გაცივება ზაფხულში - მიზეზები, თავისებურებები - კვირის პალიტრა

გაცივება ზაფხულში - მიზეზები, თავისებურებები

"თუ ადამიანს დიდხანს მოუხდა პაპანაქებაში ყოფნა, აუცილებლად მიიღებს სითბურ დარტყმას, ამ დროს ხდება ორგანიზმის კრიტიკული გადახურება"

ხშირად გაიგონებთ, ვერ გამიგია, ამ პაპანაქება სიცხეში რამ გამაცივაო... რა ფაქტორები იწვევს ზაფხულში გაციებას, როგორ ავიცილოთ ის თავიდან და საერთოდ როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქებას, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება თერაპევტი ნანა რატიანი.

- რატომ ემართებათ სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები ზაფხულში?

- სურდო, ხველა, ყელის ტკივილი, ცხელება - ზამთარში და სეზონშუა პერიოდში არავის აკვირვებს, ვინაიდან რესპირატორული ვირუსების გავრცელების სეზონია, მაგრამ ეს სიმპტომები ხშირია ზაფხულშიც. საქმე ისაა, რომ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების (სურდო, ანგინა, ლარინგიტი, ტრაქეობრონქიტი) გამომწვევი ვირუსები სიცოცხლისუნარიანია მთელი წლის განმავლობაში. გადაცივება, რის ფონზეც აქტიურდებიან ვირუსები, შეიძლება მოხდეს ცხელ ზაფხულშიც: სიცხე ართულებს მდგომარეობას - აშრობს ცხვირის და ხახის ლორწოვანს, რაც ამცირებს იმუნოგლობულინების გამომუშავებას და ადგილობრივ იმუნიტეტს. ამასთანავე, სიცხეში ჩვენ ვეძებთ გაგრილების საშუალებებს.

ყინულიანი სასმელები, დიდი რაოდენობით ნაყინი, ცივ წყალში ბანაობა - იწვევს ორგანიზმის გადაცივებას და ვირუსების გააქტიურებას.

- რა არის ზაფხულში გაციების ყველაზე ხშირი ფაქტორები?

მზეზე დიდხანს ყოფნა

- მზის სხივების ხანგრძლივი მოქმედება აქვეითებს იმუნიტეტს, მოდუნებულ ორგანიზმში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება (მაგალითად, პლაჟზე გარუჯვისას და შემდგომ ცივ წყალში ბანაობისას) იწვევს პათოგენური ვირუსების და მიკრობების გააქტიურებას.

დიდი რაოდენობით ცივი სასმელები, ნაყინი, ძლიერ გაციებული ხილი იწვევს ადგილობრივ გადაცივებას და ზრდის ანგინის, ლარინგიტის, ფარინგიტის განვითარების შანსს.

ორპირი ქარი

ჰაერის მოძრავი ნაკადი უფრო მეტად იწვევს სხეულის გადაცივებას, ვიდრე თანდათანობით დაწეული ტემპერატურა. მაგალითად, ძლიერ ქარში 250ჩ აღიქმება, როგორც 180ჩ.

ალკოჰოლი

- სიმთვრალის დროს სისხლძარღვები გაფართოებულია, სითბოს გაცვლა ხდება უფრო ინტენსიურად, ადამიანი პრაქტიკულად ვერ გრძნობს სიცივეს და დისკომფორტს ალკოჰოლის მაანესთეზებელი ეფექტის გამო. ამიტომ მცირეოდენ გადაცივებამაც შეიძლება მიიყვანოს ფილტვების ანთებამდე.

ხშირი მოგზაურობა

ზაფხულის თვეებში, შვებულების დროს, ადამიანები ხშირად მოგზაურობენ, მიკროფლორის გაცვლის ალბათობა მატულობს, რაც ზრდის ინფექციის შანსს.

- როგორ ავიცილოთ გაცივება ზაფხულში?

- ზაფხულის ცხელ ამინდებში ხშირად ვკარგავთ სიფხიზლეს: დიდი რაოდენობით ვსვამთ ცივ სასმელებს, ვისვენებთ კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში, ხშირად ვართ ორპირ ქარში, ხანგრძლივად ვრჩებით მზეზე, მივდევთ დიეტებს, მოგზაურობისას ვიღებთ უჩვეულო საკვებს და წყალს, ვიმყოფებით განსხვავებულ ბაქტერიულ გარემოში, ვერ ვასწრებთ ადაპტაციას (აკლიმატიზაციას), ყოველივე ეს აქვეითებს იმუნიტეტს და იზრდება დაავადების რისკიც. ამიტომ უნდა ვერიდოთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, ზომიერად მივიღოთ მზის აბაზანები, გარუჯვის შემდეგ წყალში შესვლამდე გავგრილდეთ ჩრდილში, ვსვათ ბევრი სითხე, სრულყოფილად ვიკვებოთ (რაციონში ყოველდღიურად უნდა შედიოდეს ხილი და უმი ბოსტნეული), დამატებით შეიძლება მივიღოთ ჩ ვიტამინი. აუცილებელია სუფთა ჰაერზე სეირნობა, სრულყოფილი ძილი.

- ჯანმრთელობისთვის რით არის საშიში ზაფხულის მაღალი ტემპერატურა?

- თუ ადამიანს დიდხანს მოუხდა პაპანაქებაში ყოფნა, აუცილებლად მიიღებს სითბურ დარტყმას - ხდება ორგანიზმის კრიტიკული გადახურება. ამ დროს ორგანიზმი კარგავს ადეკვატური თერმორეგულაციის უნარს და სამედიცინო დახმარების გარეშე შესაძლებელია დაუზიანდეს შინაგანი ორგანოები: ტვინი, გული, თირკმელები და კუნთები. რისკის ჯგუფს, უპირველესად, მიეკუთვნებიან ბავშვები და ხანდაზმულები, აგრეთვე გულის, ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, მსუქნები. თუმცა, გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს ეს დაავადება ხშირად ემართებათ ჯარისკაცებს, სპორტსმენებს, ზოგადად ზრდასრულ მოსახლეობას. სითბური დარტყმის პირველი სიმპტომებია: სხეულის მაღალი ტემპერატურა: 39-400 ჩ ან ზემოთ; სიწითლე; გახშირებული სუნთქვა; გახშირებული გულისცემა; თავის ტკივილი; ღებინება, გულისრევა.

თუ დროულად არ აღმოუჩინეთ სამედიცინო დახმარება, შეიძლება განვითარდეს აგზნება, გაღიზიანებადობა, გულყრა და კომა.

თუ ადამიანს ეს სიმპტომები აღმოაჩნდება, აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა აიცილოს სერიოზული გართულებები.

- რა შეიძლება გავუკეთოთ დაზარალებულს მზის დარტყმის დროს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე? - გადაიყვანეთ გრილ ადგილას - ჩრდილში, კონდიციონერიან შენობაში, გახადეთ ტანსაცმელი, გააგრილეთ სხვადასხვა საშუალებით - გაახვიეთ სველ ქსოვილში, ჩააწვინეთ გრილ აბაზანაში, თავსა და კისერზე დაადეთ ყინული. ასვით დიდი რაოდენობით გრილი სითხე (არ მისცეთ ტკბილი და ალკოჰოლიანი სასმელები). ამ დროს არაეფექტურია სიცხის დამწევი მედიკამენტები - ასპირინი, პარაცეტამოლი და ა.შ.