თუ გულმა თავი შეგახსენათ...
04-09-2017
თუ გულმა თავი შეგახსენათ...
"დღეისათვის არ არსებობს ისეთი მედიკამენტი, რომელიც განკურნავს გულის სარქვლოვან პათოლოგიას. მედიკამენტურ თერაპიასა და ცხოვრების წესის ცვლილებებს გარკვეულწილად შეუძლია სიმპტომების შემცირება"

გულის დაავადებები დღეს ფართოდ არის გავრცელებული. თუ რა არის გულის იშემიური დაავადება, რამ შეიძლება გამოიწვიოს გულის მანკი და რამდენად არის შესაძლებელი მისგან განკურნება, ამ და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრება კარდიოლოგი, ჰიპერტენზიისა და სისხლძარღვთა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ანა რეხვიაშვილი.

- რა არის გულის იშემიური დაავადება?

- გულის იშემიური
დაავადება, გულის კორონარული დაავადება და კორონარული არტერიული დაავადება სინონიმებია. მისი საფუძველი გულის კუნთის ჟანგბადის მოთხოვნასა და გვირგვინოვანი არტერიებით მიწოდებას შორის დისბალანსია, რასაც თან ახლავს გულის კუნთის ჰიპოქსია, მეტაბოლიტების დაგროვება და ტკივილი.

- შესაძლოა, ხვრინვა გულის დაავადების ერთ-ერთი ნიშანი იყოს?

- ხვრინვა გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აღენიშნოს,
თუმცა, უპირატესად მამაკაცებსა და ჭარბწონიანებში გვხვდება. იშვიათი ხვრინვა არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის.

ხშირად ხვრინვის მიღმა იმალება ისეთი პათოლოგია, როგორიცაა ძილის აპნოეს სინდრომი. ის ხასიათდება სუნთქვის შეწყვეტის ეპიზოდებით ღამის განმავლობაში, რომელთა ხანგრძლივობა დაახლოებით 10-20 წამი გრძელდება და რაოდენობა ერთეულიდან, შესაძლოა, რამდენიმე ასეულსაც აღწევდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას, ვინც ხვრინავს, აუცილებლად აქვს ძილის აპნოეს სინდრომი, თუმცა, პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე, რეკომენდებულია პოლისომნოგრაფიის, ანუ ძილის გამოკვლევა სინდრომის გამოსარიცხად. მით უფრო, რომ ძილის აპნოეს სინდრომი ზრდის დიაბეტის, სიმსუქნის, არტერიული ჰიპერტენზიის, ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტისა და სხვა კარდიოვასკულური პათოლოგიების განვითარების რისკს.

- რა არის გულის უკმარისობა და როგორია მკურნალობის გზები?

- გულის უკმარისობა ჩნდება გულის სხვა პათოლოგიების ფონზე. გულის უკმარისობა არ ნიშნავს მხოლოდ გულის კუნთის დასუსტებას, ის ვითარდება გულის კუნთის მკვეთრი გასქელებისა და დრეკადობის შემცირებისასაც. როდესაც პარკუჭების დრეკადობა მცირდება, ანუ იზრდება მათი რიგიდულობა, მცირდება მათი ავსება და, შესაბამისად, მცირდება გულიდან განდევნილი სითხის მოცულობაც. მეორე მხრივ, როდესაც პაციენტს უვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი, გული კარგავს კუმშვადობის უნარს და ასევე მცირდება გულის მიერ სისტემურ ცირკულაციაში გადატყორცნილი სისხლის მოცულობა, რასაც თან ახლავს გულის უკმარისობის განვითარება და კლინიკური სურათის გაშლა.

გულის უკმარისობის სიმპტომებია: ქოშინი ფიზიკური დატვირთვისა და ლოგინში წოლისას, სუნთქვის გაძნელება, ქვემო კიდურების შეშუპება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, შარდვის გახშირება ღამის საათებში, ორგანიზმში სითხის დაგროვებით განპირობებული წონის მატება, რომელიც ვითარდება დროის მცირე მონაკვეთში, მადის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება და სხვა.

გულის უკმარისობა ქრონიკული პროცესია და საჭიროებს მკურნალობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

- რა არის ბრადიკარდია?

- ჯანმრთელი ადამიანის გულისცემა წუთში 60-დან 100 დარტყმამდე მერყეობს, ბრადიკარდია კი გულისხმობს გულისცემის სიხშირის 60-ზე მეტად კლებას.
მოსვენებულ მდგომარეობაში 60-ზე დაბალი გულისცემის სიხშირე წუთში, შესაძლოა, ნორმად ჩაითვალოს ჯანმრთელ ახალგაზრდებსა და ნავარჯიშებ სპორტსმენებში. ბრადიკარდია ვლინდება გულის გამტარ სისტემაში იმპულსის გატარების შეფერხებისას ან ბლოკირებისას.
თუ ბრადიკარდიას ახლავს ჩივილები, სიმპტომურია და აღმოცენდა უეცრად, მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. სიმპტომებიდან აღსანიშნავია თავბრუსხვევა, გონების კარგვა, ქოშინი, ადვილად დაღლა თვით უმნიშვნელო ფიზიკურ დატვირთვაზეც კი, გულის უკმარისობა და უეცარი კარდიული სიკვდილიც.

- რა არის ბრადიკარდიის მიზეზი?

- ბრადიკარდიის მიზეზი, შესაძლოა, იყოს დაავადებათა და მდგომარეობათა ფართო სპექტრი, როგორიცაა გულის კუნთის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები, კერძოდ, გულის იშემიური დაავადება, გულის კუნთის ანთებითი დაავადებები, ანუ მიოკარდიტები, გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკები, ასაკობრივი ცვლილებები, ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია, კალიუმის სიჭარბით მიმდინარე ელექტროლიტური დისბალანსი, ძილის აპნოეს სინდრომი, სისტემური დაავადებები, უპირატესად ანტიარითმიული, ჰიპოტენზიური და ანტიფსიქოზური მედიკამენტების მოხმარება და სხვა.

- რა ფუნქცია აკისრია კარდიოსტიმულატორს და რა შემთხვევებში იდგმება?

- კარდიოსტიმულატორი, ანუ პეისმეიკერი, არის მოწყობილობა, რომელიც შექმნილია გულის რიტმის ელექტრული სტიმულაციისთვის. პეისმეიკერს გული მიჰყავს თავისი რიტმით, მცირდება სიმპტომები და რიტმის დარღვევასთან ასოცირებული გართულებების განვითარების ალბათობაც. კარდიოსტიმულატორის ჩადგმის ჩვენებებია: სინუსის კვანძის დისფუნქციით განპირობებული სიმპტომური ბრადიკარდია, მაღალი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, მოციმციმე არითმიის ზოგიერთი ფორმა და სხვა.

- რა არის გულის მანკი და რამ შეიძლება გამოიწვიოს ის?

- გულის მანკი არის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს გულის 4-სარქვლოვანი აპარატიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს ერთდროული დაზიანება. გულის მანკებში განასხვავებენ ერთსარქვლოვან და მრავალსარქვლოვან პათოლოგიას. ერთ სარქველში, შესაძლოა, ვლინდებოდეს მხოლოდ ხვრელის ფართობის შევიწროება, ანუ სტენოზი, სარქვლის კარედების ანატომიური მთლიანობის ან ფუნქციის რღვევა, რასაც თან ახლავს სისხლის უკუდინება, ანუ რეგურგიტაცია და მათი შერწყმული ფორმები. გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, იყოს რევმატიზმი, ათეროსკლეროზი, სიფილისი, სხივური თერაპია, ტრავმა, კარდიომიოპათია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ენდოკარდიტი და სხვა.

დღეისათვის არ არსებობს ისეთი მედიკამენტი, რომელიც განკურნავს გულის სარქვლოვან პათოლოგიას. მედიკამენტურ თერაპიასა და ცხოვრების წესის ცვლილებებს გარკვეულწილად შეუძლია სიმპტომების შემცირება, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება, გართულებათა განვითარების შენელება და დეკომპენსაციის გადავადება. გულის მანკის მკურნალობა ქირურგიულია. კარდიოლოგი კარდიოქირურგთან ერთად განსაზღვრავს საუკეთესო დროს სარქვლოვან აპარატზე ჩასარევად, რათა მაქსიმალურად პოზიტიური შედეგი იქნეს მიღწეული მინიმალური ტრავმატიზმით.

- რა არის ვენური უკმარისობა და როგორია მისი მკურნალობის გზები?

- ვენური უკმარისობა ვითარდება, როდესაც ვენებში სისხლის ანტეგრადული, ანუ პერიფერიიდან გულისკენ მიმართული მოძრაობა ირღვევა და აღინიშნება სისხლის უკუნაკადი ვენებში არსებული სარქვლოვანი აპარატის ფუნქციის დარღვევის გამო. სისხლის მოდინება არტერიული სისტემით კიდურებისკენ და უკუდინების შეფერხება იწვევს შეშუპების განვითარებას, ტკივილს, დისკომფორტს, სიმძიმის შეგრძნებასა და დაწყლულებასაც კი. ქრონიკული ვენური უკმარისობა არ არის სიცოცხლისათვის საშიში, მაგრამ შესაძლოა გახდეს ინვალიდობის და ცხოვრების ხარისხის მკვეთრი დაქვეითების მიზეზი.
ქრონიკული ვენური უკმარისობის ძირითადი რისკ-ფაქტორებია სიმსუქნე, უმოძრაო და მჯდომარე ცხოვრების წესი, მწეველობა, ორსულობა, ქრონიკული ვენური უკმარისობის ოჯახური ანამნეზი, ტრავმა, თრომბოზი ან ქირურგიული ჩარევა ქვემო კიდურზე, ძირითად მიზეზს კი ღრმა ვენების თრომბოზი და ფლებიტი წარმოადგენს.

ქრონიკული ვენური უკმარისობის მკურნალობა მოიცავს ქვემო კიდურის ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას არამედიკამენტური გზით, რომელიც მიიღწევა კიდურების მაღლა აწევით, რაც ამცირებს ვენისშიდა წნევას კიდურებში, და კომპრესიული წინდებისა და ნახვევების ტარებით, რაც ზეწოლას ახდენს ვენებზე და აუმჯობესებს სისხლის დინებას. დაუშვებელია კიდურების გადაჯვარედინება ჯდომის დროს; მედიკამენტურ თერაპიას, რომელიც ხელს უწყობს სისხლის ნაკადის სვლას პერიფერიიდან გულისკენ; სკლეროთერაპიას - უპირატესად გამოიყენება შედარებით შორს წასულ შემთხვევებში. ეს ხდება სპეციალური სუბსტანციის ინტრავენური შეყვანით დაზიანებულ სისხლძარღვში, რასაც მოჰყვება დანაწიბურება და ვენა ამოვარდება სისხლის მიმოქცევის სისტემიდან.

- რა დაავადებაა ინსულტი და როგორ განვასხვაოთ იგი მიოკარდიუმის ინფარქტისაგან?

- ინსულტი არის პათოლოგია, რომელიც აღინიშნება თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევის დროს და ხასიათდება თავის ტვინის უჯრედების ჟანგბადოვანი შიმშილით, რასაც თან სდევს უჯრედთა სიკვდილი. განარჩევენ ინსულტის ორ ძირითად ტიპს: იშემიური, ანუ თავის ტვინის ინფარქტი და ჰემორაგიული, ანუ სისხლჩაქცევა თავის ტვინში. კლინიკური სურათი დამოკიდებულია იმ უბნის ლოკალიზაციასა და ზომაზე, სადაც განვითარდა ინსულტი. სიმპტომები მრავალფეროვანია. შესაძლოა, განვითარდეს კიდურის უმნიშვნელო, დროებითი სისუსტე ან კიდურის სრული დამბლა, მეხსიერების დაკარგვა, საუბრისა და აზროვნების შეუძლებლობა და სხვა. მიოკარდიუმის ინფარქტისაგან განსხვავებით, თავის ტვინის ინსულტის კლინიკა უპირატესად ხასიათდება მეტყველების გაძნელებით და მიმართული მეტყველების აღქმის სირთულით, სახის, ზემო და/ან ქვემო კიდურების დაბუჟებით, სისუსტის შეგრძნებით ან მოძრაობის უუნარობით, მხედველობის გაძნელებით ან სიბრმავით ერთ ან ორივე თვალში, ძლიერი, უეცარი თავის ტკივილით, რომელსაც, შესაძლოა, თან ახლდეს თავბრუსხვევა, გულისრევა, ცნობიერების, წონასწორობის დარღვევა და სიარულის გაძნელება და სხვა.

ანა ყარალაშვილი
...
09 დეკემბერი 2017 15:29
როგორ მოვუაროთ თავს ინსულტის მერე
როგორ ვიკვებოთ შეიძლება თუ არა მარილიანი ან შაქრიანი საკვების მიღება,ცხიმიანი,უცხიმო.
გულის მანკი შეიძლება იყოს მიზეზი ო
ინსულტის.

რედაქტორის რჩევით