"ხელიდან არ გაუშვათ ძვირფასი წუთები!" - კვირის პალიტრა

"ხელიდან არ გაუშვათ ძვირფასი წუთები!"

"სწორად შეგროვილი ინფორმაცია და ანამნეზი დიაგნოსტირებისა და სწორი მკურნალობის უდავო წინა პირობაა"

"გადაუდებელ მდგომარეობად მიიჩნევა ადამიანის ორგანიზმში მწვავედ, სწრაფად მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები..."

ექსტრემალურ სიტუაციებში ადამიანის ბედი ხშირად იმაზეა დამოკიდებული, სწრაფად გაუწიეს თუ არა მას პირველადი დახმარება და კვალიფიციური იყო თუ არა ის. ამიტომ პანიკას არ უნდა აჰყვეთ და რაც მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ ძვირფასი წუთები! რა არის პირველადი დახმარება? ეს არის სწრაფად და სწორად დახმარება იმ ადამიანის, რომლის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა. ამ დროს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ გადაუდებელი სამედიცინო განყოფილების ექიმებს. სწორედ მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული პაციენტის სიცოცხლე. გვესაუბრება ექიმი რეანიმატოლოგი ლევან ჭელიძე:

- ბატონო ლევან, რას გვეტყვით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაზე?

- კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი 24 საათის განმავლობაში უწევს სამედიცინო დახმარებას მოსახლეობას. ამ განყოფილებას მომართავენ ავადმყოფები თვითდინებით, ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფის ცენტრის ბრიგადების დახმარებით.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების გამართული და შედეგიანი საქმიანობა დამოკიდებულია, უპირველესად, კვალიფიციური და გამოცდილი უფროსი, საშუალო და უმცროსი სამედიცინო პესონალის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და მოწვეული კონსულტანტების გუნდურ და შეთანხმებულ მუშაობაზე. ეს არის ჯაჭვი, რომლის თითოეულ რგოლს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული და გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, მოვალეობა და მისია, რომელიც გვაკისრია.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მოითხოვს სწრაფ, ზუსტ და ადეკვატურ რეაგირებას. დაუშვებელია შეცდომის დაშვება. ჩვენ ვართ ავადმყოფის გვერდით იმ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდება მას მორალური, ფიზიკური და ხშირად - სულიერი დახმარება.

ეს არის განყოფილება, რომელსაც ადამიანი თვითონ ვერ ირჩევს. ის ბრმად გვანდობს თავის სიცოცხლეს, ჩვენ კი ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ მას, როგორც საკუთარს. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს შეგონება: PRIMUM NON NOCERE - "უპირველეს ყოვლისა, არ ავნო". მეც ვცდილობ, ჩემს კოლეგებთან ერთად ყოველთვის ამ პრინციპით ვიმუშაო.

- რა სახის დახმარებას უწევს მოქალაქეებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება?

- გადაუდებელ მდგომარეობად მიიჩნევა ადამიანის ორგანიზმში მწვავედ, სწრაფად მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები, რომელთა დროს თუ პაციენტს დავუგვიანებთ ან არ აღმოვუჩენთ სამედიცინო დახმარებას, შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. გადაუდებელ მდგომარეობათაგან განსაკუთრებით საშიშია: რესპირატორული (სასუნთქი) სისტემის მწვავედ განვითარებული პათოლოგიები და ამავე სისტემის ქრონიკული დაავადების გამწვავების პერიოდში განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობა; გულსისხლძარღთა სისტემის მწვავე პათოლოგიები: ჰიპერტონიული კრიზი, სინკოპე-გულისწასვლა, კოლაფსი, შოკი, გულის რითმის მოშლა, გულის გაჩერება, სისხლძარღვების ემბოლია და თრომბოზი; ტრავმითა და მოტეხილობით გამოწვეული პათოლოგიები: მრავლობითი ტრავმები, ტრავმული შოკი; ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქცია და შოკი; ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიები: მწვავედ განვითარებული ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, კოორდინაციის დარღვევა, ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა, სოპოროზული და კომატოზური მდგომარეობები, გულყრა და მისი შემდგომი მდგომარეობა, ძალის, მოძრაობისა და მგრძნობელობის უეცარი ან სწრაფად პროგრესირებადი დაქვეითება/მოშლა სხეულის ცალკეულ ნაწილებში ან მთლიანად; ელექტროტრავმა; ჰიპერთერმია: ფებრილური ან ჰექტიური ცხელება - სხეულის ტემპერატურა 38-39 გრადუსი ცელსიუსით და ზემოთ, სითბური და მზის დაკვრა, დამწვრობა; ჰიპოთერმიული სინდრომი - დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება სხეულზე - გადაციება, მოყინვა; ინტოქსიკაციები: სხვადასხვა სახის - საკვებისმიერი, მედიკამენტოზური, სხვადასხვა სახის შხამებით, აირებით, პესტიციდებითა და ქიმიური შენაერთებით; სისხლდენები: საყლაპავიდან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ნაწილებიდან, ჰემატომეზისი, სისხლიანი ღებინება სასუნთქი გზებიდან (ჰემოპტიზისი - სისხლიანი ხველა, ეპისტაქსისი -სისხლდენა ცხვირიდან), საშვილოსნოდან და საშოდან; მწვავე ტკივილი გულმკერდში, მუცელში ან კიდურებში; შარდ-სასქესო სისტემის მწვავედ განვითარებული პათოლოგიები - შარდის შეკავება, ჰემატურია (სისხლიანი შარდვა); ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები - შაქრიანი დიაბეტი კომით, ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია; უცხო სხეულის მოხვედრა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ან სასუნთქ გზებში.

ეს გახლავთ პათოლოგიათა მოკლე ჩამონათვალი, რაც, ძირითადად, გვხვდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში.

- ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ექიმის მოსვლამდე სახლში ან ქუჩაში?

- ძალიან ძნელია, მოკლედ აუხსნა და ასწავლო არასამედიცინო პერსონალს მიზანმიმართული მოქმედება გადაუდებელი სიტუაციების დროს.

ამიტომ ვფიქრობ, საგანმანათლებლო და საჯარო დაწესებულებებში არასამედიცინო პერსონალისთვის უნდა ისწავლებოდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება - როგორ მოიქცნენ ადამიანები ამ დროს, როცა ირგვლივ ქაოსი სუფევს.

- რა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რაც ავადმყოფმა ან მისმა თანმხლებმა პირებმა უნდა მოიმოქმედონ, რათა ხელი შეუწყონ მისთვის დროული და ადეკვატური გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას?

- სამწუხაროდ, ადამიანებს არ ესმით სწორად და ადეკვატურად მიწოდებული ინფორმაციის აუცილებლობა. მეტიც, ზოგიერთს ჰგონია, რომ თუ ექიმი ხარ, აუცილებლად შენ თვითონ უნდა მიხვდე, რა სჭირს პაციენტს. სწორად შეგროვილი ინფორმაცია და ანამნეზი დიაგნოსტირებისა და სწორი მკურნალობის უდავო წინა პირობაა.

ანა ყარალაშვილი