გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავდა - კვირის პალიტრა

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავდა

სამწუხაროდ, საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავდა, რაც არასწორი ცხოვრების რეჟიმის, სტრესისა და ჭარბი წონის ბრალია. საერთოდ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ცივილიზებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის ერთ-ერთი პირველი მიზეზია. დაავადების გაკონტროლება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ უმჯობესია, ეს დაავადებები საერთოდ ავიცილოთ თავიდან. ამისთვის კი საჭიროა პროფილაქტიკა. შუნტირებამდე და ოპერაციამდე რომ მივა საქმე, ესე იგი, უკვე შეუქცევადი ცვლილებებია ადამიანის ორგანიზმში.

რა არის გულის შეტევა და რა იწვევს მას; რა სიმპტომები ახასიათებს მიოკარდიუმის ინფარქტს; სტრესი და გულის დაავადებები, ამ და სხვა საინტერესო თემებზე გვესუბრება კარდიოლოგი, ჰიპერტენზიისა და სისხლძარღვთა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ანა რეხვიაშვილი.

- ქალბატონო ნანა, რა იგულისხმება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებში?

- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებში ერთიანდება გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, არითმიის სხვადასხვა ფორმა, არტერიული ჰიპერტენზია, ცერებროვასკულური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადება, გულის რევმატული პათოლოგია, გულის შეძენილი და თანდაყოლილი მანკები, კარდიომიოპათიებისა და მიოკარდიტების ვრცელი სპექტრი, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიზმი.

მMსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, კარდიოვასკულური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას და საერთო სიკვდილიანობის 30%-ზე მეტს შეადგენს. შესაბამისად, აღნიშნულ დაავადებათა დროულ დიაგნოსტიკას, სწორ მკურნალობას და ადრეულ პრევენციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინვალიდიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად.

- რა არის გულის შეტევა და რა იწვევს მას?

- სამედიცინო ენაზე გულის შეტევას სტენოკარდია ჰქვია. გულის შეტევა ვითარდება, თუ ჟანგბადით გამდიდრებული სისხლის მიწოდება გულის კუნთთან უეცრად წყდება გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიის უეცარი ბლოკის გამო, რასაც თან ახლავს მიოკარდიუმის, ანუ გულის კუნთის გარკვეული უბნის ჟანგბადოვანი შიმშილი, რასაც ძლიერი ტკივილი ან მისი ეკვივალენტი (დისკომფორტი, სიმძიმე და ა.შ) ახლავს თან.

თუ ბლოკადის მოხსნა დროულად ვერ მოხდა და ჟანგბადოვანი შიმშილის პერიოდმა 20 წუთს გადააჭარბა, ვითარდება გულის კუნთის სიკვდილი, რასაც სამედიცინო ენაზე მიოკარდიუმის ინფარქტს ვუწოდებთ.

გულის შეტევის უხშირესი მიზეზი გულის კორონარული დაავადებაა, რომლის საფუძველს ათეროსკლეროზი წარმოადგენს. ეს უკანასკნელი ხასიათდება სისხლძარღვის შიგნით ფოლაქების წარმოქმნით, რომლებიც თავის მხრივ ავიწროებენ სანათურს და ხელს უშლიან გულის კუნთის ადეკვატურ კვებას. რაც უფრო დიდია ფოლაქის ზომა, მით მეტად ვიწროვდება სისხლძარღვის სანათური, მაღალია სანათურს შიგნით თრომბის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად, მაღალია გულის შეტევის განვითარების რისკი.

გარდა ათეროსკლეროზისა, გულის შეტევის მიზეზი შესაძლოა იყოს გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიის ძლიერი სპაზმი ანუ დროებითი შევიწრობა, რომელიც ვითარდება როგორც ჯანმრთელ, ისე ათეროსკლეროზული პროცესით დაავადებულ არტერიებში.

- რა მიეკუთვნება გულის შეტევის კლასიკურ ნიშნებს? მართალია, რომ გულის შეტევის დროს პაციენტები `გულზე ლოდს~ ან `გულზე ხელის მოჭერას~ გრძნობენ?

- გულის შეტევა, ანუ სტენოკარდია კლასიკურ შემთხვევაში ხასიათდება მკერდის ძვლის უკან აღმოცენებული ტკივილით ან დისკომფორტით, რომელიც მოიცავს სიმძიმის, ზეწოლის, მოჭერის, წვის ან მოხრჩობის შეგრძნებას. ტკივილი შესაძლოა იყოს ლოკალური, ან ირადირდებოდეს ეპიგასტრიუმში (მუცლის ზედა არე, მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩის ქვევით), ზურგში, კისერში, ბეჭის ან ყბის მიდამოში.

ტკივილის განვითარება უხშირესად კავშირშია ფიზიკურ დატვირთვასთან, საკვების მიღებასთან, ცივ ამინდში ან ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით სიარულთან, ემოციურ სტრესთან. შეტევა ჩვეულებრივ 1-5 წუთს გრძელდება და იხსნება მოსვენების მდგომარეობაში გადასვლისას ან ნიტროგლიცერინის მიღებით. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ტკივილის ინტენსივობა არ იცვლება სუნთქვისას, ჩახველებისა და სხეულის პოზის შეცვლისას. Aარსებობს სტენოკარდიის ისეთი ფორმაც, რომელიც არ არის კავშირში არც ერთ ზემოაღნიშნულ ფაქტორთან და ვითარდება ღამით, პაციენტის ლოგინში წოლისას.

- რა სიმპტომები ახასიათებს მიოკარდიუმის ინფარქტს?

- ტიპურ შემთხვევებში, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებამდე რამდენიმე დღით და ზოგჯერ კვირით ადრე პაციენტებს აღენიშნებათ დისკომფორტი გულმკერდის არეში, ჰაერის უკმარისობის და დაღლილობის შეგრძნება. ამასთან, მიოკარდიუმის ინფარქტი ტიპურ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს ყოვეგვარი წინასწარი კლინიკური სიმპტომატიკის გარეშე, მოულოდნელად. ტკივილის ლოკალიზაცია და გავრცელება აბსოლუტურად იდენტურია სტენოკარდიის ანუ გულის შეტევის, იმ განსხვავებით, რომ ინფარქტის შემთხვევაში ინტენსიური და უწყვეტი ტკივილი 30-60 წუთამდე გრძელდება. ზოგიერთ პაციენტში ინფარქტი ატიპიურად მიმდინარეობს და ხასიათდება ინტოქსიკაციის, ღებინების, კუჭის ტკივილის, ძლიერი ნაწლავური აშლილობის კლინიკით.

მიოკარდიუმის ინფარქტი უპირატესად გამთენიისას ვითარდება. ეს ფაქტი აიხსნება იმით, რომ დილის საათებში იმატებს სიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსი, რასაც თან ახლავს არტერიული წნევის, გულის ცემის სიხშირის, კორონარული არტერიების ტონუსის, გულის კუნთის კუმშვადობის მატება.

- ხშირად გვსმენია - `გულმა დაარტყა~, რა იგულისხმება ამ ტერმინში?

- გულისხმობენ მიოკარდიუმის ინფარქტს და მოულოდნელად განვითარებულ სიკვდილს, რომელიც ვითარდება სიმპტომების გამოვლენიდან ერთ საათში. უUეცარი სწორედ იმიტომაა, რომ შესაძლოა განუვითარდეს როგორც კარდიოვასკულური დაავადებით დიაგნოსტირებულ პირს, ისე პრაქტიკულად ჯანმრთელ სუბიექტს.

- რა პრევენციულ ზომებს უნდა მივმართოთ გულის შეტევისა და მიოკარდიუმის ინფარქტის თავიდან ასაცილებლად?

- პრევენცია აუცილებელია ყველა ადამიანისათვის, მიუხედავად იმისა, გადატანილი აქვს თუ არა მიოკარდიუმის ინფარქტი ან აღენიშნა თუ არა გულის შეტევა. თუმცა, ვისაც აქვს კარდიოვასკულური გართულებების მაღალი რისკი, სწორი და დროული პრევენციული ღონისძიებების გატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. პრევენცია მოიცავს ორ მიმართულებას; ესენია, მედიკამენტური და არამედიკამენტური. მედიკამენტური ინიშნება ექიმი სპეციალისტის მიერ კლინიკურ მონაცემებზე, ლაბორატორიულ ანალიზებსა და ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე დაყრდნობით. გGანსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ რისკ-ფაქტორებს, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა და შაქრიანი დიაბეტი. Aაღნიშნული დაავადებები დღეისათვის განკურნებადი არ არის, თუმცა მათი კონტროლი შესაძლებელია, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტის პოტენციურ რისკს. პრევენციის არამედიკამენტური მეთოდი მოიცავს ცხოვრების ჯანსაღ წესს, სიგარეტისთვის თავის დანებებას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი საკვები რაციონის შექმნას, მარილის და ცხოველური ცხიმების მიღების შეზღუდვას, სტრესების თავის არიდებას და სხვა.

- რამდენად იწვევს სტრესი გულის დაავადებებს?

- სტრესი არ წარმოადგენს კარდიოვასკულურ დაავადებათა უშუალო რისკ-ფაქტორს; ამასთან დღეისათვის ეჭვს არ იწვევს, რომ სტრესი ზრდის კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების ალბათობას. Aაღნიშნული შესაძლოა აიხსნას იმ ფაქტით, რომ სტრესი გავლენას ახდენს კარდიოვასკულურ დაავადებათა რისკ-ფაქტორებზე, კერძოდ, იზრდება სისხლის წნევა. სტრესის შემდგომ პერიოდში პაციენტთა დიდი ნაწილი ზრდის მოსაწევი სიგარეტების რაოდენობას, არის ფიზიკურად არააქტიური, იღებს ჩვეულ საკვების რაოდენობასთან შედარებით უფრო მეტს, ზოგიც ეტანება ალკოჰოლს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს კარდიოვასკულური პათოლოგიის პროგრესირებას და გართულებებს.

ოპერაცია პირდაპირ ეთერში

მოციმციმე არითმიის ქირურგიული მკურნალობა დღესდღეობით უფრო რთულ ოპერაციად მიიჩნევა, ვიდრე გულის გადანერგვის ოპერაცია. ამ ოპერაციას წარმატებით აკეთებენ გამოჩენილი ქართველი ექიმები მოსკოვში - ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამედიცინო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი ლეო ბოკერია და ტაქიარითმიის ქირურგიული მკურნალობის განყოფილების უფროსი ამირან რევიშვილი. მათ პირველი ასეთი უნიკალური რამდენიმესაათიანი ოპერაცია 2013 წლის ივნისში ჩაატარეს.

ოპერაცია ტრადიციული სკალპელის ნაცვლად, კრიო-სკალპელის გამოყენებით ჩატარდა. რაც გულისხმობს ანატომიური ქსოვილის ტრადიციული გაკვეთის ნაცვლად მის, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, ზუსტად გაყინვას. ბოკერიას განმარტებით, კრიო-სკალპელის გამოყენებისას სისხლის გამოყოფა მინიმალურია, რაც ოპერაციას ნაკლებად სახიფათოს ხდის. ამ მეთოდით საოპერაციო მაგიდაზე თავდაპირველად პაციენტს უკეთდება სარტყელი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გულის ელექტროკარდიოგრაფიას ერთდროულად 250 პოზიციიდან აკეთებს, რის შედეგადაც სპეციალური პროგრამა ადგენს წინაგულების და პარკუჭების ზუსტ ანატომიურ სტრუქტურებსა და არითმიის წყაროს. ამის შემდეგ ერთი ბრიგადა გულმკერდს ხსნის, მეორე კი უშუალოდ გულზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ქირურგებმა ეს ოპერაცია პირდაპირ ეთერში, ტელეკამერების წინ ჩაატარეს.

ანა ყარალაშვილი