მარწყვის დიეტა - კვირის პალიტრა

მარწყვის დიეტა

მარწყვი მდიდარია ვიტამინებით, საკვები ნივთიერებებით და მინერალებით, ფოლიუმის მჟავათი, ჩ ვიტამინის წყალობით (100 გ მარწყვი შეიცავს 100 მგ C ვიტამინს) დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამაღლებს იმუნიტეტს.

გარდა იმისა, რომ მარწყვი საუკეთესო ანტისეპტიკია (ამცირებს პირის ღრუს ანთების რისკს), ანტიდეპრესანტიცაა. საკმარისია 150 გ კენკრა მიირთვათ და გუნება გამოგიკეთდებათ; ამასთან, დაბალკალორიულიცაა. თუ გსურთ წონაში დაიკლოთ, მიირთვით უშაქრო მარწყვი კეფირით.

სხვათა შორის, მარწყვი არ არის სასურველი ფეხმძიმეებისა და ალერგიისადმი მიდრეკილთათვის.

გთავაზობთ 4-დღიან მარწყვის დიეტას (დაიკლებთ 2,5კგ-ს).

I დღე - პირველი საუზმე: ნატურალური იოგურტით შეკაზმული მარწყვის, ვაშლის და 1/2 ბანანის სალათა.

მეორე საუზმე: მარწყვის რძე (მიქსერით ათქვიფეთ 100 გ მარწყვი, დაუმატეთ 100 მლ რძე, 50 მლ უგაზო მინერალური წყალი).

სადილი: სატაცურის, მარწყვის, კიტრის, ლიმონის წვენმოსხმული შემწვარი ქათმის თეთრი ხორცის სალათა.

სამხარი: მარწყვის იოგურტი (150 გ მარწყვი, 75 გ მაწონი და 1 ჩ/კ თაფლი).

ვახშამი: იოგურტით შეკაზმული მოხარშული კარტოფილის, ხახვის, ნიახურის, მარწყვის, 50 გ უცხიმო ხაჭოს სალათა.

II დღე - პირველი საუზმე: 2 ნაჭერ ორცხობილას წაუსვით 50 გ ცხიმიანი ხაჭო, ზემოდან დააწყვეთ დაჭრილი მარწყვი.

მეორე საუზმე: 150 გ მარწყვის, 50 გ იოგურტის და 100 მლ უშაქრო ანანასის წვენის კოქტეილი.

სადილი: 2 მაჭკატის (ბლინურა), მარწყვისა და 100 გ ვაშლის პიურე.

სამხარი: მარწყვიანი მაწონი (150 გ მარწყვი, 150 გ მაწონი და 1ჩ/კ თაფლი).

ვახშამი: იოგურტითა და 2ს/კ ლიმონის წვენით შეკაზმული თავხვეული სალათის, ტკბილი ყვითელი წიწაკის, პომიდვრის, 100 გ მარწყვის სალათა, 2 ნაჭერი ორცხობილა.

III დღე - პირველი საუზმე: მარწყვის პიურე, ტკბილი მაწონი და 1ს/კ ვაშლის წვენი, 100 გ ხაჭო, 1/2 ბანანი.

მეორე საუზმე: მარწყვის კეფირი (100 გ მარწყვი, 150 მლ უცხიმო კეფირი და 1ჩ/კ თაფლი).

სადილი: ზეითუნის ზეთით შეკაზმული ნესვის, მარწყვის, ხბოს ან ღორის ხორცის სალათა.

სამხარი: მარწყვის, 150 მლ ფორთოხლის წვენისა და 1ჩ/კ თაფლის სალათა.

ვახშამი: ბოსტნეულის რაგუ და გამომშრალი პური.

IV დღე - პირველი საუზმე: 2 ც ორცხობილა, 2 ნაჭერი ყველი, მარწყვი.

მეორე საუზმე: მაწვნითა და თაფლით შეკაზმული მარწყვის, ვაშლის, ფორთოხლის სალათა.

სადილი: მოხარშული ვირთევზა და ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით შეკაზმული სალათის ფოთლების, მარწყვის, მწვანე ხახვის სალათა.

სამხარი: 300 გ მარწყვს დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი და 1ჩ/კ თაფლიანი წყალი.

ვახშამი: იოგურტით შეკაზმული მარწყვის, 50 გ ხაჭოს, სტაფილოს, ნიახურის, ტკბილი წიწაკის სალათა.