"ფეისბუქდეპრესია" - კვირის პალიტრა

"ფეისბუქდეპრესია"

სოციალურ ქსელზე დამოკიდებულები დღისა და ღამის დიდ ნაწილს ატარებენ ინტერნეტსივრცეში, რის გამოც ზარალდება პირადი ურთიერთობები, კარიერა, სამსახურებრივი ინტერესები

სოციალურ მედიას ყველა ჩვენგანი აქტიურად იყენებს. მის ავკარგიანობაზე დროდადრო სხვადასხვა სახის კვლევა და დასკვნა ქვეყნდება. სოციალური მედიის შესახებ თავის შეხედულებებს ფსიქოლოგი ირინე ტაბუცაძე გაგვიზიარებს:

- ბოლო დროს სოციალურ მედიასთან დაკავშირებულ კვლევებში ხშირად იყენებენ სიტყვას "დეპრესია". დეპრესიის" კლასიკური განმარტებისგან ძალიან შორს დგას ის დეპრესია, რომელსაც სოციალურ ქსელზე საუბრისას მოიხსენიებენ. ტერმინიც დამკვიდრდა - "ფეისბუქდეპრესია".

კლასიკური დეპრესია მძიმე კლინიკური ფორმაა, ადამიანს აღარ სურს სიცოცხლე, იმ პრობლემებში ყოფნა, რომელთაც ვეღარ ერევა.

დეპრესიის მძიმე ფორმაა, როდესაც აღარ გამოდიან სახლიდან, არ დგებიან საწოლიდან, აბნელებენ ოთახს, რომ მზის სხივიც არ შემოვიდეს, კვებისა და ძილის რეჟიმი არეული აქვთ, ჩნდება პირადი ჰიგიენის პრობლემაც, თავს აღარ უვლიან.

- ფეისბუქდეპრესიაში რა იგულისხმება?

- ფეისბუქდეპრესია ხასიათის გაფუჭებას გულისხმობს. ორი ასპექტია ხაზგასასმელი. ერთი, როდესაც სოციალური საშუალებებიდან მიდის ეგრეთ წოდებული ბულინგი, ვიღაცის ჩაგვრა, რომელიც, განსხვავებით რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე ბულინგისგან, 24 საათი მიმდინარეობს. არავის ვუსურვებ მსხვერპლის როლში აღმოჩენას. ქართულ ინტერნეტსივრცეში არის მოზარდების ინტერნეტჯგუფი, სადაც მიღებულია რომელიმე ბავშვის ამოჩემება, ტვირთავენ მასზე ვიდეოს და კომენტარებში მიდის ლანძღვა, დაცინვა... ამას ხშირად მძიმე შედეგებიც მოჰყვება. ერთ-ერთი ასეთი ბავშვის მამამ მისწერა ამ ჯგუფის წევრს, ეხვეწა, რომ მის შვილთან დაკავშირებული ვიდეო მოეხსნა გვერდიდან, თანახმა იყო, ფულიც გადაეხადა, შედეგად უარესად დასცინეს მამასაც.

არის კიდევ მეორე ასპექტი - ჩნდება შურის განცდა და თავს იჩენს უკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით.

- რას გულისხმობთ?

- სოციალურ ქსელში რომ ვწევრდებით, რას ვაკეთებთ? - გვინდა ჩვენი თავი, ცხოვრება საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ. ვტვირთავთ ისეთ ფოტოს, სადაც უკეთ გამოვიყურებით, ვდებთ ჩვენი წარმატების ამსახველ კადრებს, ვიდეოებს, ტექსტებს. არის ადამიანების კატეგორია, რომლისთვისაც ეს ინფორმაცია შესაძლოა ძალიან დამთრგუნველი აღმოჩნდეს. შეიძლება ხედავდეს, რომ მისი ახლობლები, ნაცნობები, მეგობრები დებენ მოგზაურობის, წარმატებული შვილების, ლამაზი და ბედნიერი ოჯახის ფოტოებს, მას კი ეს ყველაფერი არა აქვს და, ბუნებრივია, ითრგუნება.

ცუდ ხასიათს, დეპრესიასა და სოციალურ ქსელებს შორის ნამდვილად არის კავშირი, მაგრამ ეს არ მიანიშნებს მიზეზშედეგობრივ კავშირებს. ის, რომ ფეისბუქში ვარ, არ ნიშნავს, რომ მეც დეპრესია დამემართება. დარწმუნებული ვარ, საქმე პირიქითაა - იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიდრეკილი არიან დეპესიისკენ, მარტოსულობისკენ, უჭირთ ურთიერთობების დამყარება, დროის კონტროლი, ბევრი სხვა პრობლემა აქვთ ცხოვრებაში, სოციალური ქსელი ერთგვარი თავშესაფარია. იქ ბევრად ადვილადაა შესაძლებელი ურთიერთობების აწყობა, საკუთარი აზრის გამოხატვა სხვადასხვა თემატურ ჯგუფში და ა.შ. ფეისბუქი კი არ იწვევს დეპრესიას, პირიქით, ასეთი თვისებების ადამიანები უფრო მეტად სარგებლობენ სოციალური ქსელებით. ლაპარაკია, რა თქმა უნდა, მათზე, ვინც დიდ დროს ატარებს სოციალურ სივრცეში. ყველა ტიპის დამოკიდებულება ცუდია, სულერთია, სოციალური ქსელზე იქნება, აზარტულ თამაშებზე, თამბაქოზე თუ ალკოჰოლზე. სოციალურ ქსელზე დამოკიდებულები ვერ იგებენ, დრო ისე იპარება, დღისა და ღამის დიდ ნაწილს ატარებენ ინტერნეტსივრცეში, რის გამოც ზარალდება პირადი ურთიერთობები, კარიერა, სამსახურებრივი ინტერესები.

თვალში საცემია პრობლემური ადამიანების სტატუსები, მათ ამოსაცნობად სულაც არ მჭირდება მათი ახლოს გაცნობა.

- რა სახის სტატუსებს წერენ, ძირითადად?

- გადაჭარბებულად პოზიტიური სტატუსები ჩემთვის სიგნალია, რომ ეს ყოველივე თავშესაფრადაა ქცეული მისი ავტორისთვის. ბედნიერ ადამიანს ყოველდღიურად არ სჭირდება აფიშირება და ამით ლაიქების აკრეფა, რომ ბედნიერია. ასევე თვალში საცემია ქრონიკული უკმაყოფილება და წუწუნი მთავრობაზე, მეზობლებზე... თუ დიდხანს გრძელდება ამგვარი სტატუსები, ეს სიგნალია, რომ ავტორს რაღაც წესრიგში არ აქვს. შემხვედრია ამგვარი სტატუსები: "შვილის ფოტოებს რომ არ მილაიქებთ, როგორ შეიძლება, მეგობრები გიწოდოთ?!" ჩემთვის ლაიქების რაოდენობა სულ არ უკავშირდება ჩემი შვილის სიყვარულს. რამდენ ლაიქს აკრეფს ჩემი შვილის ფოტო, ჩემთვის არაფერს განსაზღვრავს. აღმოჩნდა, რომ ეს ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია. ეს მისთვის საზოგადოებისგან აღიარებაა.

სოციალურ ქსელებზე დიდი დოზით დამოკიდებულებს, ჩანს, რეალურ საზოგადოებასთან ურთიერთობა ნაკლებად აქვთ. მათ რეალური სამყარო ვირტუალურით აქვთ ჩანაცვლებული. ფსიქოლოგიაში არის ასეთი მიმართულება, კიბერფსიქოლოგია, რომელიც სწავლობს კიბერ და ონლაინურთიერთობებს.

- ერთ-ერთი გამოცემა წერდა, სოციალური მედია მომხმარებელთა 88%-ში იწვევს დეპრესიასო...

- ეს მაჩვენებელი რომ სანდო იყოს, პლანეტის მასშტაბით განგაში გვექნებოდა გამოსაცხადებელი. სოციალურმა მედიამ კარგად წამოატივტივა პრობლემური ადამიანები. ესაა და ეს.

ბედნიერი, წარმატებული და დასაქმებული ადამიანი ფეისბუქში ვერ გაატარებს 5 საათს. იქ მოხვდნენ ის ადამიანები, რომელთაც ბევრი დრო აქვთ და სხვაგან ვერ რეალიზდებიან. ფეისბუქს არ უნდა დავაბრალოთ ჩვენი პრობლემები.

სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების განსჯა ჩვენი საუკუნის პრობლემაა, გავა დრო და ჩაივლის. საზოგადოდ, სიახლეს შიშით ხვდებიან ადამიანები. იყო დრო, როცა შფოთავდნენ, ადამიანები ტელევიზორებთან დიდ დროს ატარებენო. ეს ძალიან ჰგავს სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების გამო შფოთვას.

ეკა სალაღაია