"ჯგუფური თამაშები ბავშვების სოციალიზაციისათვის" - კვირის პალიტრა

"ჯგუფური თამაშები ბავშვების სოციალიზაციისათვის"

ერთი ტენდენცია შევნიშნე - XXI საუკუნის ბავშვებმა არ იციან ისეთი თამაშები, როგორიცაა "დაჭერობანა", "წრეში ბურთი", "დახუჭობანა", "კლასობანა", "სახლობანა"... სიტუაციაში გასარკვევად მათი გამოკითხვა დავიწყე, ვისაც 2-დან 8 წლამდე ბავშვები ჰყავთ და ის მშობლები, რომელთა შვილებმაც ბავშვობა 90-იან წლებში გაატარეს.

მაია კოტრიკაძე: - ორი ქალიშვილი მყავს, 32 და 34 წლის. შვილიშვილებს რომ ვაკვირდები, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან ამ ორი თაობის ბავშვების გართობა. უფროსი ქალიშვილი მოწაფეობისას კითხვით ერთობოდა, უყვარდა ასოებისა და ციფრების გამოწერა, მეორე თამაშობდა ხესთან, ქვიშასთან, ბალახთან - საოცარი ფანტაზიის უნარი ჰქონდა. ჩემი შვილების თაობა ერთმანეთთან ურთიერთობით ერთობოდა. ყველაზე პოპულარული თამაშები იყო "კლასობანა", "რეზინობანა", "სახლობანა", "ბუჩქობანა" - ეზოში ბევრი ბუჩქი იყო და იქ იმალებოდნენ ხოლმე...

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ 4-დან 8 წლამდე ბავშვებში ხდება გარშემო არსებული სოციალური სამყაროს გათავისება. 4 წლის ბავშვი უკვე კარგად საუბრობს და სოციალურად აქტიურია, რაც გულისხმობს მის ხანგრძლივ მონაწილეობას სხვადასხვა თამაშში, როგორც მარტო, ასევე სხვებთან ერთად.

ნანა აღაპიშვილი, ფსიქოლოგი: - ჩამოთვლილი თამაშებიდან თვალნათლივ ჩანს, რომ თამაშები, რომლითაც 90-იან წლებში ბავშვები თამაშობდნენ, დაბალანსებულია, აქ არის ფიზიკური აქტივობა ("დაჭერობანა", "დამალობანა"), ძირითადად ამ ორი თამაშის გათამაშება ეზოში, ანუ აქ ბავშვების სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობაც არის, შემოქმედებითი თამაშები (ხატვა, ფერადი ფურცლები), რომელიც ბავშვებს შემოქმედებითობის განვითარების საშუალებას აძლევს, ასევე ხატვით შეუძლიათ გამოხატონ ნაფიქრ-განცდილი, ემოციურადაც განიმუხტონ.

ხატვა პატარებისთვის საკომუნიკაციო ენაც არის. ის, რაზე არ ან ვერ ლაპარაკობენ, შეუძლიათ ნახატით გვაუწყონ. ჯგუფური თამაშებით ბავშვები ერთმანეთთან კომუნიკაციას სწავლობენ. ამ დროს ბავშვებს ეძლევათ საშუალება, გამოცადონ თავიანთი თავი, ნახონ, შეუძლიათ თუ არა კონკურენცია, თანამშრომლობა, დახმარება, დათმობა, მეგობრობა და ა.შ. ჯგუფური თამაშები ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა ბავშვების სოციალიზაციისათვის. გარდა ამისა, ბავშვები თვითონაც იგონებენ სცენარებს ჯგუფური თამაშებისთვის, რაც ასევე მნიშვნელოვანია მათი ფსიქოემოციური და კრეატიულობის განვითარებისათვის.

სამწუხაროდ, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ხელყო 20 წლის წინანდელი საბავშვო თამაშები, "დაჭერობანა" ჩაანაცვლა კომპიუტერულმა გმირმა, "სახლობანა" ვირტუალურმა პერსონაჟმა, რომელსაც ასევე ვირტუალური სახლი, საკვები და სამოსი აქვს. ბავშვები სულ უფრო მეტ დრო ატარებენ ტელევიზორთან და პლანშეტთან. სოციალიზაციისთვის კომპიუტერი სხვა ბავშვებთან კომუკაციის ერთ-ერთი წყარო გახდა.

ნათია ჩაჩანიძე, მშობელი: - დღევანდელი ბავშვების გართობა კომპიუტერისა და ტელეფონის გარეშე გამორიცხულია. ჩემი 8 წლის შვილის თანატოლების სასაუბრო კომპიუტერული თამაშებია და თუ უკრძალავ, სხვა ბავშვთან კონტაქტში ვერ შედის, ვერ ნახულობს საერთო ენას. სანდროს ლეპტოპი შეგნებულად გავაფუჭეთ, რომ კომპიუტერს მოშორებოდა, ორი წელი აიფონით უყურებდა ვიდეოფილმებს, ოღონდ შემეცნებითს. ახლა ტელეფონიც აღარ აქვს - მხედველობა დაუქვეითდა. უმცროსი შვილი კომპიუტერს საერთოდ აღარ გავაკარე, მხოლოდ ტელევიზორის ყურების უფლებას ვაძლევ. ჩემი ბავშვობის თამაშებიდან ჩემი შვილები მხოლოდ ხატვით ერთობიან.

ნანა აღაპიშვილი: - ვერსად გავექცევით ტექნოლოგიურ განვითარებას. კომპიუტერებით და ა.შ. აქვთ თანამედროვე ბავშვებს წვდომა თამაშებთან.

ზოგიერთი ელექტრონული თამაში ბავშვების კოგნიტური განვითარებისთვის ძალიან კარგია, ასევე არის მშვენიერი საინფორმაციო ფილმები პატარებისთვის, რომელიც საინტერესო ინფორმაციას აწვდის ბავშვს და უფართოებს თვალსაწიერს. აქ საკითხი დგება ინტენსივობასა და დოზაზე, ანუ რა დროს ატარებს ბავშვი ოთახში რომელიმე ტექნიკურ მოწყობილობასთან. ოთახში, დახურულ სივრცეში, უჟანგბადოდ საათობით თითქმის ერთ პოზაში ჯდომა ბავშვის ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის მავნეა. ხშირად მშობლები ჩივიან, ბავშვებს ჭამაც კი არ უნდათ, რადგან უჭირთ მოსწყდნენ თამაშს, თუ მულტფილმსო.

ელექტრონულ მოწყობილობებზე მიჯაჭვული ბავშვები აკლდებიან ისეთ მნიშვნელოვან საშუალებას მათი განვითარებისათვის, როგორიც არის ცოცხალი ურთიერთობა სხვა ბავშვებთან.

მთავარია, ბავშვები მოსწყდნენ ელექტრონულ საშუალებებს, ხშირად იყვნენ სახლის გარეთ, ისეთ გარემოში, სადაც არიან ბავშვები და ბევრ თამაშს თვითონაც მოიფიქრებენ. უფროსები უნდა ეთამაშონ ბავშვებს, ხატონ ერთად, ითამაშონ ბურთით, სამაგიდო თამაშებით, თუნდაც ქვიშაში და ა.შ. ამისთვის დღეში თუნდაც ერთი საათის გამოძებნა შესაძლებელია.

ნინო წიფურია