რატომ გვიკანკალებს ხელები
16-10-2017
რატომ გვიკანკალებს ხელები
ალბათ, არაერთს შეუნიშნავს, რომ მოულოდნელად ხელები, კუნთები ან თავი აუკანკალდება ხოლმე, რაც ძალიან აშინებს, კანკალის გადავლისთანავე კი შიში ავიწყდება და მშვიდდება. სამედიცინო ენაზე ამ მოვლენას "ტრემორი" ეწოდება და მართლაც არ განეკუთვნება საშიშ პათოლოგიათა რიცხვს. თუმცა, თუ კანკალი დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, პათოლოგიაც აღმოჩნდეს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. ამის შესახებ ექიმი ნანა ბაზაძე გვესაუბრება.

- ალბათ ბევრს ჰგონია, ტრემორი მხოლოდ ასაკთან არის
დაკავშირებული. ასე არ არის. ახალგაზრდობაშიც ხშირად გვხვდება და არა მხოლოდ ხელ-ფეხის კანკალით, ტრემორი ახასიათებს ტანსაც, თავსაც და ხმასაც კი. თუმცა, ყველაზე ხშირად ხელის ტრემორს ვხვდებით. მათგან უვნებელი გახლავთ ფიზიოლოგიური ტრემორი, რომელიც ფაქტობრივად, ყველა ადამიანს აქვს, ოღონდ თვალით იშვიათად გამოიკვეთება. ძლიერი ემოციის: შფოთვის, ბრაზის, შიშის ან ფიზიკური გადაღლის, ცხელების დროს ტრემორი აშკარა ხდება.
კანკალს ასევე იწვევს ზოგიერთი მედიკამენტის ან ალკოჰოლის ზემოქმედება, ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა, მაგრამ მაპროვოცირებლების ზემოქმედების მოხსნისთანავე კანკალი ქრება.

იმის გასაგებად, რა სახის კანკალთან გვაქვს საქმე და საშიშია თუ არა ის, უმჯობესია, მოვლენა დავყოთ ნიშნების მიხედვით. არსებობს კანკალის ოთხი ძირითადი სახეობა. მათგან პირველი ე.წ. მოსვენების ტრემორია. ის მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანი ისვენებს, მოდუნებულია, ხელები სხეულის გასწვრივ არის ჩამოშვებული. ეს ტრემორი ხელების კანკალს მოიცავს და მაშინვე ქრება, ან მცირდება, როცა ადამიანი ნაბიჯს დგამს. მეორე, პოსტურალური ტრემორი - ხელების დიდხანს ერთსა და იმავე მდგომარეობაში გაჩერების, რაიმის ხელში დაჭერის დროს წარმოიქმნება. ეს ორივე ტრემორი საშიში არ არის. ინტენსიური ტრემორი, რომელიც წარმოიშობა განზრახული მოძრაობის (წერის, თითის ღილაკზე დაჭერის, ობიექტთან მიახლოების) დროს ან ფსიქოგენური ტრემორი აუცილებლად ექიმთან ვიზიტს მოითხოვს, რადგან სხვადასხვა დაავადებისაგან შეიძლება იყოს გამოწვეული.

- ბრძანეთ, ფიზიოლოგიური ტრემორის მსუბუქი გამოვლინება ექიმის ჩარევას არ მოითხოვსო, მაგრამ ალბათ არსებობს ზუსტი ნიშნები, როცა კანკალისას ექიმთან უნდა წავიდეთ.

- როცა კანკალი იმდენად ხანგრძლი­ვია და ძლიერი, რომ ადამიანს მოქმედებაში ხელს უშლის, უთუოდ ექიმს უნდა მივაკითხოთ. საჭიროა, ექიმს მივმართოთ, თუ კანკალთან ერთად თავს იჩენს თავის ტკივილი, სისუსტე, ენის ანომალიური მოძრაობა, კუნთების დაჭიმულობა ან სხვა პათოლოგიური მოძრაობები, რომლებსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს.

- კანკალის ყველაზე გავრცელებული ფორმები რომელია?

- ე.წ. ოჯახური ტრემორი. თუ ის ოჯახის რამდენიმე წევრს აქვს, უკვე ოჯახური ტრემორია, ანუ თაობიდან თაობას გადაეცემა. ის წერისას, ხელის ნივთთან მიტანისას, ჭიქით წყლის დალევისას ან სხვა მოქმედებისას შეინიშნება და ემოციური სტრესის, დაღლილობის, მაღალი ტემპერატურის დროს…ძლიერდება. ამ ფორმის კანკალი არაგენეტიკურიც შეიძლება იყოს და რა იწვევს, ძნელი დასადგენია. მას ხშირად პარკინსონის დაავადებასთანაც აიგივებენ, თუმცა ამ უკანასკნელს სხვა ნიშნებიც ახასიათებს.

- როგორ უნდა დადგინდეს ოჯახურია თუ არა ტრემორი?

- ზოგჯერ უმარტივესი ტესტითაც, მაგალითად, ისეთით, როგორიც ჭიქით წყლის დალევაა, ვლინდება ტრემორის ფორმა, მაგრამ, შესაძლოა, გამოკვლევებიც გახდეს საჭირო. მკურნალობა პათოლოგიის მიზეზზეა დამოკიდებული. სხვათა შორის, კანკალის უმრავლესობა ძირითადი დაავადების განკურნების შემდეგ ქრება (მაგალითად, ფსიქოგენური ტრემორი - შესაბამისი ფსიქოლოგიური პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ).
მედიკამენტური მკურნალობა ხშირად შედეგიანია, თუმცა მძიმე შემთხვევებში ხდება ქირურგიული ჩარევაც.
პაციენტს ვურჩევთ, ყოველთვის ერიდოს კოფეინს, უნდა იძინოს სრულყოფილი ძილით - ძილი ბევრი დაავადების საწინააღმდეგოდ აქტიურად მოქმედებს...

ეთერ ერაძე
მედიკო მიდელასვილი
11 ნოემბერი 2017 17:20
მაქვს ხელების „ტრემორი„ ემოციების დროს, ვარ საბერზნეტსი, მოგეხსენებატ სატანადოტ ვერ ვაქცევ ყურადგებას ჯანმრტელიბას,რა სეიზლება გავაკეტო ანუ ექიმისბგარესე, დიდი მადლობა,ნაწილობლივ მაინც დავწყნარდი, მე უფრო პარკისონის მესინოდა...

რედაქტორის რჩევით