როგორ დავიცვათ თავი პარაზიტებისგან - კვირის პალიტრა

როგორ დავიცვათ თავი პარაზიტებისგან

დედაქალაქის დასასვენებელ ზონებში ტკიპა მომრავლდა. მოსახლეობა ღელავს, პარაზიტებისგან დაკბენილი პაციენტების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც. მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა - ტკიპები სხვადასხვა დაავადებას ავრცელებენ. როგორ უნდა დავიცვათ თავი პარაზიტებისგან და რა უნდა ვიცოდეთ, თუ მათი მსხვერპლი"მაინც აღმოვჩნდით? ამის თაობაზე "კვირის პალიტრასთან" საუბრობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე:

- ტკიპა მხოლოდ დასასვენებელ ზონებში - ლისის და კუს ტბებზე, ან თბილისის ზღვაზე არ გვხვდება, ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის ქალაქის ცენტრსა თუ სკვერშიცაა მოდებული. ზოგადად, ტკიპა ბუნებაში ყოველთვის იყო და იქნება, მთავარია, ადამიანებს მისგან თავის დაცვა შეეძლოთ. ტკიპის ნაკბენი, სიწითლის გარდა, არაფერს იწვევს, თუმცა ზოგჯერ დაავადების გადამტანი წყაროცაა.

- კერძოდ, რომელი დაავადების გადამტანია ტკიპა?

- წელს ყირიმ-კონგოს დაავადების სამი შემთხვევა გვქონდა, ერთი - ლეტალურად დასრულდა. საქართველოში წელიწადში ლაიმის დაავადების რამდენიმე ათეული შემთხვევა ვლინდება, თუმცა სტატისტიკის მიხედვით, საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს. მაგალითად, გერმანიაში უფრო მეტია ლაიმით დაავადების შემთხვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ევროპაში მოგზაურობისგან ადამიანები ამ შესაძლო საფრთხის გამო თავს იზღუდავენ. საქართველოში ნაკლებად მოსალოდნელია ყირიმ-კონგოს გავრცელება, ცოტა უფრო სარისკოა ლაიმის, იგივე ბორელიოზის დაავადება, რომელიც სასიკვდილო არ არის; თუმცა, თუ პაციენტმა დროულად არ მიმართა სამედიცინო დახმარებას, მკურნალობა ძნელდება. მას ძირითადად ანტიბიოტიკებით მკურნალობენ და შედეგიც შესაბამისია, თუმცა ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ ტკიპის საშუალებით ამ დაავადების მასობრივად გავრცელების საშიშროების წინაშე დავდგეთ - სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში წელიწადში დაახლოებით 40 შემთხვევა გვაქვს.

- რა სიმპტომებით მივხვდეთ, რომ დაავადება გამწვავდა?

- ლაიმის შემთხვევაში, დაკბენიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე პერიოდი 2-დან 30-მდე დღეს, საშუალოდ კი ორ კვირას მოიცავს.

დაავადების მახასიათებელი ნიშანი ასიდან 70 შემთხვევაში ნაკბენ ადგილას კანის გაწითლებაა. მრგვალი ან ოვალური წითელი ლაქა თანდათანობით იზრდება და მისი დიამეტრი 3-10 სმ-ს აღწევს, ზოგჯერმეტსაც. ლაქა უსწორმასწორო ფორმისაა. დროთა განმავლობაში ლაქის ცენტრალური ნაწილი ფერმკრთალდება და მოლურჯო ელფერს იძენს, უშუალოდ ლაქა კი - რგოლის ფორმას. ლაქის ცენტრში თავდაპირველად ქერქი შეიმჩნევა. მოგვიანებით ჭრილობა ნაწიბურდება.

მკურნალობის გარეშე ლაქა რამდენიმე დღიდან 2-3 კვირამდე ნარჩუნდება, შემდეგ კი ქრება. ხშირად წითელი ლაქა ნაკბენ უბანში კი არა, სხეულის სხვა ნაწილში ჩნდება. შესაძლოა, პირველადი ერითემა გაქრეს, გარდამავალმა ლაქებმა კი სხეულის სხვა უბნებში იჩინოს თავი. ამის გამო ლაიმის დაავადებას მიგრირებად ერითემასაც უწოდებენ. დაავადება შესაძლოა ერითემის განვითარების გარეშეც წარიმართოს. ბორელიების შინაგან ორგანოებში მოხვედრის შემდეგ დაავადება შესაძლოა დაიწყოს მწვავედ, მაღალი ტემპერატურითა და მენინგოენცეფალიტით. სხვა შემთხვევაში ლაიმბორელიოზი ფარულ ქრონიკულ ინფექციად მიმდინარეობს.

თუ ტკიპამ გიკბინათ

- ტკიპები ადამიანებს ადრინდებურად აღარ ერჩიან, ახლა მათი მთავარი მსხვერპლი ცხოველები არიან. როცა ადამიანი ბუნებაშია, ტანი მაქსიმალურად დაცული უნდა ჰქონდეს, რომ ტკიპა არ შეაცოცდეს. მაგალითად, შარვალი წინდებში ჩატანებული უნდა იყოს. სეირნობის შემდეგ ბავშვი მშობლებმა უნდა დაათვალიერონ, რომ ტანზე ტკიპები არ ჰქონდეს. ტკიპების უმრავლესობა თავისთვისაა, ჯანმრთელია, მაგრამ გვხვდება დაავადებათა გადამტანიც. თუ ტკიპის გეშინიათ, შეიძინეთ აფთიაქებსა და ტურისტულ მაღაზიებში წასასმელი დამაფრთხობელი საშუალებები. თუ ტკიპამ გიკბინათ, უნდა მოვიცილოთ, ოღონდ არავითარ შემთხვევაში - ხელით. პარაზიტი ამოიღეთ პინცეტით მთლიანად, რომ მისი ხორთუმი კანში არ ჩარჩეს. ტკიპის ადვილად მოსაშორებლად შესაძლებელია სპირტიანი და ზეთიანი ბამბის მონაცვლეობით წასმა. ნაკბენი უნდა დაიმუშაოთ სპირტით, ნებისმიერი ანტისეპტიკური საშუალებით. პაციენტს თუ სიცხეს მისცემს, გამოსაკვლევად ან კონსულტაციისთვის აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს. სხეულიდან მოცილებული ტკიპა, სასურველია, დაწვათ ან დამდუღროთ, თუ, რა თქმა უნდა, მის ლაბორატორიაში წარდგენას ენცეფალიტის ვირუსზე გამოსაკვლევად არ აპირებთ. გაითვალისწინეთ, გამოკვლევისთვის მხოლოდ ცოცხალი ტკიპაა ვარგისი. კანიდან მოცილებული ტკიპა უნდა მოათავსოთ თავდახურულ სუფთა მინის ქილაში ან სინჯარაში, რომელშიც მაღალი ტენიანობის შესანარჩუნებლად ჩაფენილი იქნება წყალში დასველებული ბამბა ან ფილტრის ქაღალდი.

რუსუდან შელია