ნევროზი - ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა
21-08-2017
ნევროზი - ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა
"დეპრესიას ნეგატიური გუნება-განწყობა, სევდიანობა, დათრგუნვილობა ახასიათებს, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრებზე და ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე"

დღეს ნევროზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. რა ძირითადი ნიშნები ახასიათებს და როდის უნდა მივმართოთ ნევროლოგს? რით განსხვავდება ნევროზი დეპრესიისგან? რა არის გაფანტული სკლეროზი. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ექიმი-ნევროლოგი, ბატონი ზვიად აბულაძე:

- ნევროზების სახელით გაერთიანებული პათოლოგია ძალზე მრავალფეროვანია, იგი მიეკუთვნება ყველაზე გავრცელებულ მენტალურ დაავადებას. ნევროზული რიგის აშლილობები მოიცავს შემდეგ დაავადებებს: შფოთვითი ნევროზი, ფობიური ნევროზი,
აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი, სომატოფორმული აშლილობა, იპოქონდრია. შფოთვითი ნევროზი თავის მხრივ იყოფა პანიკურ შეტევად, გენერალიზებულ შფოთვით აშლილობად და პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობად. ნევროზის ძირითადი სიმპტომები მისი სახეობის მიხედვით მრავალფეროვანია, ძირითადი სიმპტომებია: შფოთვა, შიშის და განგაშის განცდა, მოუსვენრობა, ემოციური ლაბილობა, პანიკის გარდამავალი შეტევები, რომლის დროსაც ავადმყოფს აღენიშნება გულისცემის
აჩქარება, სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა, კიდურების დაბუჟება, კეფის დაჭიმულობა, ხელისგულების ოფლიანობა. ნევროზის მრავალფეროვანი გამოვლინების გამო აუცილებელია პაციენტის ნევროლოგთან კონსულტაცია.

- ძალიან გახშირდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც დეპრესიას უჩივის, ეს კიდევ უფრო საგანგაშოა იმიტომ, რომ ექიმ-ნევროლოგს ჩივილებით უმეტესად ახალგაზრდები აკითხავენ, რით განსხვავდება ნევროზი დეპრესიისგან?
- დეპრესია ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ნეგატიური გუნება-განწყობა, სევდიანობა, დათრგუნვილობა ახასიათებს, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრებზე, გრძნობებსა და ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე. რამდენიმედღიანი ცუდი გუნება-განწყობა დეპრესიის ერთადერთი სიმპტომი არ არის. დეპრესიის დიაგნოსტირებისათვის სიმპტომთა ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2 კვირას. ძირითადი სიმპტომები, რომლებიც დეპრესიაზე მიანიშნებს და განასხვავებს ნევროზს დეპრესიისგან არის: ცუდი გუნება-განწყობა, შინაგანი სიცარიელის შეგრძნება, პესიმიზმი, სასოწარკვეთა, დანაშაულის ან უმწეობის შეგრძნება, გაღიზიანებულობა, საყვარელი საქმიანობის მიმართ ინტერესის დაკარგვა, სიამოვნების შეგრძნების დაქვეითება ან დაკარგვა, ენერგიის მკვეთრი შემცირება, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ჩვეული სამუშაოს შესრულების გაძნელება, მადის დაქვეითება, წონის მომატება ან მოკლება, თვითმკვლელობაზე ფიქრი ან სუიციდის მცდელობა.

- თავის ტკივილი ძალიან ხშირი პრობლემაა და შეიძლება წარმოადგენდეს სხვა დაავადების სიმპტომს. მაგრამ როდესაც სხვა მიზეზი არ არსებობს, საუბრობენ შაკიკზე. კონკრეტულად რა სიმპტომები ახასიათებს შაკიკს?

- თავის ტკივილი მართლაც ხშირი პრობლემაა, იყოფა პირველად და მეორად თავის ტკივილად. როცა თავის ტკივილი სხვა დაავადების ფონზე ვითარდება - მეორადია, თუ ტკივილის სხვა მიზეზი არ არსებობს - არის პირველადი თავის ტკივილი. პირველადი თავის ტკივილი შაკიკის გარდა მოიცავს დაჭიმულობის ტიპის თავის ტკივილს და სხვა იშვიათ ფორმას.

შაკიკი არის მფეთქავი ხასიათის საშუალო ან ძლიერი ინტენსივობის თავის ტკივილი, რომელიც 1-2 საათის განმავლობაში ნელ-ნელა ვითარდება, ტკივილი უპირატესად ლოკალიზებულია ცალ მხარეს (იშვიათად ორივე მხარეს) შუბლ-საფეთქლის ან თვალბუდის უკანა მიდამოში. ტკივილი 3 საათიდან 72 საათამდე გრძელდება, ხშირად თავის ტკივილის თანმხლებია გულისრევის შეგრძნება, ღებინება, სინათლისა და ხმაურის აუტანლობა. ზოგჯერ ტკივილს წინ უძღვის მხედველობითი დარღვევები ან სხვა სიმპტომები, რომელიც თავის ტკივილის დაწყებამდე გაივლის და მას შაკიკის აურა ჰქვია. შაკიკის მკურნალობის მენეჯმენტი მოიცავს რამდენიმე რეკომენდაციას, ესენია: ძილის და კვების რეჟიმის მოწესრიგება, სტრესისგან თავის არიდება, ალკოჰოლის და მარილიანი ყველის შეზღუდვა. შაკიკის პრევენციული მკურნალობა ინიშნება იმ შემთხვევაში, როცა თვეში თავის ტკივილის შეტევა 4-5 ეპიზოდს აღემატება, რეკომენდებულია პრევენციული მკურნალობა. პრევენციული მკურნალობა 5-6-ჯერ ამცირებს როგორც შაკიკის შეტევების სიხშირეს, ასევე ინტენსივობას.

- ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, ხშირად აღენიშნებათ კიდურების და ნიკაპის კანკალი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
- კანკალი მოძრაობითი დარღვევებიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეა. ტრემორის სხვადასხვა სახე არსებობს. არსებობს ფიზიოლოგიური ტრემორი, რომელიც ჩვეულებრივ მდგომარეობაში შეუმჩნეველია და ძლიერდება და ადვილად შესამჩნევი ხდება ემოციური დაძაბვის, შფოთვის, ალკოჰოლის ხშირი მოხმარების, თირეოტოქსიკოზის, სხვადასხვა მედიკამენტის მიღებით და მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციისას. ზოგჯერ ტრემორს აქვს მემკვიდრეობითი ხასიათი, ზოგჯერ კი თავის ტვინის სხვადასხვა დაავადებაზე მიუთითებს, მაგალითად როგორიცაა პარკინსონის დაავადება, მეორადი პარკინსონიზმი, გაფანტული სკლეროზი და თავის ტვინის სხვა დეგენერაციული დაავადებები.

- ხშირად გვსმენია, რომ ადამიანი ძილში შეკრთება ხოლმე, ეს რამე დარღვევაზე მიუთითებს?
- თუ შეკრთომები ჩაძინების დასაწყისშია, ეს პათოლოგიაზე არ მიუთითებს. შეკრთომა შეიძლება მოიცავდეს ერთ კიდურს, მთელ სხეულს, შეიძლება თან ახლდეს წამოყვირება ან ვარდნის შეგრძნება. როდესაც ძილის კრთომები ინტენსიური ხასიათისაა, საჭიროა მათი განსხვავება ეპილეფსიური შეტევისგან.

- როგორ გავარჩიოთ ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების გაუარესება ისეთი დაავადებისაგან, როგორიცაა დემენცია?
- მეხსიერების დაქვეითება, დემენცია, შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების მიზეზი, როგორიცაა ნერვული სისტემის დეგენერაციული და ატროფიული დაავადებები (ალცჰაიმერის დაავადება, არაალცჰაიმერის ტიპის დემენცია, შუბლის ტიპის დემენცია, კორტიკალური ატროფია და სხვ.), თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები, ინფექციური დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, თავის ტვინის სიმსივნეები, ეპილეფსია, ენდოკრინული დაავადებები, B12 ვიტამინის დეფიციტი, ალკოჰოლის სისტემატური მოხმარება, მძიმე მეტალებით და მედიკამენტებით ინტოქსიკაცია, ქალა-ტვინის ტრავმები, დეპრესია.
დემენციის დიაგნოსტიკაში აუცილებელია ანამნეზური მონაცემები, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი, ჩ-რეაქტიული პროტეინი, ელექტროლიტების განსაზღვრა სისხლში, ნეიროფსიქოლოგიური გამოკვლევა, ელექტროენცეფალოგრაფია, B12 ვიტამინის და ფოლიუმის მჟავის, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის განსაზღვრა, სიფილისის და შიდსის არსებობის გამორიცხვა.

- რა არის გაფანტული სკლეროზი.
- გაფანტული სკლეროზი წარმოადგენს ნერვული სისტემის დემიელინიზაციურ დაავადებას, რომელსაც უპირატესად პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს. ამ დროს ზიანდება თავის ტვინი, მხედველობის ნერვები და ზურგის ტვინი, რაც იწვევს შესაბამისი ორგანოების ფუნქციების მოშლას. გაფანტული სკლეროზი იმ ანთებით დაავადებად განიხილება, რომელსაც განაპირობებს გენეტიკური განწყობა და ეგზოგენური ფაქტორები. სიმპტომების გამოვლენას ხშირად წინ უძღვის დაღლილობა, მოთენთილობა, ძილიანობა. სიმპტომების ხასიათი დამოკიდებულია იმ ანატომიური უბნის დისფუნქციაზე, რომელშიც ვითარდება პათოლოგიური კერა. სიმპტომებია: ძალის დაქვეითება ერთ ან რამდენიმე კიდურში, დაბუჟებები კიდურებში ან სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მხედველობის დარღვევები, მეტყველების გაძნელება, თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, სიარულის გაძნელება... არსებობს გაფანტული სკლეროზის კეთილთვისებიანი ფორმა, რომელიც გაჯანსაღებით მთავრდება. არის ავთვისებიანი სხვადასხვა ფორმა, რომელიც ინვალიდობითა და ლეტალური გამოსავლით მთავრდება.

- ალცჰაიმერი არის განუკურნებელი დაავადება, რომელიც მეხსიერების დაკარგვას იწვევს, მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი ამ დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა?
-ადრეული სიმპტომები, რომლებიც გვაფიქრებინებს ალცჰაიმერის დაავადების დაწყებას, არის ხანმოკლე მეხსიერების დაქვეითება (ახალი ფაქტების დავიწყება), გუნება-განწყობის ცვალებადობა, ორიენტაციის უნარის დაქვეითება, აგრესიულობა. თუ აღნიშნული სიმპტომები პაციენტს უგრძელდება ბოლო 6 თვის მანძილზე, ეჭვი უნდა იქნას მიტანილი დემენციაზე. დაავადების განვითარების სავარაუდო რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს მშობიარობისას დედის ასაკი, თავის ტრავმა, განათლების და სოციალური გარემოს დაბალი დონე. გენეტიკური ფაქტორები დაავადების განვითარებაზე დაახლოებით 5-10%-ს შეადგენს.

- სამწვერა ნერვის ანთებას აუტანელი ტკივილი ახასიათებს. კერძოდ, რა დაავადებაა ეს, რა სიმპტომები ახლავს და როგორ მკურნალობენ?

- სამწვერა ნერვის ანთებისთვის დამახასიათებელია ტკივილის შეტევის გამოწვევა სახის დაბანით, ღეჭვით, წვერის გაპარსვით, ლაპარაკით, კბილების გამოხეხვით, თუმცა შესაძლოა ტკივილი სპონტანურადაც აღმოცენდეს. სამწვერა ნერვის ნევრალგია შეიძლება იყოს კლასიკური ან მეორადად განვითრებული. კლასიკურ ნევრალგიას ხშირად იწვევს სისხლძარღვისა და სამწვერა ნერვის ტოტის კონტაქტი. მეორადად განვითარებული სამწვერა ნერვის ნევრალგიის მიზეზი შეიძლება იყოს კბილების პათოლოგია, სიმსივნის ზეწოლა სამწვერა ნერვზე, ტვინის ღეროს სხვადასხვა პათოლოგია. თუ მედიკამენტოზური მკურნალობა არ არის ეფექტური, მაშინ ქირურგიულ გზას მიმართავენ.

ანა ყარალაშვილი
ნანა
27 აგვისტო 2017 22:52
სამწვერა ნერვის გამომწვევი მიზეზები გასაგებია. მადლობა. მაგრკარგი იქნება თუ რა მედიკამენტი მოუხდება. რადგან მე მაწუხებს ეს დაავადება

რედაქტორის რჩევით