ტუბერკულოზი სტიგმა არ არის - კვირის პალიტრა

ტუბერკულოზი სტიგმა არ არის

ამას წინათ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მომიწია მისვლამ და პაციენტთა სიმრავლემ გამაოგნა. საქართველოში ტუბერკულოზის გამოკვლევასა და მკურნალობას სახელმწიფო უზრუნველყოფს, თუმცა, დაავადებულთა რაოდენობა კვლავ პრობლემაა.

ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ტუბერკულოზით დაავადების 3300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის იყო 187 ბავშვი, რომელთაგან 18-ს დაავადების რეზისტენტული ფორმა აღენიშნა. არსებული სტიგმის გამო, ტუბერკულოზიან მოზარდებს პრობლემები ექმნებათ. ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა სკოლის დამთავრების ბოლო დღეებში თვითმკვლელობაც კი სცადა, რადგან მისი ავადმყოფობის გახმაურების შემდეგ კლასელების მშობლებმა დამრიგებელს ულტიმატუმი წაუყენეს, თუ დაავადებული ბავშვი წამოვა, შვილებს ბანკეტზე არ გავუშვებთო.

ნესტან ჟორჟოლიანი, ბავშვთა ფთიზიატრი: - ხშირად ბავშვები "მცირე ჩივილებს", ადვილად დაღლას თუ ოფლიანობას, ყურადღებას არ აქცევენ, ან ითმენენ, არადა, ამ დროს, შესაძლოა, მხოლოდ დაინფიცირებული იყვნენ. დაინფიცირებული, ფაქტობრივად, ჯანმრთელი ადამიანია, მას კლინიკურად გამოხატული ჩივილები არა აქვს და ორგანოებიც დაუზიანებელია. შესაბამისად, დაავადების ადრეულ ეტაპზე სწრაფად იკურნება. წელს, ზაფხულში, ტუბერკულოზით დაავადებული 3 თვის ბავშვი მოგვიყვანეს. მისი დედ-მამა და უფროსი ძმაც დაავადებული არიან. ჩვილს ფილტვის ინფილტრაციული ტუბერკულოზი უკვე რღვევის ფაზაში ჰქონდა, რაც საგანგაშო დიაგნოზია. მას დაავადების გართულების უამრავი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ისიც, რომ სამშობიაროში ტუბერკულოზის აცრა არ ჰქონდა გაკეთებული.

- ტუბერკულოზის გავრცელება, ძირითადად, დაგვიანებული გამოკვლევის ან არასრული მკურნალობის ბრალია?

- არა მხოლოდ, პრობლემების კომპლექსი გვაქვს, მათ შორის, სამედიცინო სისტემის, კონკრეტულად, ექიმების, ზოგჯერ პაციენტს პნევმონიას ან მსგავს დიაგნოზს უსვამენ, ამასობაში კი მკურნალობა გვიანდება.

- ტუბერკულოზის დიაგნოზის სრულფასოვნად დასადგენად სინჯი გამოიყენება?

- სინჯით სრული დიაგნოზი ვერ განისაზღვრება. მოზრდილ მოსახლეობაში ნახველის ბაქტერიოსკოპიული ანალიზი "ოქროს სტანდარტად" მიიჩნევა, რომელიც მოლეკულურ დონეზე იკვლევს ნახველს და დიაგნოზიც უტყუარია, ბავშვი კი ნახველს ვერ ამოიღებს, რაც გამოკვლევას ართულებს.

- პაციენტების თქმით, მედიკამენტები, რომლებითაც მკურნალობენ, იმდენად მძიმეა, რომ ხშირად მკურნალობის შეწყვეტის მიზეზიც ხდება.

- ყველა მედიკამენტს აქვს გვერდითი ჩვენება და მათი ხანგრძლივად მიღება ნამდვილად არ არის სასიამოვნო პროცესი, მაგრამ მკურნალობის შეწყვეტის მიზეზი უმრავლეს შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის. მკურნალობის დაწყებიდან ძალიან მალე პაციენტი კარგად გრძნობს თავს და ჰგონია, განიკურნა. ტუბერკულოზს ახასიათებს "თამაში" - პაციენტის უცებ გამოკეთება სწორედ ამის შედეგია. როგორც კი მკურნალობას შეწყვეტ, დაავადების ჩხირი ძალას მოიკრებს და ახალი ძალით შეუტევს ორგანიზმს. ასე წარმოიქმნება ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმა, რომელიც მედიკამენტებს ჯაბნის და მისი დამარცხება ძნელდება.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- დაავადების ნიშნების გამოჩენისთანავე ექიმს უნდა მიმართონ.

ლამარა მუმლაძე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილების ხელმძღვანელი: - ბოლო დროს სტაციონარში ბავშვების რაოდენობამ იმატა. სამწუხაროდ, მშობლებს ხშირად დაგვიანებით მოჰყავთ შვილები და საჭირო ხდება ხანგრძლივი მკურნალობა. ზოგჯერ მშობლები მალავენ ბავშვის მდგომარეობას და გამოსაკვლევად არ მოჰყავთ, არ უნდათ ხალხმა მათი პრობლემის შესახებ გაიგოს. გარდა ამისა, თუ ოჯახში ტუბერკულოზით დაავადებულია, ბავშვებს მასთან კონტაქტს არ არიდებენ. არის შემთხვევებიც, როდესაც არც იციან, რომ ოჯახის რომელიღაც წევრი დაავადებულია და ეს ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

- მედიკამენტოზური მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში ერთნაირია?

- ბავშვების მკურნალობა ხშირად კარგად მიდის, რადგან მათი ორგანიზმი უმეტესად ჯანმრთელია, ღვიძლი დაუტვირთავია, ალკოჰოლის, ნიკოტინისა და ნარკოტიკის მავნებლობისგან თავისუფალია. თუმცა, მძიმე შემთხვევებიც გვაქვს. ბოლო სამი-ოთხი წელია ბავშვებში სიკვდილიანობა არ გვქონია. რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევები მოზარდებშიც გვქონდა და მათ ახალი ტიპის გერმანული პრეპარატებით ვმკურნალობთ. გააჩნია, რომელი ტიპის ტუბერკულოზია, განსაკურნებლად ზოგს 20 თვე სჭირდება, ზოგს - ნაკლები. დიდ ქალაქებში დაავადებული გაცილებით მეტია, მაგრამ არც რეგიონები ჩამოუვარდებიან, მაგალითად, აჭარა და სამეგრელო ამ მხრივ უპირობო "ლიდერები" არიან.

დავით ქაჯაია, სათემო ორგანიზაცია "პაციენტთა კავშირის წევრი": "საზოგადოებამ არ იცის, რას წარმოადგენს ეს დაავადება და როგორ ვრცელდება. ერთ-ერთ სკოლაში ტუბერკულოზის ორი რეზისტენტული შემთხვევა დაფიქსირდა და ბიოლოგიის მასწავლებელმა მთელი სკოლის ქლორით დამუშავება გადაწყვიტა. არადა, ტუბერკულოზის ბაცილას ქლორი და ქიმიკატი ვერ სპობს. დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ერთი სიტყვით, სკოლაში პანიკა ატყდა. ყველა სინჯის გასაკეთებლად წავიდა, რაც სულაც არ არის ცუდი, უბრალოდ, ეს ისეთი ფორმით მოხდა, რომ დაავადებული მოსწავლეები ლამის თვითმკვლელობამდე მივიდნენ.

საზოგადოებას, პაციენტსა და მკურნალებს შორის ჯანსაღი კავშირი უნდა იყოს. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ გამოკვლევა საშიში სულაც არ არის და არც ეს დაავადებაა მომაკვდინებელი".

ლალი პაპასკირი