"ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა" - კვირის პალიტრა

"ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა"

ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების შემსწავლელი ევროპის სასწავლო ცენტრის კვლევებით, საქართველოში არასრულწლოვნებში ალკოჰოლიზმის მაჩვენებელი საგანგაშოა. კვლევაში 18 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ. მეათეკლასელ მოსწავლეთა 40% ღვინოს ეტანება, 36% - ლუდს, 30% - სპირტიან სასმელებს და 14% - სხვა დანარჩენს. კანონით 18 წლამდე პირზე ალკოჰოლური სასმელის მიყიდვა იკრძალება, მაგრამ კანონი მხოლოდ ქაღალდზე რჩება. რით არის განპირობებული არასრულწლოვნებში ალკოჰოლის მოხმარება, ამ საკითხზე ნარკოლოგიური ბიუროს ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი გური მენაბდიშვილი გვესაუბრება:

- ალკოჰოლის მოხმარების ასაკი გაახალგაზრდავდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის მენტალური, ტრადიციული ფაქტორი. ოჯახში ასეთი მიდგომა - "მამა, დაცალე ყანწი" - უნდა შეიცვალოს, მეორეა ალკოჰოლის ხელმისაწვდომობა. ჩვენში ალკოჰოლიზმის პრობლემა უფრო მძაფრად დგას, ვიდრე ნარკომანიისა.

- რა ფსიქოლოგიურ გართულებებს იწვევს ალკოჰოლის მიღება მოზარდებში?

- ალკოჰოლი ფსიქიკას ანადგურებს. უამრავ ჰორმონალურ ცვლილებას იწვევს. როდესაც ორგანიზმი ეჩვევა ალკოჰოლს, თავის ტვინის ემოციაზე პასუხისმგებელი ნაწილი პრაქტიკულად უმოქმედო ხდება, თუ არ მოიხმარა ალკოჰოლის დოზა. შესაბამისად, ჰორმონების გამოყოფაც მის მიღებაზეა დამოკიდებული.

ზრდასრული ადამიანი ემოციების ადაპტირებას ახდენს, მაგრამ არასრულწლოვნისთვის ეს საშიშია.

იწყება სწავლისა და ინტელექტის პრობლემები... განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა რეგიონებში, სადაც დასაქმების დაბალი მაჩვენებელია. ალკოჰოლიზმის მკურნალობა ტარდება ნარკოლოგიურ სტაციონარებში, რეგიონებში კი ეს სერვისი არ არსებობს.

ალკოჰოლიზმისგან განკურნება ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ უნდა გაიზარდოს უფასო პროგრამების მასშტაბი, რათა სახელმწიფოს ხარჯზე მეტ ადამიანს შეეძლოს მკურნალობა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელიწადში საქართველოს ოჯახებში 40.548 ტონა ღვინო და 2.227 ტონა არაყი ისმება.

ლელა სტურუა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი:

- კანონით 18 წლამდე პირებისთვის ალკოჰოლის მიყიდვა იკრძალება, თუმცა, ჩვენში ყოველ მეორე ოჯახს აქვს შინ სასმელი.

ღვინის ქვეყანაში რთულია ვითარების შეცვლა, ყოველ ნაბიჯზე სასმლის რეკლამაა. მთავარია, კანონი კანონობდეს, ასევე მნიშვნელოვანია ადამიანების ინფორმირებულობა - რას იწვევს ალკოჰოლიზმი.

განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ, ვებრძოლოთ ამ პრობლემას. საჭიროა, სკოლაში ჯანმრთელობის ხელშემწყობი საგნის შემოღება, სადაც თამბაქოს, ალკოჰოლსა და სხვა მავნე ჩვევებს გააცნობენ ბავშვებს...

ნარკოლოგების დაკვირვებით, აგვისტოს ომის შემდეგ განსაკუთრებით მოიმატა და საგანგაშო გახდა ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი. ეს ომის სტრესით იყო გამოწვეული. მაშინ უფრო ძვირი ღირდა ალკოჰოლი, ვიდრე კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი და ალკოჰოლის ბევრი მომხმარებელი შეუერთდა ნარკოტიკების მომხმარებლებს. ალკოჰოლიზმის პრობლემა ნარკომანიაზე არანაკლებ მწვავეა, თუმცა ეს საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. ვიდრე სკოლებში საინფორმაციო პროგრამები დაიწყება, მინდა, ყველა მშობელს ვუთხრა, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს არასრულწლოვანს ალკოჰოლის მომხარებამ - აზიანებს თითქმის მთელ ორგანოთა სისტემას: ღვიძლის პათოლოგიები, ალკოჰოლური გასტრიტი - კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადება, იშემიური ინსულტი, კუნთოვანი სისტემის დაავადება (კუნთების ანთება, თირკმლის მწვავე უკმარისობა), იმუნური სისტემის დეპრესია, რის შედეგადაც ვითარდება ტუბერკულოზი, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, სიმსივნური დაავადებები, მამაკაცებში რეპროდუქციული სისტემის მოშლა და ა.შ. საჭიროა უფრო მეტი ინფორმაცია და სახელმწიფოსგან ყურადღების გამახვილება ალკოჰოლიზმზე, როგორც მწვავე პრობლემაზე.

საზოგადოებისა და სახელმწიფოს ყურადღება ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისკენ არის მიპყრობილი, ამასობაში კი ალკოჰოლის არასრულწლოვან მომხმარებელთა რიცხვი მატულობს...

ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი

ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი აღმოჩენილია მხოლოდ იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში დიდი რაოდენობით იღებდნენ ალკოჰოლს. ეს პათოლოგია ალკოჰოლის მომხმარებელ ქალთა შვილების 13%-ს აღენიშნება. ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი მოიცავს ბავშვის წონასა და ზრდაში ჩამორჩენას, გონებრივ ჩამორჩენილობას, ქცევით დისფუნქციას, მიკროცეფალიას, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას, აგზნებადობას. ეთანოლი ადვილად აღწევს ნაყოფში. ახალშობილს არა აქვს ამ ნივთიერებების მეტაბოლიზმის ეფექტური სისტემა და ისინი ხანგრძლივი დროით რჩებიან ბავშვის ორგანიზმში.

ნინო წიფურია