"კუჭის წყლულით დაავადებულთა ასაკი ძალიან გაახალგაზრდავდა" - კვირის პალიტრა

"კუჭის წყლულით დაავადებულთა ასაკი ძალიან გაახალგაზრდავდა"

კუჭის ტკივილი, სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მსუბუქი ტკივილის დროს აზრადაც არ მოგვდის, ექიმს მივმართოთ, ექიმთან მხოლოდ მაშინ მივდივართ, როცა ტკივილი აუტანელი ხდება. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, დიაგნოსტიკის, გართულებებისა და მკურნალობის შესახებ გვესაუბრება ქირურგი ტარიელ გამყრელიძე:

- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გავრცელებული პათოლოგიაა. მოსახლეობის 8-12% ავად ხდება ამ დაავადებით. ბოლო წლებში ავადმყოფობა 15-17 წლამდე გაახალგაზრდავდა, სამწუხაროდ, გვხვდება 14 წლამდე ასაკის პაციენტებშიც. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით მოზრდილ მოსახლეობაში, უპირატესად, ავადობენ 20-40 წლის, კუჭის წყლულით კი - 40-60 წლის ადამიანები. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა 2-3-ჯერ აღემატება კუჭის წყლულით დაავადებული პაციენტების რაოდენობას.

მთავარი როლი წყლულის განვითარებაში ენიჭება მიკრობულ ინვაზიას, ასევე მნიშვნელოვანია გენეტიკური განწყობა (30-40%), ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, თამბაქოს მოწევა, ექიმის დანიშნულების გარეშე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღება, რაც ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის დაცვითი ფუნქციის დაქვეითებას, აგრესიის გაძლიერებას და წყლულის წარმოშობას.

მთავარი ნიშანი წყლულოვანი დაავადებისა არის ტკივილი, რაც დაკავშირებულია საჭმლის მიღებასთან, სეზონურობასთან (გაზაფხული, შემოდგომა).

განასხვავებენ ადრეულ, გვიან და მშიერ ტკივილებს. ადრეული ტკივილი იწყება საჭმლის მიღებიდან 0,5-სთ-ში, რაც დამახასიათებელია კუჭის წყლულისთვის, გვიანი ტკივილი კი იწყება საჭმლის მიღებიდან 1,5-2 სთ-ის შემდეგ, რაც დამახასიათებელია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისთვის.

წყლულოვანი დაავადების დიაგნოსტიკის ყველაზე ინფორმაციული თანამედროვე მეთოდია ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია. ექიმი ათვალიერებს საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსს. საჭიროებისას შესაძლებელია ბიოფსიის გაკეთება, აგრეთვე - წყლულოვანი დაავადებისა და მისი ზოგიერთი გართულების დიაგნოსტიკა. გამოკვლევა შესაძლებელია კონტრასტული რენტგენოსკოპიითაც.

წყლულოვან დაავადებებს ახასიათებს ხუთი სახის გართულება:

სისხლდენა წყლულიდან

რაც საშიში გართულებაა და შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი პირღებინებით ან კუპრისებრი განავლით კუჭის მოქმედებით. ამ დროს საჭიროა დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაცია სტაციონარში, სადაც ავადმყოფს მაღალი დონის რეანიმაციულ და ქირურგიულ დახმარებას გაუწევენ.

წყლულის პერფორაცია ანუ გასკდომა

ეს გართულება მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ქირურგიული დაავადებაა. წყლულის გასკდომის დროს პაციენტები გრძნობენ"ხანჯლის ჩაცემის მაგვარ ტკივილს მუცლის არეში, სისუსტეს. პაციენტი ფერმკრთალია, ცივი ოფლით დაცვარული, იძულებით მოხრილი ქვედა კიდურებით. საჭიროა დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაცია და დროული ოპერაციული მკურნალობის დაწყება.

წყლულოვანი პილოროსტენოზი

ანუ კუჭიდან თორმეტგოჯა ნაწლავში გადასასვლელის შევიწროება.

განასხვავებენ პილოროსტენოზის კომპენსირებულ, სუბკომპენსირებულ და დეკომპენსირებულ სტადიებს. დიაგნოზის ვერიფიცირება შესაძლებელია კუჭის კონტრასტული რენტგენოსკოპიით და ეზოფაგოდუოდენოსკოპიით.

პილოროსტენოზს ახასიათებს ღებინება, ბოყინი ლაყე"კვერცხის სუნით სუბკომპენსირებულ და დეკომპენსირებულ სტადიებში. სათანადო მომზადების შემდეგ საჭიროა ოპერაციული მკურნალობა.

წყლულის პენეტრაცია, ანუ ჩაზრდა მეზობელ ორგანოებში

ხშირია პანკრეასში ჩაზრდა, თუმცა შესაძლებელია ჩაზრდა ღვიძლში, ღვიძლ-თორმეტგოჯას იოგში, ნაწლავში, მუცლის წინა კედელში და ასე შემდეგ.

წყლულოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ემატება იმ ორგანოს დაავადების სიმპტომები, რომელშიც ჩაზრდილია წყლული.

წყლულის მალიგნიზაცია

ნიშნავს წყლულის გაკიბოვნებას. კუჭის წყლული ითვლება კუჭის კიბოს წინა დაავადებად. დიაგნოზი ისმება ფიბროეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიით, ბიოფსიით. საჭიროა ოპერაციული მკურნალობა.

- ბატონო ტარიელ, რა არის აპენდიციტი და რა გართულებები ახასიათებს მას?

- მწვავე აპენდიციტი არის ბრმა ნაწლავის ჭიაყელა დანამატის მწვავე ანთება. ეს ხშირია და მუცლის ღრუს მწვავე ქირურგიულ დაავადებათა 50%-ს შეადგენს. ძალიან საყურადღებო და შეიძლება ითქვას, ვერაგი დაავადებაა. საჭიროა ექიმთან დროული მიმართვა, რაც დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დროზე დაწყების წინაპირობაა.

გართულებების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების დასაწყისიდან ოპერაციამდე გასულ დროს. შესაბამისად, რაც ნაკლებია ეს პერიოდი, მით ნაკლებია გართულებები.

მწვავე აპენდიციტის ძირითადი ნიშანია მუცლის ტკივილი, რომელიც 70%-ის შემთხვევაში იწყება კუჭის არეში ან ჭიპის ირგვლივ და თანდათანობით გადაინაცვლებს მარჯვენა თეძოს მიდამოში. ახასიათებს გულისრევა, ხშირად ერთჯერადად ღებინება, ტემპერატურის მომატება.

ზოგადად, მუცლის ტკივილის დროს აუცილებელია ექიმთან მისვლა და დიაგნოზის დროული ვერიფიკაცია. ექიმთან ვიზიტამდე კატეგორიულად არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება, რათა არ წაიშალოს კლინიკური სურათი. დროულად დასმული დიაგნოზი და, შესაბამისად, დროულად დაწყებული მკურნალობა, გამოჯანმრთელების საწინდარია.

მთელ მსოფლიოში მწვავე აპენდიციტის მკურნალობა ოპერაციულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვავე აპენდიციტის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ორსულებსა და მოხუცებში. გართულებებიდან აღსანიშნავია მკვრივი აპენდიკულარული ინფილტრატი, პერიაპენდიკულარული აბსცესი, გავრცობილი პერიტონიტი - ანუ მუცლის ფარის ანთება; კარის ვენის თრომბოფლებიტი (შედარებით იშვიათად) ძალზედ ვერაგი გართულებაა. უმთავრესია, მუცლის ტკივილის დროს უექიმოდ არ დაიწყოთ მკურნალობა.

გისურვებთ ჯანმრთელობას, გირჩევთ, დროულად მიმართოთ ექიმს.

უნიკალური ოპერაცია კუჭზე

ახლახან ისრაელში კუჭის უნიკალური ოპერაცია ჩატარდა. თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, უფრო სწორად - ქირურგიული რობოტის დახმარებით, 13 წლის ბიჭს, რომელსაც კუჭის აგებულების თანდაყოლილი დეფექტი ჰქონდა, კუჭის ურთულესი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ოპერაცია ოთხ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

მოზარდის კუჭიდან საკვები, არასწორი მიმართულებით გადაადგილების (ანუ რეფლუქსის) გამო, ხვდებოდა ჯერ უკან საყლაპავში, შემდეგ კი - სასუნთქ გზებში. შედეგად, ფილტვების ანთებისა თუ სხვადასხვა გართულების გარდა, ორგანიზმი ვერც სათანადო საკვებს იღებდა.

ოპერაციის დროს, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ კლინიკაში ჩატარდა, ქირურგიული რობოტი ამოწმებდა ბრიგადის მოქმედების სიზუსტეს და ზრდიდა მათ შესაძლებლობებს. მცირე, დამზოგველი განაკვეთების შემდეგ, ე.წ. რობონავიგაცური კონტროლით, ქირურგებმა გააკეთეს ჯერ საყლაპავისა და კუჭის ზემო ნაწილის პლასტიკა, შემდეგ კი - კუჭის გასავალისა და წვრილი ნაწლავის შეერთების რეკონსტრუქცია.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ პაციენტმა რეანიმაციაში მხოლოდ 24 საათი დაყო, რის შემდეგ სწრაფად გაიარა რეაბილიტაციის პროცესი.

ანა ყარალაშვილი