გემრიელიცაა და სასარგებლოც - კვირის პალიტრა

გემრიელიცაა და სასარგებლოც

კიტრში 95% წყალია, 5% - ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები, ორგანული მჟავები და ნაცარი, აქედან 2-2,5% შაქრები, 0,4-5% კი მინერალური ნივთიერებებია. კიტრი

შეიცავს C, B1, B2 ვიტამინებს და  A  პროვიტამინს, პექტინებს, მარილებს, მაგნიუმს, რკინას, ალუმინს, სილიციუმს და ეთერზეთებს. კიტრი მდიდარია ფოსფორით, კალიუმითა და კალციუმით. მასში აღმოჩენილია ვერცხლის მარილებიც.

კიტრი ცნობილია, როგორც სიცხის დამწევი, ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შემომგარსველი, შარდმდენი, ნაღველმდენი საშუალება. პექტინები, რომელსაც კიტრი შეიცავს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აფერხებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ლპობის პროცესებს. აძლიერებს კუჭ-ნაწლავში პერისტალტიკას, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. აუმჯობესებს მეხსიერებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ხელს უშლის წონაში მომატებას, კანს უნარჩუნებს ტონუსსა და ელასტიკურობას, კლავს წყურვილს.

ღვიძლისა და თირკმლებით დაავადებულებს ენიშნებათ კიტრით განტვირთვის დღეები. გასტრიტისა და წყლულების გამწვავების დროს რეკომენდებულია თაფლგარეული კიტრის წვენის მიღება: 1ს/კ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. ასევე შეგიძლიათ კიტრს დააყოლოთ თაფლი.

უძველესი დროიდან იყენებენ კიტრს კოსმეტოლოგიაში. ნაოჭების გასასწორებლად სახეზე 10-15 წუთით კიტრის ნაჭრები უნდა დაიდოთ.

კიტრისგან შეიძლება სახის გამწმენდი ლოსიონების დამზადება.

1. გახეხილი კიტრი რამდენიმე ფენა მარლაში გაწურეთ, წვენს დაასხით ორჯერ მეტი სპირტი და შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ მინის ჭურჭელში. გამოყენებისას ლოსიონი წყლით გააზავეთ (1:2).

2. 5 საშუალო ზომის კიტრი გახეხეთ, დაამატეთ 5 ვარდისა და 2 თეთრი შროშანის ყვავილების ფურცლები, დაასხით 1/2 ლ არაყი და 3 კვირა გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ. გამოყენებისას 1/2 ჭიქა ნაყენს დაამატეთ 1/2 ჩ/ჭ ანადუღარი თბილი წყალი, 1ს/კ გლიცერინი და ლიმონის წვენი. ამ ლოსიონით კანის გაწმენდის შემდეგ სახეზე მკვებავი კრემი წაისვით. სახე დიდხანს შეინარჩუნებს ახალგაზრდობას და, რაც მთავარია, ნაოჭებიც გაქრება.