როგორ ამოვიცნოთ ანემია გარეგნული ნიშნებით
31-07-2017
როგორ ამოვიცნოთ ანემია გარეგნული ნიშნებით
ანემიისთვის დამახასიათებელია სისხლში ჰემოგლობინის ან სის­ხლის წითელი სხეულაკების დაბალი მაჩვენებელი. კლინიკურად ანემია შეიძლება გამოვლინდეს: ზოგადი სისუსტით, ადვილად დაღლილობით, ძილიანობით, თავბრუსხვევით, თავის ტკივილით, გულისცემის გახშირებით, არტერიული წნევის დაქვეითებით, მძიმე შემთხვევაში - გულის წასვლით.

სისხლში ჰემოგლობინის დაქვეითება წარმოადგენს ორგანოებსა და ქსოვილებში რკინის უკმარისობის ირიბ ნიშანს. შესაბამისად, ვლინდება შემდეგი სიმპტომები: ფრჩხილის ფირფიტების ცვლილება (ის ხდება მტვრევადი, იფიტება, შრევდება), კანის სიმშრალე, ტუჩის კუთხეების მტკივნეული ნახეთქები, თმის ცვენა ან მისი ზრდის შენელება, გემოს დარღვევა (საკვებად
დაუშვებელი ნივთიერებების - ცარცი, კბილის ფხვნილი, ნახშირი, მიწა, თიხა, ქვიშა და უმი პროდუქტების - ბურღულეული, ცომი, ფარში - მიღების სურვილი), ყნოსვის დაკარგვა (აცეტონის, ფრჩხილის ლაქის, ნაფტალინის, მანქანის გამონაბოლქვის ყნოსვის სურვილი). შესაძლებელია უმიზეზო სუბფებრილიტეტი, 37-37,50С ფარგლებში. ჰემოგლობინის ნაკლებობისას გარეგნულად ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს კანის საფარველისა და ხილული
ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე. В12 ვიტამინის ნაკლებობისას ხდება ენის ლორწოვანი გარსის ტიპური ცვლილება, ე.წ. გლოსიტი - პრიალა, მკვეთრად წითელი, მტკივნეული ენა, კიდურების დაბუჟება.

ზოგიერთი ფორმის ანემიებისას, ერითროციტების მომატებული დაშლის გამო, კანის საფარველმა შეიძლება მიიღოს მოყვითალო ელფერი.
ზემოთ აღნიშნული ცვლილებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით