როგორ მოვერიოთ უძილობას?
09-10-2017
როგორ მოვერიოთ უძილობას?
თანამედროვე ადამიანს ცხოვრება მუდმივად სტრესულ და დაძაბულ გარემოში უწევს, ეს კი მის ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამიტომ გახშირებულ დაავადებებს შორის უძილობა ერთ-ერთი უპირველესია. "ინსომნია ანუ უძილობა ძალზე გავრცელებული დაავადებაა - ის მსოფლიოს მოსახლეობის 33%-ს აწუხებს," - გვითხრა ფსიქოთერაპევტმა მანანა სოლოღაშვილმა, რომელსაც ამ პრობლემაზე ვესაუბრეთ:

- ძილის დანიშნულება ორგანიზმის ენერგეტიკული რესურსების აღდგენაა, რის გარეშეც ადამიანს ნორმალური არსებობა უჭირს. უძილობა დაღს ასვამს არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ მის გარეგნობასაც. ძილის დარღვევას
გაცილებით მძიმე შედეგები მოაქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ხშირად სერიოზული პათოლოგიებიც უძილობით ვლინდება, ამიტომ ჯერ ძილის დარღვევის მიზეზები უნდა დავადგინოთ და მერე დავიწყოთ მასთან ბრძოლა. არსებობს ნორმა, რომელიც ადამიანმა სხვადასხვა ასაკში უნდა დაიცვას: ახალშობილს დღე-ღამეში 20 საათი მაინც უნდა ეძინოს. მცირეწლოვან ბავშვებს - 16 საათი,
10-დან 13 წლის მოზარდებისთვის 13-საათიანი ძილია აუცილებელი, ხოლო მოზრდილს - 7-8 საათი მაინც უნდა ეძინოს.

- რა შეიძლება გახდეს უძილობის მიზეზი?

- უძილობის მიზეზი შეიძლება გახდეს გარემო ფაქტორები და არასწორი ცხოვრების წესი. თუ უძილობა გაწუხებთ, უნდა ერიდოთ გვიან საღამოს მაღალკალორიული საკვების ან კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღებას, როგორიცაა ჩაი, ყავა, შოკოლადი. ძილის დაფრთხობა მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ნახვასაც კი შეუძლია. უძილობის მიზეზი ხშირად არის ჰიპოდინამია, ცხოვრების წესის ან გეოგრაფიული გარემოს შეცვლა. უძილობის მთავარი მიზეზებია სტრესი და ემოციური გადაძაბვაც, ასევე - ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, დეპრესია და ნევროზი. უძილობით ყველაზე ხშირად ქალები და ასაკოვანი ადამიანები იტანჯებიან. ზოგჯერ ძილის დარღვევის მიზეზი ორგანული დაზიანებებია, კერძოდ, ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსი, რომელიმე ორგანოს დაზიანება, ტკივილი ან მედიკამენტების გვერდითი ეფექტი...

- როდის გადადის უძილობა ქრონიკულ ფაზაში?

- უძილოდ გატარებულ რამდენიმე ღამეს უსიამოვნო განცდა და დაღლილობის შეგრძნება ახლავს. თუ უძილობა ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება, ექიმები ინსომნიის დიაგნოზს სვამენ, თუმცა შეიძლება ძილის დარღვევა 1-დან 6 თვემდეც გაგრძელდეს. ეს შედარებით ხანმოკლე ინსომნიაა, ხოლო ინსომნია, რომელიც 6 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, ქრონიკულია.

- ქალბატონო მანანა, როგორ მკურნალობენ ინსომნიას?

- მკურნალობის ორი მეთოდი არსებობს: მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპიული. მედიკამენტებს ნიშნავს ლიცენზირებული ექიმი, იმის მიხედვით, თუ რომელ სტადიაშია ინსომნია, ქრონიკულია ის თუ ნაკლებად მწვავე. მკურნალობა არ უნდა იყოს ხანგრძლივი, რადგან საძილე საშუალებებმა მიჩვევა იცის და გვერდითი ეფექტებიც აქვს, რომლებიც ორგანიზმზე არასასურველად მოქმედებს. უფრო გავრცელებული და მიღებული მეთოდია ფსიქოთერაპიული მკურნალობა, რომელსაც კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ჰქვია. ეს არის მიდგომა, რომელიც სხვა მენტალური აშლილობების, მაგალითად, დეპრესიის, შფოთვების, კვებითი აშლილობებისა და ა.შ... დროსაც კარგად მოქმედებს. ეს მეთოდი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, რომლებიც პაციენტის ინდივიდუალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. სპეციალური ტრენინგებიც კი არსებობს, რითაც შეიძლება პაციენტს ძილის რეჟიმი მოუწესრიგდეს.

- დასასრულ, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც უძილობა ტანჯავს?

- უძილობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მოდუნებული ცხოვრება და ჰიპოდინამიაა. თუ ადამიანს პროფესიაც ხელს უწყობს და სულ ერთ ადგილას უწევს ჯდომა, დაძინებამდე ერთი საათი მაინც უნდა იაროს ფეხით. ასევე სასურველია დადებითი ემოციები, რადგან ნერვიულობა არც ერთ დაავადებას არ უხდება, მით უფრო - ინსომნიას. მთავარია, ეს დაავადება ქრონიკულად არ იქცეს, ვინაიდან ქრონიკული ფორმის დროს უფრო ხანგრძლივი თერაპიაა საჭირო. თუ უძილობას სტრესი იწვევს, პაციენტი სტრესის წყაროს უნდა მოშორდეს. თუ უძილობა გჭირთ, უნდა ეცადოთ, დადებითი ემოციები მიიღოთ, განსაკუთრებით - ძილის წინ: ვიღაცას კითხვის დროს ეძინება, ვიღაცას პიტნის ჩაი ან თბილი რძე შველის. მედიკამენტების დიდხანს გამოყენებას კი არავის ვურჩევ, იმიტომ, რომ ძლიერი პრეპარატები მიჩვევას იწვევს. უძილობის დროს ისევ მცენარეული პრეპარატების მიღება ჯობია, თუმცა მუდმივად არც მათი გამოყენებაა სასურველი. საძილე პრეპარატების დიდხანს მიღება და მათთან შეჩვევა არ ღირს.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით