10 000 "პრავს" 100 000 "ლევი" მოჰყვება - კვირის პალიტრა

10 000 "პრავს" 100 000 "ლევი" მოჰყვება

"ზოგიერთი ცალი ხელით თბილისზე სიმღერებს  წერს და მეორეთი ნარკოტიკით ვაჭრობს"

მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ საქართველოში სოკოებივით მომრავლდა "ფსიქოტროპული აფთიაქები". მერე ამ აფთიაქებმა ნარკოტიკების შემცველი პრეპარატებით ვაჭრობა მორიდებით, სანდო კლიენტურის წრეში დაიწყეს, დღეს კი ე.წ. ფსიქოტროპულ აფთიაქებში ნარკოტიკების შემცველი პრეპარატებით აშკარად ვაჭრობენ. პასუხის მომთხოვი ამ უზნეობაზე კი არა და არ გამოჩნდა.

საქმე ის არის, რომ ეს, პირველ რიგში, ყველაზე კარგად სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა იციან და საკბილოს ყველაზე ხშირად ფსიქოტროპულ აფთიაქებთან უსაფრდებიან. იქიდან გამოსული მომხმარებელი, რომლის ჰაბიტუსი და მოძრაობის მანერა უპირობოდ მიუთითებს მის ნარკოდამოკიდებულებაზე, პირდაპირ სამართალLდამცველებს უვარდებათ ხელში. სასჯელი მომხმარებელს გარანტირებული აქვს, აფთიაქს კი უბატონოდ ხმას არავინ სცემს. თუ რატომ, ეს კითხვა, ბოლოს და ბოლოს, საზოგადოებამ უნდა დასვას. ისიც საინტერესოა, ვინ დგას ამ ბინძური ბიზნესის უკან.

პირადად მე ერთ-ერთი ფსიქოტროპული აფთიაქის გვერდით ვცხოვრობ. აქვე უნდა ვთქვა, რომ ქუჩის ერთ პატარა მონაკვეთზე ორი ფსიქოტროპული აფთიაქია, რომელიც დღედაღამ მუშაობს. ყოველდღიურად აფთიაქში მასობრივად შედის კონტინგენტი, რომელსაც თვალის შევლებითაც ეტყობა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელია. ისინი დაუბრკოლებლად ყიდულობენ სასურველ "წამალს". საქმე იქამდეც კია მისული, რომ წამლების დასახელებაც აღარ არის საჭირო და აფთიაქარები მათ პარკით გამზადებულ "კოქტეილს" აწვდიან, რომელსაც ნარკომომხმარებელთა ენაზე "ბაბოჩკა და 21 ლარი" ჰქვია.

ფსიქოტროპული აფთიაქების მოქმედების სქემა ძალზე მარტივია: აქ იყიდება ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი, ხველის ან დეპრესიის საწინააღმდეგო წამლები. თუმცა ყველა აფთიაქის მფლობელმა და პროვიზორმა ზუსტად იცის, რომ "კოდილაკი" და ანტიდეპრესანტი "კოაქსილი", ნარკოტიკების მომხმარებელთათვისაა განკუთვნილი და მათი მყიდველი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. ეს აფთიაქები არარეგისტრირებული წამლებითაც დაუფარავად ვაჭრობენ, რეგისტრირებულ, რეცეპტით გასაცემ წამლებსაც შეუზღუდავად, ყოველგვარი რეცეპტისა და დანიშნულების გარეშე გასცემენ.

მამუკა ლეჟავა (ნარკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი): - ფსიქოტროპული აფთიაქების მუშაობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. მათ საქმიანობას სხვას ვერაფერს დაარქმევ, თუ არა ნარკოტიკებით თავისუფლად ვაჭრობას. პირადად მე დიდი სიამოვნებით გავაუქმებდი რეგისტრაციას "კოაქსილზე".

- ფარმაცევტული საქმიანობის სამსახური ნარკოტიკის შემცველი პრეპარატის რეგისტრაციის უფლებას აძლევს კერძო პირებს?

- სინამდვილეში "კოაქსილი" ნარკოტიკი კი არა, ანტიდეპრესანტია. ზოგიერთს ეს პრეპარატი ნამდვილად ესაჭიროება, მაგრამ მათ დანიშნულებისამებრ ცოტანი მოიხმარენ. თანაც ფსიქოტროპული აფთიაქები "კოაქსილს" ურეცეპტოდ ყიდიან, რაც დაუშვებელია. პარკებით აქვთ გამზადებული იმ ნარკოტიკული წამლების შემცველი ნაკრები, რომელსაც ნარკომანები მოიხმარენ (საუბარია ჯეფის და ვინტის დასამზადებელ პრეპარატებზე).

საუბედუროდ, ასეთი ავადმყოფების რეაბილიტაცია უფრო ძნელია, ვიდრე ჰეროინის და სუბოტექსის მომხმარებელთა. მათ რეაბილიტაციას წლები სჭირდება და ხშირად შეუძლებელიც კია.

- არავინ კითხულობს, როგორ ხვდება აფთიაქებში კონტრაბანდული "კოდილაკი"?

- ამის გარკვევა ჩემს კომპეტენციაში არ შედის. აშკარაა, რომ საქმე წმინდა წყლის  კონტრაბანდასთან გვაქვს. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი უბედურება. არის სხვა რეგისტრირებული წამლები, რომელიც განსაზღვრული რაოდენობით უნდა შემოვიდეს ქვეყანაში მაგრამ... 10 000  "პრავს" 100 000 "ლევი" მოჰყვება.

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მორალური მხარე საერთოდ უგულებელყოფილია. ამ საქმიანობას "პატივცემული" ოჯახები ეწევიან. სამწუხაროდ, ძალზე მომრავლდნენ სინდის-ნამუსზე ხელაღებულნი, რომლებიც არანაირ მორალურ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. ზოგი მათგანი ცალი ხელით თბილისზე წერს სიმღერებს და მეორით - ნარკოტიკით ვაჭრობს.

- ვის გულისხმობთ?

- მთელმა თბილისმა იცის, მას ბარნოვზე აქვს ფსიქოტროპული აფთიაქი. ამ თანამდებობაზე მუშაობამდე წამლის სააგენტოს ხელმძღვანელი ვიყავი. რეიდი ჩავატარეთ და იმ აფთიაქიდან ნარკოტიკების შემცველი წამლები ამოვიღეთ. ვის აღარ დაარეკვინეს, რომ წამლები დაგვებრუნებინა...ცოტა ხნის წინ ფარმაცევტული საქმიანობის სამსახურმა აქცია ჩაატარა. 2 მილიონის ნარკოტიკების შემცველი ნაგავი ამოიღეს ფსიქოტროპული აფთიაქებიდან, მაგრამ რად გინდათ, მეორე დღეს აფთიაქები ისევ იმავე წამლებით ვაჭრობდნენ.

ეს აფთიაქები ძალზე საშიში იმით არის, რომ ნარკოტიკი ადვილად ხელმისაწვდომი გახდა. ადრე თუ სარბენ-საძებარი იყო, ახლა შედიან აფთიაქში და ხელმისაწვდომ ფასად ხელმისაწვდომ პირობებში ყიდულობენ.  ნანი ბრეგვაძეს და პაატა ბურჭულაძეს არ აქვთ იმხელა რეკლამები, რაც ამ აფთიაქებს - გამოკრული აქვთ უზარმაზარი ბანერები ვეებერთელა წარწერებით - "ფსიქოტროპული აფთიაქი"! ეს ხომ არაპირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ აქ იყიდება ნარკოტიკი. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ აწერენ აფთიაქს, რომ ის ფსიქოტროპულია.

ამ უზნეობის ხელისშემშლელი ბერკეტი არ არსებობს. არარეგისტრირებული წამლებით ვაჭრობა 3-ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ეს საკითხი ჯერ კანონის დონეზე უნდა მოწესრიგდეს. კანონპროექტი დიდი ხანია მომზადებული გვაქვს, მაგრამ მის მიღებას საშველი არ დაადგა. ამას წინათ ფარმაცევტული საქმიანობის სამსახურმა რეიდი ჩაატარა და სადგურის ქუჩაზე აფთიაქები დალუქა. პატარა გოგოები ერთ ამბავში იყვნენ - ჩქარა გააღეთ აფთიაქი, წამალი გვჭირდებაო. არავითარი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს, რომ ამ უსინდისო ხალხს პასუხი მოსთხოვო. უნდა ნახოთ გაუბედურებული ოჯახები, რა დღეში არიან ამ ბავშვების მშობლები, ოჯახის წევრები.

თუ მათზე საზოგადოებამ მორალური ზემოქმედება არ გაზარდა, ძალზე გაჭირდება მათთან ბრძოლა, იმდენ ხვრელს და იმდენ გასაძრომს პოულობენ. მაგალითად, ვიცი ფირმა, რომელსაც შემოაქვს  ნარკოტიკის შემცველი პრეპარატი "კოდიტერფი". ფირმამ განაცხადი გააკეთა ამ პრეპარატის შემოტანაზე და დაარეგისტრირა კიდეც. მისი საბითუმო ფასი 4,57 ლარია, სამ-ოთხ ფირმას 5 ლარად აძლევს, ისინი კი ქსელში 11 ლარად ანაწილებენ. ნახეთ, რამხელა მოგებაზე, რამხელა ფულზეა ლაპარაკი? ამ ფირმას საბუთები სუფთა აქვს. წამალი მისცა ისეთ აფთიაქს, რომელსაც ფსიქოტროპული წამლების გაყიდვის უფლება აქვს.

ამრიგად, "გაპრავებული" აქვთ ყველაფერი. 200-200 ცალს ჟურნალში გაატარებენ, ვითომ რეცეპტით გასცეს და მიდი და უთვალე, ურეცეპტოდ რამდენი გაყიდეს... აქ ძალზე დიდი ფული ტრიალებს.

P.S. როგორც ჩანს, ამ დახვეწილი, კანონიერ ჩარჩოებში მოქცეული სქემის უკან საკმაოდ გავლენიანი პირები იმალებიან. ქვეყანაში, სადაც საბაჟოს გვერდის ავლით ცალი წინდის შემოტანაც კი შეუძლებელია, საინტერესოა, როგორ, რა გზით ხვდება დაურეგისტრირებელი, ნარკოტიკების შემცველი  წამლები.