კანის ქავილი და სიწითლე სოკოვანი დაავადების პირველი ნიშანია - კვირის პალიტრა

კანის ქავილი და სიწითლე სოკოვანი დაავადების პირველი ნიშანია

სოკოვანი ინფექცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სნეულებად არის მიჩნეული. განსაკუთრებით მაღალია სოკოვანი დაავადებების გავრცელების რისკი ზაფხულში, როცა ადამიანები საერთო წყალსატევებით სარგებლობენ. წვა, ქავილი, უსიამოვნო შეგრძნება - ეს ის სიმპტომებია, რომელიც სოკოვან დაავადებებს ახასიათებს. როგორ დავიცვათ თავი ამ უსიამოვნო მოვლენებისგან? - ამის თაობაზე მედიცინის აკადემიური დოქტორი შოთა ცანავა გვესაუბრება:

- ბატონო შოთა, როგორ ვრცელდება სოკოვანი დაავადებები?

- ზაფხულის პერიოდში ეს ძალიან აქტუალური პრობლემაა. სოკოვან ინფექციებს სოკოს სპორები იწვევენ, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ აგრესიულები ხდებიან. სოკოვანი ინფექციები აზიანებენ არა მარტო გარეგან, არამედ შინაგან ორგანოებსაც. ეს დაავადებები განვითარების დონის მიხედვით 2 ძირითად ჯგუფად იყოფა - ზედაპირულ და ღრმა მიკოზებად. შეიძლება პაციენტს მხოლოდ კანის ფორმა ჰქონდეს, მაგრამ უკვე შინაგანი ორგანოებიც ჰქონდეს დაზიანებული. სოკოვანი დაავადებები ვრცელდება დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით. სოკოს სპორები შეიძლება იყოს დაბუდებული სააბაზანოებში, აუზებში - ყველგან, სადაც ადამიანები საერთო ნივთებს, ან საბანაო მოწყობილობას იყენებენ. სოკოს გავრცელების რისკი ყველაზე მაღალია ზაფხულში, როცა ხალხის მრავალრიცხოვანი მასა იყრის თავს წყალსატევების ირგვლივ, სადაც დაავადების გადაცემის რისკი ძალიან დიდია. არის კიდევ ერთი გზა - სქესობრივი გზით გადაცემა, როდესაც სოკოს სპორები ერთი პარტნიორისგან მეორეს გადაეცემა.

- როგორია სოკოვანი დაავადების სიმპტომატიკა?

- ამ ინფექციის სიმპტომები მრავალფეროვანია, რასაც მოსახლეობა ნაკლებ ყურადღებას აქცევს. როდესაც კანის ზედაპირზე ლაქები ჩნდება და ფრჩხილები იმტვრევა, მაშინვე უნდა მიაქციოთ ყურადღება. როცა სხეულის ამა თუ იმ უბანზე კანი გაწითლებულია, ეს ნიშნავს, რომ იმ ადგილას ანთება დაიწყო. სოკოვანი დაავადების დამახასიათებელი ნიშანია ასევე ქავილი, ფრჩხილების და თმის ზრდის შეფერხება, კანისა და ფრჩხილების დეფორმაცია. პაციენტმა ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე უნდა მიმართოს ექიმს, რომ დაავადება არ გართულდეს.

- ზაფხულობით ზღვაზე, ტბებსა და მდინარეებთან სარისკოა სოკოვანი ინფექციების გავრცელება?

- ბუნებრივი რეზერვუარები იმდენად საშიში არ არის. მაგალითად, ზღვას საეჭვო ვირუსების განეიტრალების დიდი უნარი აქვს. სოკოს სპორები უფრო დახურულ სივრცეში, ნესტსა და სითბოში ვრცელდება. ამ მხრივ მეტად სარისკოა აუზები და ისეთი ადგილები, სადაც ადამიანებს ერთ გასახდელში, ერთ საშხაპეში უწევთ ყოფნა. ამიტომ, უმჯობესია, ასეთ ადგილას შხაპი არ მივიღოთ და მივიღოთ სასტუმროს ნომერში, ან ბინაში, სადაც ვცხოვრობთ, რომ სოკოს სპორების გავრცელების ალბათობა შევამციროთ. პირადი ჰიგიენის წესების დაცვა აუცილებელი პირობაა სოკოვანი დაავადებებისგან თავის დასაცავად. სოკოები ჯანმრთელი ადამიანის სხეულშიც ბინადრობენ, ისინი ეხმარებიან კიდეც ორგანიზმს ცხოველქმედებაში, მაგრამ როგორც კი იმუნიტეტი ქვეითდება, ისინი ჩვენი მტრები ხდებიან.

- რა შემთხვევაშია საშიში მდინარის, ან ზღვის წყალი?

- მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი დიდი რაოდენობით წყალს ჩაყლაპავს. ამ მხრივ ყველაზე საფრთხილო ბავშვები არიან. მათ უნდა ვასწავლოთ ცურვის წესები, რა უნდა გააკეთონ, რომ ზღვის წყალი არ ჩაყლაპონ. ბუნებრივ წყალსატევებში სოკოს სპორების გავრცელების ალბათობა ნაკლებია, იქ უფრო სხვა ტიპის ვირუსებია საშიში, სოკოს სპორები კი, ხელოვნურ აუზებში უფრო აქტიურები არიან. დიდი შანსია, რომ აუზზე მივიდეს ადამიანი, რომელსაც სოკოვანი დაავადება აქვს ანუ ინფექციის წყაროა და არც იცოდეს, რომ დაავადების ლატენტური პერიოდი აქვს. ასეთი ადამიანი სოკოვანი დაავადების გავრცელების წყარო ხდება.

- დაბოლოს, როგორ უნდა დავიცვათ თავი სოკოს სპორებისაგან?

- ეს სპორები ჩვენს ორგანიზმში რომ არ მოხვდეს, აუცილებელია, ვიქონიოთ ინდივიდუალური ფეხსაცმელი, პირსახოცი და სხვა ნივთები, დავიცვათ პირადი ჰიგიენა. გარდა ამისა, საეჭვო ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მაშინვე უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, ან მიკოლოგს.

ხათუნა ჩიგოგიძე