კვინკეს სიმპტომები - კვირის პალიტრა

კვინკეს სიმპტომები

"არსებობს მემკვიდრეობითი წარმოშობის კვინკეს შეშუპებაც, რომელიც უფრო მამაკაცებთან გვხვდება, მაგრამ ამ ფორმის შეშუპებისას ტკივილი არ იგრძნობა"

ზოგიერთ ჩვენგანს ალბათ უნახავს, როგორ შუპდება ადამიანი მწერის კბენისას ან რაიმე სამედიცინო მედიკამენტის მიღებისას, რაც, ზოგჯერ ლეტალურადაც მთავრდება. ჯანმრთელობის ამ პრობლემას სამედიცინო ტერმინოლოგიით კვინკეს უწოდებენ. თუ რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ, ექიმი ქეთევან გახელაძე მოგვითხრობს.

- კვინკეს შეშუპება ალერგიული ბუნების მოვლენაა, რომელსაც გარკვეული სახის ალერგენები იწვევს, ანუ ეს არის ორგანიზმის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ცხოველის ან თუნდაც მწერის შხამის ორგანიზმში მოხვედრისას. მგავსი რეაქცია შეიძლება საკვებმაც გამოიწვიოს.

კვინკეს შეშუპება სხვა ალერგიული რეაქციებისაგან მკვეთრად განსხვავდება. Uუპირველესად იმით, რომ დიდი ზომისაა და ყველაზე ხშირად ფაშარი უჯრედოვანი აგებულების ქსოვილებს Aაშუპებს. საბედნიეროდ, მსუბუქი ფორმებისას შეშუპება 2-3 დღის შემდეგ ქრება, მაგრამ უკვე საშუალო ზომის შეშუპებისას პაციენტის სტაციონარში გადაყვანა აუცილებელია... კვინკეს შეშუპებამ შესაძლოა მნიშვნელოვან ზომებს მიაღწიოს. იგი იწვევს დაზიანებული ადგილის დეფორმაციას. თუ კვინკეს შეშუპება თავზეა ლოკალიზებული, პაციენტს თავის ტკივილი და ეპილეფსიური შეტევებიც კი ეწყება. განსაკუთრებით საშიშია სახის, კისრის, პირის ღრუსა და ხორხის შეშუპება, რადგან ამ პროცესს სუნთქვის გაძნელება და მოხრჩობა მოჰყვება, თუ, რა თქმა უნდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას დროულად არ მივმართავთ.

- როგორ იწყება პროცესი და რა მექანიზმი მოქმედებს ამ დროს?

- ამ მოვლენების მთავარი `დამნაშავეა~ გარკვეული სახის ცილები, რომელიც მაშინვე აქტიურდებიან, როცა ორგანიზმში მათთვის მიუღებელი ალერგენი გაჩნდება; მანამდე კი ორგანიზმი მათ არსებობას ვერც გრძნობს. მართალია, თავდაპირველად პაციენტი ცილების ასეთ შეტევაზე ტკივილით არ რეაგირებს, მაგრამ შეშუპების ადგილებში წვა და უსიამო შეგრძნება აქვს. განსაკუთრებით პირის ლორწოვანი გარსის შეშუპებისას, რასაც თან შეიძლება მოჰყვეს ხმის ჩახლეჩა, ქოშინი, ჟანგბადის უკმარისობა, მოგვიანებით კი შეშუპების რთული ფორმა გავლენას მოახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზეც, რასაც მოსალოდნელია, ტკივილი და გულისრევაც ახლდეს. არსებობს ქრონიკული ანგიონევროზული შეშუპებაც, რომელიც ზოგჯერ 6 კვირაზე მეტხანსაც გრძელდება. თუმცა, დროული სამედიცინო ჩარევით ამ პროცესის მართვაც შეიძლება - მართალია, ჯერაც უცნობია, თუ რა იწვევს ქრონიკულ შეშუპებას, მაგრამ, საბედნიეროდ, მკურნალობა ეფექტურია. არსებობს მემკვიდრეობითი წარმოშობის კვინკეს შეშუპებაც, რომელიც უფრო მამაკაცებთან გვხვდება, მაგრამ ამ ფორმის შეშუპებისას ტკივილი არ იგრძნობა.

- როცა შეშუპება ვითარდება მაშინ, როცა არ არის პროფესიონალი მედიკოსის დახმარების შესაძლებლობა, რით უნდა ვებრძოლოთ მას?

- ექიმები ვამბობთ ხოლმე, რომ პირველი მკურნალი ადამიანის განათლებაა, - ყოველმა პაციენტმა (ან პატარა პაციენტის მშობელმა), მით უფრო, თუ იგი ალერგიულია, უნდა იცოდეს, რომ მყისიერ შეშუპებას მყისიერი ალერგიული რეაქციები იწვევს, თუკი მსგავსი პროცესი ჰქონია, უნდა იცნობდეს დაავადებას და თან მუდამ ჰქონდეს ანტიალერგიული პრეპარატი, მსუბუქ შემთხვევებში - ანტიჰისტამინური პრეპარატები. კვინკეს შეშუპებით დაავადებული ადამიანისთვის ერთი საყოველთაო წესი მოქმედებს - ასპირინის ან სხვა არასტეროიდული საშუალებების მიღებას თავი უნდა აარიდოს. Aამ დროს მძიმე უკუჩვენება აქვს ცხელი შხაპის და ალკოჰოლის მიღებას. საშუალო სიმძიმისა და მძიმე შემთხვევებში კი აუცილებელია სპეციალისტების კვალიფიციური დახმარება.

- კვინკეს შეშუპების მაპროვოცირებელ პროდუქტებზე რას იტყოდით?

- პაციენტი, რომელსაც ერთხელ მაინც განუვითარდა კვინკე, შეძლებისდაგვარად უნდა ერიდოს კვერცხს, არაქისს, სოიას, ღორის ხორცს, რძეს, თევზსა და ზღვის სხვა პროდუქტებს. დაავადების გამომწვევი პროდუქტი კი პაციენტმა შესაძლოა, თავადაც აღმოაჩინოს საკუთარ თავზე დაკვირვებით.

- ცალკე თემაა კვინკეს შეშუპება ბავშვებში, როცა სხვა გზა არ აქვს, მშობელმა დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოს. რის გაკეთებაა ამ დროს აუცილებელი?

- უპირველესად ზემოჩამოთვლილი ანტიალერგიული პრეპერატები უნდა მისცეს და უსათუოდ გადაიყვანოს კლინიკაში.

ეთერ ერაძე