ცხელი ზაფხულის რაციონი - კვირის პალიტრა

ცხელი ზაფხულის რაციონი

სამყაროში არსებული დაავადებების დაახლოებით 60-65% პროვოცირდება არასწორი კვებისგან და იკურნება ჯანსაღი კვების მეშვეობით. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს რაციონის სწორად შერჩევას. რა მივირთვათ ზაფხულში და რაზე ვთქვათ უარი, გვირჩევს ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა.

- მზის ენერგია გავლენას ახდენს ყველა ცოცხალ ორგანიზმზე, რა თქმა უნდა, ადამიანზეც. აქედან გამომდინარე ზაფხულის პერიოდში მზის სხივების ზეგავლენით ძლიერდება ჩვენი მეტაბოლიზმი, რის გამოც ორგანიზმში ხდება აკუმულირებული (შენახული) ნივთიერებების დაშლა, რა დროსაც მადა ქვეითდება, გარდა ამისა, ორგანიზმში ტემპერატურული და წყლის ბალანსის შესანარჩუნებლად მოთხოვნილება წყალზე და ზოგადად სითხეზე იზრდება, რაც ასევე ქმნის ნაყროვანების შეგრძნებას და ესეც ერთ-ერთი მიზეზია მადის დაქვეითებისა.

- კონკრეტულად რა სახის სითხის მიღება არის რეკომენდებული?

- უმჯობესია, ვსვათ სუფთა წყალი, რათა ორგანიზმი არ გადავტვირთოთ ზედმეტი კილოკალორიებით და უფრო მარტივად მოვახერხოთ ორგანიზმის ე.წ. გაგრილება, რომ არ მოხდეს უჯრედების გამოშრობა, რაც იწვევს ორგანიზმის დეჰიდრატაციას, რომელიც დაკავშირებულია ისეთ სიმპტომებთან, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, დაღლილობა, გუნება-განწყობის დაქვეითება, ტემპერატურა და ასე შემდეგ.

თუმცა ტროპიკულ ქვეყნებში ტემპერატურული ბალანსისათვის ხშირად ცივი წყლის ნაცვლად სვამენ ცხელ ჩაის, ორგანიზმის ტემპერატურისა და გარემოს ტემპერატურის გასათანაბრებლად, რაც სიცხის შეგძნებას ამცირებს.

- რა სჯობს მივირთვათ ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის?

- ვინაიდან ზაფხულში მეტად განებივრებული ვართ ახალი ხილ-ბოსტნეულით, ცხადია, უნდა შევეცადოთ, დღის რაციონი ამ პროდუქტებით იყოს დატვირთული, რათა ორგანიზმმა შეითვისოს მთელი წლისთვის საჭირო ვიტამინები და მინერალები.

- ხორცი და თევზი უნდა გამოვრიცხოთ?

- მთლიანად არა, თუმცა, უნდა შევამციროთ, ვინაიდან სიცხეში მალფუჭებადია და შესაძლოა, მოვიწამლოთ.

- რძის ნაწარმსაც არ გვირჩევთ?

- რძის პროდუქტებიც მალფუჭებადია, თუმცა, ყველა სეზონზე უნდა მივირთვათ ბალანსირებულად და რაციონალურად, რადგან ორგანიზმმა მიიღოს ყველა ის საყუათო ნივთიერება, რომელიც საჭიროა მეტაბოლიზმისათვის.

- ორიოდე სიტყვა ნაყინსა და სიცხესთან ბრძოლის თავისებურებებზე გვითხარით...

- ნაყინი ზაფხულის ერთ-ერთი ნუგბარია, რომელიც გაჯერებულია ისეთი ნახშირწყლებით, რომლებიც დადებითი თვისებებით არ ავსებს ორგანიზმს. რაფინირებული ან გაწმენდილი პალმის ზეთი საშიში არ არის, საკვებ პროდუქტში სწორედ ასეთი სახით უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ ვინაიდან მისი გაწმენდა ძვირი ჯდება, ხშირად არარაფინირებული გვხვდება საკვებ პროდუქტებში, სადაც დიდი რაოდენობით არის თავისუფალი რადიკალები, რომლებიც სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

- რა უნდა ავკრძალოთ კატეგორიულად?

- ნაკლებად უნდა მივირთვათ საკონდიტრო ნაწარმი და პურ-ფუნთუშეული. დავიცვათ ზომიერება (დოზირება), რაც ჯერ კიდევ ჩვ.წ.ა-მდე IV საუკენეში იყოს ცნობილი, რომ: ყველაფერი სამკურნალოა და ყველაფერი საწამლავია, მთავარია, ვიცოდეთ დოზები.

ეკა სალაღაია