ორსულობა ყველაზე დიდი საჩუქარია - კვირის პალიტრა

ორსულობა ყველაზე დიდი საჩუქარია

ორსულობისთვის საჭიროა მომზადება, ფოლიუმის მჟავას მიღება ორსულობამდე 3 თვით ადრე, ორსულობის 13 კვირამდე, ყვითელი სხეულის ფუნქციონირების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში პროგესტრონის დონის კორექცია...

ვიწრო გაგებით, გინეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ქალის სასქესო ორგანოების ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას, გინეკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობას. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული მეანობასთან. რა საშიშროება ემუქრებათ 40 წელს გადაცილებულ ფეხმძიმე ქალებს, რა იწვევს ციკლის დარღვევას? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გინეკოლოგი მანანა ურჯუმელაშვილი გვესაუბრება.

- როდის უნდა წაიყვანოს დედამ შვილი გინეკოლოგთან?

- დედამ ადრეული ჩვილობის ასაკიდანვე უნდა მიაქციოს ყურადღება ბავშვის გარეთა სასქესო ორგანოებს და სარძევე ჯირკვლებს, მაგალითად, გოგონებს ხომ არ აქვთ დიდი ზომის კლიტორი, არის თუ არა შეშუპებული სარძევე ჯირკვლები, ხომ არ არის გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან, გათმიანება.

ბავშვობის ასაკში ყურადღება უნდა გამახვილდეს წონაზე, გათმიანების ხარისხზე, გარეთა სასქესო ორგანოების განვითარებაზე, ზრდის შეფერხებაზე ან პირიქით, სიმაღლეში სწრაფ ზრდაზე. მოზარდობისას - მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებაზე (გათმიანება იღლიის ფოსოში და ბოქვენზე, სარძევე ჯირკვლების განვითარება). თუ პირველი ერთი წლის მანძილზე ვერ მოხდა რეგულარული მენსტრუაციული ციკლის ჩამოყალიბება, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ-რეპროდუქტოლოგს.

ასევე, თუ თქვენს შვილს აღენიშნება ჭარბი წონა ან წონის დეფიციტი, აკნე (გამონაყარი სახეზე, მხრებზე, ზურგზე), გათმიანება, სტრიები, დროულად მიმართეთ ექიმს, რომ ბავშვს არ შეექმნას ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან ყოველივე ეს მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევებით არ შემოიფარგლება და მომავალში სხვა სისტემების ფუნქციის დარღვევასაც განაპირობებს.

- რა იწვევს ციკლის დარღვევას?

- მენსტრუაციული ციკლის დარღვევას იწვევს სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლა. ციკლის რეგულაციაში მონაწილეობს თავის ტვინი, კერძოდ, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემა და მის მიერ რეგულირებადი პირდაპირი და უკუკავშირის მექანიზმებით პერიფერიული ორგანოები (საკვერცხეები, ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვალი, კუჭუკანა ჯირკვალი). ნებისმიერი დარღვევა ამ ერთიან სისტემაში იწვევს მენსტრუაციული ციკლის დარღვევას, რაც საჭიროებს მიზეზის დადგენას, ანუ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

- რა საშიშროება ემუქრებათ 40 წელს გადაცილებულ ფეხმძიმე ქალებს?

- ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება ნაყოფის ქრომოსომული აბერაციების სიხშირე, იზრდება ორსულობის შეწყვეტის რისკი და ასევე ნაყოფის დაუნის სინდრომის განვითარების ალბათობა, რომელიც არ არის გენეტიკურად განპირობებული. თუმცა, შესაძლებელია ამ ყველაფრის პრევენცია.

საჭიროა ორსულობისთვის მომზადება, ფოლიუმის მჟავას მიღება ორსულობამდე 3 თვით ადრე, ორსულობის 13 კვირამდე, ყვითელი სხეულის ფუნქციონირების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში პროგესტრონის დონის კორექცია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოწესრიგება, ორსულობის განმავლობაში სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება.

- როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ორსულობა და რა საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქალი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შემთხვევაში.

- არსებობს კონტრაცეფციის ბევრი მეთოდი: ბუნებრივი, ბარიერული (პრეზერვატივი, ჩაჩი), საშოს სანთლები და აბები, ორალური კონტრაცეპტივები, სპირალი, იმლანტი, საინიექციო, ქირურგიული სტერილიზაცია. კონკრეტული წყვილისთვის უნდა შეირჩეს შესაბამისი მეთოდი პაციენტის ჯანმრთელობის, ცხოვრების წესის, ორგანიზებულობის და სურვილის გათვალისწინებით. ამისთვის ტარდება კონსულტირება და ხდება მისთვის საუკეთესო მეთოდის შერჩევა.

ასევე არსებობს ექსტრემალური კონტრაცეფცია, რომელიც გამოიყენება დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან 24-72 საათის ინტერვალში, რომ არ მოხდეს დაორსულება.

არსებობს სხვადასხვა სახის აბორტი: მედიკამენტური, ვაკუუმ-ასპირაცია და აბრაზიო, ანუ საშვილოსნოს გამოფხეკა. თითოეულ მათგანს აქვს გვერდითი მოვლენები და გართულებები. საშვილოსნოს ხშირ გამოფხეკას შესაძლოა მოჰყვეს უშვილობა, რაც გამოწვეულია საშვილოსნოს შიდა შრის გათხელებით და ნაყოფი ვეღარ ემაგრება საშვილოსნოს ღრუს კედელს, შესაძლოა, განვითარდეს ანთებითი პროცესი საშვილონოს ღრუში, ინფექციის გამო დაირღვეს მილების გამტარობა.

ძვირფასო ქალბატონებო, ორსულობა ყველაზე დიდი საჩუქარია და ბევრი ქალბატონისთვის საოცნებო. მიეცით სიცოცხლეს უფლება, იარსებოს.

- ჩასახვისათვის ყველაზე სასურველი რომელი დღეებია?

- შორიდან დავიწყებ... ქალს 1 მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში უმეტესწილად უმწიფდება ერთი ფოლიკული (იშვიათად 2), რომელშიც კვერცხუჯრედია. ფოლიკული სკდება დაახლოებით ციკლის შუაში და სწორედ ეს პერიოდია ჩასახვისთვის შესაძლებელი.

ვინაიდან სპერმატოზოიდი ცოცხლობს დაახლოებით 4-5 დღე, ამიტომ ოვულაციამდე 5 დღე, ოვულაციის პერიოდი და კიდევ 2 დღე (ეს კვერცხუჯრედის სიცოცხლის ვადაა) შესაძლებელია დაორსულება.

რა თქმა უნდა, ოვულაციის დროის დადგენა შესაძლებელია ულტრასონოგრაფიულად ფოლიკულომონიტორინგის მეშვეობით.

- საკეისრო კვეთიდან რამდენ ხანში არის დასაშვები სქესობრივი ურთიერთობა.

- მშობიარობიდან დაახლოებით 40 დღე ქალს აქვს სისხლიანი გამონადენი, ამიტომ ამ პერიოდში უმჯობესია წყვილმა თავი შეიკავოს სქესობრივი ურთიერთობისგან.

- საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ საშვილოსნოს მიომა შეიძლება ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნას, ასევე მიომა კლიმაქსის შემდეგ თავისით გაიწოვება. რამდენად შეესაბამება ყოველივე სიმართლეს?

- საშვილოსნოს მიომა არის საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც არ განიცდის მალიგნიზაციას და ავთვისებიან ხასიათს არ იღებს. კლიმაქსის შემდეგ კი მიომა აჩერებს ზრდას და უკუგანვითარებას განიცდის.

- რა არის საშვილოსნოს ყელის წყლული და როგორ უნდა ვიმკურნალოთ?

- საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული) არის საშვილოსნოს ყელის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ინფექციით ან წარმოადგენს ავთვისებიანი სიმსივნის საწყის სტადიას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეროზიის გამომწვევი მიზეზის დადგენა და საშვილოსნოს ყელის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა კოლპოსკოპიის და დიაგნოსტიკური კვლევების მეშვეობით, მედიკამენტური, ინსტრუმენტული (კრიოდესტრუქცია) თუ ქირურგიული მეთოდებით.

- მენსტრუალური ციკლის დარღვევა რამდენად უკავშირდება ჭარბთმიანობას და რამდენად საშიშია?

- თუ არ ჩავთვლით რასას, კონსტიტუციონალურ ტიპს და გენეტიკას, ჭარბთმიანობა პირდაპირ არის ასოცირებული მენსტრუაციული ციკლის დარღვევასთან.

ჭარბთმიანობა არის გამოვლინება იმ ჰორმონული დარღვეებისა, რომელიც გამოწვეულია ანდროგენების ჭარბი წარმოებით. ჰირსუტიზმი თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის მომატების, სხვადასხვა გენეზის პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის გამოვლინებაა. ეს ყოველივე კი იწვევს არა მარტო ესთეტიკურ დისკომფორტს, არამედ არის მიზეზი ისეთი პრობლემისა, როგორიცაა შეწყვეტილი ორსულობა და უნაყოფობა.

- დასასრულ, რას იტყვით სასქესო ორგანოების დაავადებების შესახებ.

- არ შეიძლება სასქესო ორგანოების დაავადების უყურადღებოდ დატოვება. იმისთვის, რომ აიცილოთ ინფექციური დაავადებები, უპირველესად უნდა დაიცვათ ჰიგიენის ნორმები, თეთრეული და საცვლები რეგულარულად უნდა გამზეურდეს და დაუთოვდეს, უნდა ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გასინჯვა.

ჩაიტარეთ ულტრასონოგრაფიული კვლევა, კოლპოსკოპიია, სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა. ეს იძლევა საშუალებას, დროულად იქნეს აღმოჩენილი ესა თუ ის დაზიანება, რისი აღმოფხვრაც ადრეულ ეტაპზე უფრო ადვილიცაა და ეფექტურიც.

ქალბატონებო, თქვენ სჭირდებით თქვენს ოჯახებს, შვილებს და ქვეყანას.

ესაუბრა ანა ყარალაშვილი