"არ შეიძლება პათოლოგიის არარსებობის შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა"
10-07-2017
"არ შეიძლება პათოლოგიის არარსებობის შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა"
"თიაქარი ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა"

"ზოგჯერ ქირურგი იძულებულია, პერიტონიტისას დაზუსტებული დიაგნოზის გარეშე გადაწყვიტოს ოპერაციული ჩარევა"


დასტაქარი - ასე უწოდებდნენ ჩვენში ქირურგს, რომლის პროფესიონალიზმი ადამიანის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი იყო უწინაც და დღესაც. ამბობენ, ტკივილი მოდარაჯე ძაღლიაო. სწორედ ის გახლავთ დაავადების პირველი ნიშანი, რომელიც გვაიძულებს, სამედიცინო დაწესებულებას მივაკითხოთ. მერე კი ჯერი ექიმზეა - ზუსტი დიაგნოზის დასმა და საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაც მისი საქმეა.
გვესაუბრება ზოგადი ქირურგი, ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახაბერ­ ზურაბიშვილი.

-
ბატონო კახაბერ, ტერმინ "მწვავე მუცელს" ექიმები ხშირად ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციის დასაჩქარებლად იყენებენ. სტაციონარში ქირურგმა უნდა დასვას დიაგნოზი - დააზუსტოს მწვავე მუცლის მიზეზი. რა ნიშნით ადგენთ "მწვავე მუცელს"?

-"მწვავე მუცელი" კლასიკური განმარტებით ნიშნავს სიმპტომოკომპლექსს (რამდენიმე სხვადასხვა სიმპტომი ერთდროულად), რომელიც გამოხატავს პათოლოგიურ მდგომარეობას, რომლის დროს ზიანდება მუცლის ღრუს
ორგანო ან ორგანოები პერიტონეუმის გაღიზიანებით - პერიტონიტით. ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს გამოწვეული რომელიმე დაავადებით ან ტრავმით. ტერმინი "მწვავე მუცელი" ზოგჯერ გამოიყენება სხვადასხვა მწვავე პროცესის (მაგალითად, აპენდიციტი, ქოლეცისტიტი, წყლულის პერფორაცია ა.შ.) დროს, თუმცა, ჩემი აზრით, ამ ტერმინის გამოყენება უფრო მიზანშეწონილია მაშინ, როცა კონკრეტული დიაგნოზი გაურკვეველია, მაგრამ აშკარაა პერიტონიტის კლინიკური ნიშნები, რაც ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ეს"დიაგნოზი"ნიშნავს ოპერაციამდე კვლევის გაგრძელებას დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, თუმცა ეს პროცესი არ უნდა იქცეს თვითმიზნად, ვინაიდან ასეთი სერიოზული პათოლოგიისას დროის დაკარგვამ, თუნდაც დიაგნოზის დასაზუსტებლად, შეიძლება უფრო დიდი ზიანი მიაყენოს პაციენტს, ამიტომ ზოგჯერ ქირურგი იძულებულია, პერიტონიტისას დაზუსტებული დიაგნოზის გარეშე გადაწყვიტოს ოპერაციული ჩარევა.

- წითელი ქარის შესახებ ინფორმაცია ბევრს აინტერესებს. ვიცით, რომ ის კანის ბაქტერიული ინფექციაა, ამ დაავადებას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იცნობდნენ და წმინდა ანტონიუსის ცეცხლს უწოდებდნენ, რადგან, ლეგენდის თანახმად, სწორედ ეს ეგვიპტელი მკურნალი არჩენდა ამ სნეულებით შეპყრობილ მორწმუნეებს. ძველად დაავადება უმთავრესად სახეზე ჩნდებოდა, ამჟამად უფრო ხშირად ქვედა კიდურებს აზიანებს. საინტერესოა, არის თუ არა საჭირო წითელი ქარის ქირურგიული მკურნალობა ან როგორია შედეგი?

- წითელი ქარი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს კანსა და ლორწოვან გარსებზე მკვეთრად შემოსაზღვრული ანთებითი პროცესი, ცხელება, შესიება, ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები. წითელი ქარის დიაგნოზის შემთხვევაში პაციენტი აუცილებლად უნდა მკურნალობდეს ქირურგის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობით. მკურნალობა, ძირითადად, კონსერვატიულია (მედიკამენტებით), თუმცა, შესაძლოა, მძიმე, დაგვიანებულ შემთხვევებში განვითარდეს ისეთი გართულებები (რბილი ქსოვილების ფლეგმონა, აბსცესი, თრომბოფლებიტი და ა. შ.), რომლებსაც ოპერაციული მკურნალობა სჭირდება. სწორი და დროული მკურნალობის შემთხვევაში უმრავლესობა სრულად იკურნება, თუმცა ზოგჯერ ყალიბდება ქრონიკული მორეციდივე ფორმა.

- გასულ საუკუნეში ზოგიერთ ქვეყანაში ყველა ბავშვს, აპენდიციტის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, იძულებით აჭრიდნენ აპენდიქსს, თუმცა აღმოჩნდა, რომ აპენდიქსი სულაც არ არის რუდიმენტი. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის იმუნურ სისტემაში და მიკროორგანიზმების ერთგვარი თავშესაფარია. როგორ ფიქრობთ, როდის არის საჭირო ოპერაციის გაკეთება ბავშვების ან მოზარდებისთვის?

- ამ საკითხს ზოგიერთ "ქვეყანაში" დღესაც განიხილავენ. ყველა ოპერაციულ ჩარევას აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენება. გასაგებად რომ ვთქვათ, არ შეიძლება უმიზეზოდ, პათოლოგიის არარსებობის შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა. ეს დაახლოებით იგივეა, წინასწარ ტკივილგამაყუჩებელი დალიო - "ვაითუ, თავი ამტკივდესო. ოპერაცია უნდა გაკეთდეს დაავადების შემთხვევაში და მიზნად გამოჯანმრთელებას უნდა ისახავდეს.

- თიაქრის შესახებ უნდა გკითხოთ...რამდენად არის გავრცელებული ეს დაავადება, რა ასაკის ადამიანებს ემართება და არის თუ არა აუცილებელი მისი ოპერაცია? ხშირად იმასაც გაიგონებთ, მოხუცია და ოპერაცია არ ღირსო. 80 წელს გადაცილებული ადამიანისთვის არის თუ არა მიზანშეწონილი ოპერაციის გაკეთება და ხშირად გვხვდება თუ არა ეს დაავადება ბავშვებში?

- სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, თიაქარი აქვს მოსახლეობის 3-4%-ს. ბავშვებში თიაქარი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა. ნებისმიერი ლოკალიზაციის თიაქარი მოზრდილებში მოითხოვს ოპერაციულ მკურნალობას. ალტერნატიული მეთოდი თიაქრის მკურნალობისა არ არსებობს. რაც შეეხება ხანდაზმულ ასაკს - თუნდაც 80-90 წელს - ეს თავისთავად ოპერაციის უკუჩვენება არ გახლავთ. მოხუცებულსაც ისევე აწუხებს თიაქარი, როგორც ახალგაზრდას, მასაც ზუსტად ისევე სურს გამოჯანმრთელება, როგორც ახალგაზრდას. რა თქმა უნდა, ხანდაზმულების შემთხვევაში გასათვალისწინებელია სხვა თანმხლები პათოლოგიების არსებობა, რომლებიც ზრდის საოპერაციო რისკს, თუმცა შესაბამისი წინასაოპერაციო მომზადების შემთხვევაში რისკის შემცირებაც შეიძლება. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგჯერ გვხვდება ისეთი მძიმე თანმხლები პათოლოგიებიც, რომლებიც გეგმიური ოპერაციული ჩარევის აბსოლუტურ უკუჩვენებას წარმოადგენს.

ნანა ჩარკვიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით