"კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღი მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და პრევენციაა" - კვირის პალიტრა

"კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღი მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და პრევენციაა"

საქართველოში, ყოველწლიურად, სიმსივნის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო სამ წელიწადში სიმსივნის შემთხვევები 36-37%-ით გაიზარდა. "საქსტატის" მონაცემებით, შარშან სიმსივნით გარდაიცვალა 6 819 კაცი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მიიჩნევენ, რომ სიმსივნის გაზრდილი შემთხვევები არა თავად დაავადების გახშირებით, არამედ აღრიცხვიანობის მოწესრიგებით არის გამოწვეული. "2015 წლიდან დაინერგა კიბოს პოპულაციური რეგისტრი ქვეყანაში, რომელმაც სწორი ციფრი აჩვენა", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

სპეციალისტები სიმსივნის რიცხვის ზრდას უკავშირებენ სამედიცინო დაზღვევის, ჯანდაცვის სისტემაზე ხელმისაწვდომობასა და მიმართვიანობის გაზრდას. თუმცა, სტატისტიკურად უფრო მეტია დაგვიანებული შემთხვევების გამოვლენა. აუცილებელია მოსახლეობას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს კიბოს ადრეული გამოვლენის მნიშვნელობაზე, რათა დროულად ჩატარდეს საჭირო მკურნალობა და თავიდან ავიცილოთ არასასურველი შედეგი.

ონკოლოგები ამბობენ, რომ კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღი მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და პრევენციაა, ამაში კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, ასევე კიბოს სკრინინგის პროგრამებში ჯანმრთელი პოპულაციის ჩართვა. სიმსივნის დიაგნოსტირების უფასო სახელმწიფო პროგრამით საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაიტარონ: ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლამდე (ითვალისწინებს მამოგრაფიას და საჭიროების შემთხვევაში - მამოლოგის კონსულტაციას, ციტოლოგიას ან ექოსკოპიას); საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60 წლამდე (პაპ-ტესტი და საჭიროებისას - კოლპოსკოპიას); მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70 წლამდე (ტესტი ფარულ სისხლდენაზე); პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70 წლამდე (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ტესტი).

მოსახლეობის ინფორმირებულობა პრევენციულ და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობასა და ღონისძიებებზე უდიდეს როლს თამაშობს. ამ ღონისძიებებში უმთავრესია პირველი ჯანდაცვის რგოლის - სოფლის/ოჯახის ექიმების და ექთანების გაცნობიერებაა. მათი ერთ-ერთი ფუნქცია მოსახლეობის განათლება და პრევენციული და ადრეული გამოვლენის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, ასევე მათ შეუძლიათ გადაამისამართონ ჯანმრთელი მოსახლეობა კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობისთვის. სოფლის ექიმისა და ექთანის კომპეტენტურობასა და კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული, მიაკითხავს თუ არა ქალბატონი სკრინინგცენტრს, განსაკუთრებით მაშინ, თუ, მისი აზრით, არაფერი სტკივა და აწუხებს.

ონკოლოგიის საკითხებზე სწორედ ოჯახის ექიმთა ცოდნის ამაღლებას ემსახურება ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი. რომლის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ონკოპრევენციის ცენტრი და ცენტრი "თანადგომა" ახორციელებენ კიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის შესახებ საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და თბილისში ქართველმა და ჩეხმა ტრენერებმა ჩაატარეს სოფლის/ოჯახის ექიმებისა და ექთანების ტრენინგები ონკოლოგიის საკითხებზე, რომლის მიზანიც იყო პირველადი ჯანდაცვის რგოლის როლის გაძლიერება კიბოს კონტროლის ღონისძიებებში; ასევე, მოსახლეობის საგანმანათლებლო საქმიანობები მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში კიბოსთან დაკავშირებული სტიგმის დაძლევის მიზნით. შეხვედრებზე სამეგრელოსა და გურიის მოსახლეობას მიეწოდება აუცილებელი ინფორმაცია კიბოს პრევენციასა და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობაზე. რაც მთავარია, ჩეხთა ძალისხმევით, ზუგდიდში მალე გაიხსნება ყველაზე მოდერნიზებული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკრინინგცენტრი.

ვაჟა თავბერიძე