშვნელოვანია ჰორმონული დისფუნქციები, რომლებიც ხშირად განაპირობებენ კატარული და ჰიპერტროფული გინგივიტის განვითარებას გოგონებში - 13-14 წლის ასაკში და ბიჭებში - 14-15 წლის ასაკში.

- რა დაავადებები უწყობს ხელს ღრძილების ანთებას?

- პირველ რიგში შაქრიანი დიაბეტი უნდა დავასახელოთ. ამ მძიმე დაავადების დროს სისხლძარღვთა ქსელი ზიანდება, რაც სხვადასხვა სიმძიმით გამოვლინდება პირის ღრუში. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს ხშირია პაროდონტის მძიმე დაზიანებები. სხვადასხვა ფორმის გინგივიტი ვლინდება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც. დაავადების სიმპტომებია: შეწითლებული და სისხლმდენი ღრძილები და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან.

- როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ დაავადებას?

- პაროდონტის დაავადებას კომპლექსურად უნდა ვუმკურნალოთ, თანაც თითოეულ პაციენტს მაქსიმალურად ინდივიდუალურად, ანთებითი პროცესის ფორმის მიხედვით. პაროდონტის იმ დაავადებებს, რომლებიც სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით არის გამოწვეული, ერთდროულად მკურნალობენ ექიმი-სტომატოლოგი და სხვა სპეციალისტები - ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი და ა.შ... ადგილობრივი მკურნალობის მეთოდებიდან მნიშვნელოვანია პირის ღრუს გაჯანსაღება, ქვების და ნადების მოცილება, კარიესული ღრუების დაბჟენა. მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია ანთების საწინააღმდეგო მალამოების გამოყენება, ამ დროს რამდენიმე სეანსის ჩატარებაა საჭირო. ძალზე მნიშვნელოვანია ანთების საწინააღმდეგო კბილის პასტის და სავლების შერჩევა და გამოყენება მკურნალობის პროცესში.

- რას გვეტყოდით მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე?

- ახალი, თანამედროვე მეთოდია ვექტორის აპარატით მკურნალობა და ლაზეროთერაპია. ვექტორის აპარატის საშუალებით პათოლოგიურ კბილს სრულად შორდება ქვები და ნადები. პრიალდება კბილის ზედაპირი, ეს პროცედურა ღრძილის სწრაფად აღდგენას უწყობს ხელს. პროცედურის შემდეგ ხშირ შემთხვევაში სამი სეანსის ჩატარებაც საკმარისია. პროცედურა ტარდება დღეგამოშვებით. დაზიანებულ ღრძილებს ლაზერის საშუალებითაც შეიძლება ვუმკურნალოთ. ლაზერი ეფექტიანად ამუშავებს კბილის ფესვებს და უზრუნველყოფს პათოლოგიური ზონების გაჯანსაღებას. ლაზერით მკურნალობის ერთადერთი მინუსი მისი სიძვირეა ტრადიციულ მკურნალობასთან შედარებით. თუმცა, მკურნალობის შედეგი გაწეულ ხარჯს ნამდვილად ამართლებს.

ხათუნა ჩიგოგიძე