"რეგულარულად შეამოწმეთ ბავშვის თმა" - კვირის პალიტრა

"რეგულარულად შეამოწმეთ ბავშვის თმა"

ბოლო დროს რედაქციაში იმატა ბავშვთა დატილიანების შესახებ შემოსულმა წერილებმა. ცხადია, რომ ამ თითქოს მივიწყებულმა პრობლემამ მასობრივად იჩინა თავი. ზოგიერთი ექიმის აზრით, ეს ჩვეულებრივი ეპიდემიაა, რომელიც სისუფთავესა და ჰიგიენის დაუცველობას არ უკავშირდება. ამასთან, ბევრმა მშობელმა არაფერი იცის პრობლემასთან ბრძოლის საშუალებებზე, სადაც სიახლეებიც არის. ამის თაობაზე ექიმ ლაურა მიქაშავიძეს ვესაუბრებით.

- ბოლო ხანებში მართლაც ძალიან ბევრი შეაწუხა დატილიანებამ, რომელიც ლოგიკას ნამდვილად არ ემორჩილება - ეს პრობლემა ერთნაირად ატყდება თავს იმ ოჯახებს, რომლებიც ყველა ჰიგიენურ ნორმას იცავენ, შვილები ბაგა-ბაღსა თუ სკოლაში მოწესრიგებული დაჰყავთ, და ამ საკითხისადმი ნაკლებად ყურადღებიან მშობლებს.

ტილი არის მოყავისფრო-მოშავო შეფერილობის უფრთო პარაზიტი, რომელიც ადამიანის თავის თმაში იბუდებს, გამოჩეკისას ქინძისთავის ზომას არ აღემატება, მოზრდილი - პაწაწინა მარცვლის ტოლია, ხოლო გაზრდილი - სეზამის მარცვლის ხელა. ტილს არ შეუძლია ხტუნვა და ფრენა, რომ ადამიანიდან ადამიანზე ამ გზით გადავიდეს. სამაგიეროდ, მშვენივრად ცოცავს ტანსაცმელზე, იოლად ახერხებს ადამიანის თავამდე ასვლას და იქ დაბუდებას, იმის მიუხედავად, იქ გრძელი თმა დახვდება თუ მოკლე. საგულისხმოა, რომ ადამიანის ტილს ცხოველის ბეწვზე გამრავლება არ შეუძლია, არც ადამიანის გარეშე შეუძლია გამრავლება.

- რამდენ ხანში მრავლდება?

- როგორც ყველა ცოცხალ არსებას, მათაც გამრავლების განსაზღვრული პერიოდები აქვთ. მომწიფებული, დაახლოებით 9-10 დღის ტილი კვერცხებს დებს თმის ღერის ძირთან ახლოს, სადაც კვერცხები თბილად ინახებიან თავის ქალის ტემპერატურის გამო. კვერცხი, ანუ წილი, დაახლოებით 10 დღეში იჩეკება და თმის ძირში რჩება მხოლოდ ცარიელი, თეთრი კვერცხის ნაჭუჭი. ახალგამოჩეკილი პარაზიტები მაშინვე იწყებენ ადამიანის სისხლით კვებას. მომწიფებისას ტილები ისევ დებენ კვერცხებს და სხვა ადამიანზეც გადადიან, სადაც ასევე მრავლდებიან.

- ზოგი მშობელი ამბობს, ჩემი შვილი საერთოდ არ იქავებდა თავს, ამიტომაც ვერ გავიგე, რომ დატილიანებული იყოო.

- ასეც იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ტილის ნაკბენის მიმართ ალერგია არ აღენიშნებოდა. ქავილს იწვევს არა თავად კბენა, არამედ პარაზიტის კბენისას "ნერწყვის" მიმართ ალერგია; ასე რომ, შეიძლება ბავშვი ისე იყოს დატილიანებული, რომ მან თავი სამი თვის მანძილზეც არ მოიქავოს, თუმცა, ცხადია, ყურადღებიანი დედა შვილის დატილიანებას აუცილებლად შემჩნევს. ალერგიის შემთხვევაში კი კისერზე გამონაყარიც ვითარდება, რაც სწორედ ალერგიის დასტურია.

- ყველაზე მეტად მშობლებს აწუხებთ ტილების მოშორება. ამბობენ, ნავთი, რომელსაც უფროსი თაობები ტილების დასახოცად იყენებენ, აღარ იშოვება, თანამედროვე საშუალებები კი ძალიან სუსტია მათთან საბრძოლველად. ზოგიერთი მათ მოსაშორებლად ზეთსაც იყენებს.

- ზეთის თმაზე წასმისას, 2-3 საათის მანძილზე, პარაზიტი უჟანგბადობით იღუპება. უფროსი თაობები ნავთს მართლაც უსვამდნენ ბავშვებს თმაზე ტილების დასახოცად და ის ნამდვილად არ არის საგანგაშო საფრთხე ჯანმრთელობისთვის, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ გაუფრთხილებლობის შემთხვევაში ნავთი აუცილებლად იქცევა საფრთხედ - გადაჭარბებით გამოყენებისას ის ბავშვის თავის კანს მკვეთრად აზიანებს.

- მაგრამ სხვა საშუალებები იაფი სულაც არ არის. მაგალითად "პარა+" ძალიან ძვირი ღირს და მისი ყიდვა ყველას არ შეუძლია.

- "პარას" გარდა ნებისმიერ აფთიაქში არის ხელმისაწვდომი რამდენიმე ლოსიონი, რომელიც ტილებს ხოცავს. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ტილების მოცილებისას აუცილებელია სპეციალური სავარცხლის გამოყენება. მისი რეგულარულად ხმარებისას, განსაკუთრებით სველი თმიდან, ტილი ადვილად ჩამოდის. სხვათა შორის, სველი თმის დავარცხნით უწამლოდაც შესაძლებელია ტილების მოშორება, მაგრამ სავარცხელი აუცილებლად უნდა ვიხმაროთ. ეგაა, ამ პროცესს უფრო დიდი დრო დასჭირდება. ამასთანავე, არც ერთი სამედიცინო საშუალება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ერთხელ მოხმარებისას სამედიცინო ლოსიონი ან სპრეი 100%-ით იქნება ეფექტური. ამიტომაც არის აუცილებელი ბავშვს თმა ხშირ-ხშირად შევუმოწმოთ, განსაკუთრებით დატილიანების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ.

ეთერ ერაძე