ქიელიტის პრობლემა ანუ ტუჩების დახეთქა… - კვირის პალიტრა

ქიელიტის პრობლემა ანუ ტუჩების დახეთქა…

დახეთქილი ტუჩები მხოლოდ ზამთრის ყინვებში არ გვხვდება.…ხშირად დახეთქილი ტუჩი ანთებით დაავადებაზე - ქიელიტზე - მიანიშნებს. ქიელიტს სხვადასხვა მიზეზი აქვს და მისი მკურნალობაც იმის მიხედვით ინიშნება, ანთება რამ გამოიწვია. ამის თაობაზე ექიმი მანანა დონაძე გვესაუბრება.

- ქიელიტი მძიმე დაავადებათა რიცხვს არ მიეკუთვნება, მაგრამ დისკომფორტს კი უქმნის ადამიანს კვებისას, ესთეტიკურადაც - დახეთქილი და ფორმადაკარგული ტუჩები არავისთვისაა სასიამოვნო. ქიელიტი გვხვდება როგორც დამოუკიდებელი დაავადება (საკუთრივ ქიელიტი), ასევე სხვა, ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლით გამოწვეულ დაავადებების ფონზე. ხშირად ქიელიტის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობა.

- ამბობენ, ვიტამინების ნაკლებობას მხოლოდ ტუჩის კუთხეების მტკივნეული დახეთქა ახასიათებსო.

- არა მხოლოდ. ვიტამინების ნაკლებობით"გამოწვეული ქიელიტისას ტუჩების ლორწოვანი გარსის, ენის წვა და სიმშრალეც შეინიშნება. ტუჩების ლორწოვანი გარსი წითლდება და ტუჩის წითელ "ქობაზეც" ქერცლი ჩნდება. ზოგჯერ შეიძლება ენის ანთებაც განვითარდეს.…

- კერძოდ, რომელი ვიტამინების ნაკლებობა ხდება ამის მიზეზი?

- ყველაზე ხშირად B ჯგუფის ვიტამინების (განსაკუთრებით B2-ის) უკმარისობა. ცხადია, ასეთ დროს ადგილობრივ მკურნალობასთან ერთად ვიტამინებიც ინიშნება. შედარებით მსუბუქი ფორმაა ექსფოლიაციური ქიელიტი. Eექსფოლიაცია კანის ეპითელის ჩამოფცქვნას ნიშნავს. ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა მხოლოდ ტუჩის წითელი ნაწილი იქერცლება. სხვათა შორის, ექსფოლიაციური ქიელიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ფსიქოფაქტორია, გარკვეულ როლს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაც ასრულებს. ექსფოლიაციური ქიელიტისას პროცესი ლორწოვან გარსზე ან კანზე არ გადადის, არც ნახეთქები რჩება, ასევე დაუზიანებელი რჩება ტუჩის წითელი ყაეთნის კანის მიმდებარე ნაწილი და პირის კუთხეები. ვინაიდან ექსფოლიაციური ქიელიტის ძირითად მიზეზად ფსიქოფაქტორები ითვლება, მკურნალობისას დამამშვიდებელ საშუალებებს ნიშნავენ. საჭიროა ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც. ეფექტურია ჩ და B ვიტამინების მიღება, ჰიგიენური პომადის წასმა.

- კონტაქტურ ქიელიტზე რას იტყოდით.

- საბედნიეროდ, შედარებით იშვიათად გვხვდება და პაციენტთა უმრავლესობას ეჭვიც არ აქვს, რომ ის ტუჩსაცხთან, კბილის პასტასთან ან მუსიკალურ საკრავთან შეხებით ვითარდება. Aალერგიული ქიელიტისთვის დამახასიათებელია ძლიერი ქავილი.

- თუმცა, უმრავლესობას მაინც მეტეოროლოგიური, კლიმატური პირობებით გამოწვეული ქიელიტი აწუხებს.

- და არა მხოლოდ სიცივისას, ტუჩის ანთება შეიძლება გამოიწვიოს მზემ და რადიაციული ფონის მომატებამ. Aამ დროს შეიძლება შეგვხვდეს ტუჩის ორგვარი ანთება: ექსუდაციური და მშრალი. სველ ფორმას ახლავს ქავილი, ტუჩის შეშუპება და ხშირად წვრილი ბუშტუკებიც, რომლებიც თანადათან სკდება. მშრალი ფორმა კი ტუჩების სიმშრალით, ტკივილითა და წვით ხასიათდება. მეტეოროლოგიური ქიელიტი უფრო ხშირად მამაკაცებს ემართებათ, მით უფრო ზამთარში, როცა ტუჩი შრება, მამაკაცები კი საცხს არ მოიხმარენ. მეტეოროლოგიურ ქიელიტს ხშირად ქრონიკული ფორმა აქვს, ამიტომაც მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება - ნახეთქები შესაძლოა მძიმე ფორმაში გადავიდეს, რისი მკურნალობაც უფრო გაჭირდება. არსებობს ქიელიტის საკმაოდ რთული ფორმაც, ე.წ. მაკროქიელიტი, რომლის დროსაც დაავადებაში ტუჩების გასივებასთან ერთად ჩართულია, სახის ნერვის ანთება (ნევრიტი) და გეოგრაფიული ენა. ეს საკმაოდ რთული პათოლოგიაა და მის განვითარებას, ალერგიულ ფონთან ერთად, მემკვიდრეობითი ფაქტორიც იწვევს. ცხადია, ასეთ შემთხვევაში დაავადებას კომპლექსური მკურნალობის გარეშე ვერ დავამარცხებთ.

ეთერ ერაძე