რა ვიცით ჰიპერჰიდროზის შესახებ - კვირის პალიტრა

რა ვიცით ჰიპერჰიდროზის შესახებ

მედიცინის ენაზე ჭარბოფლიანობას ლოკალურ ჰიპერჰიდროზს უწოდებენ, რომლის დროსაც ოფლიანდება სხეულის ზოგიერთი ნაწილი, განსაკუთრებით ფეხები.

ფეხების ჭარბოფლიანობას, რასაც თან სდევს სუნიც, განსაკუთრებით უჩივიან მამაკაცები. რაღას არ აკეთებენ, რომ ამ უსიამოვნებას დააღწიონ თავი. ყოველდღე ფეხების დაბანა, დღის განმავლობაში წინდების გამოცვლა, იყენებენ სპრეებს, დეზოდორანტებს, მაგრამ ამაოდ...

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ უსიამოვნო სუნის გასაქრობად უნდა გამოვიყენოთ პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან ოფლის ბაქტერიების გამრავლებას, მაგალითად, ტრიკლოზონის შემცველი საპონი "სეიფგარდი".

ხშირად ოფლიანობის მიზეზია სტრესი, ნერვიულობა, გადაღლილობა, დაძაბული შრომა, შეიძინეთ აფთიაქში ნებისმიერი დამამშვიდებელი საშუალება, მიიღეთ: თავშავა, შავბალახა, ბარამბო, პიტნა, კატაბალახა.

ხშირად ლოკალური ჰიპერჰიდროზის მიზეზია ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია. ამის გარკვევა ძნელი არ არის: თუ რეაგირებთ ამინდის ცვლილებაზე, ხშირად გესხმებათ თავბრუ, გრძნობთ მოთენთილობას, უმიზეზო ძილიანობას, სისუსტეს, ე.ი. ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია გაქვთ.

გთავაზობთ ამ დაავადების სამკურნალო რეცეპტებს:

1. 1ჩ/კ გამხმარ, დაქუცმაცებულ ლიმონურას ნაყოფს დაასხით 1 ჩ/ჭ ცხელი წყალი, 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, კარგად გაწურეთ, დაამატეთ იმდენი წყალი, რამდენიც თავიდან იყო, მიიღეთ თითო ს/კ 2-ჯერ, ნაშუადღევს.

2. 2 ს/კ თხაწართხლას დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 6 საათი, გაწურეთ და მიიღეთ უზმოზე თითო ს/კ დღეში 2-3-ჯერ.

3. წითელი ანწლის დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ საღამოს.

ყველა ნაყენი და ნახარში უნდა მიიღოთ 2-4 თვე და ის ნაყენი და ნახარში გაიმეოროთ, რომელიც უკეთეს შედეგს იძლევა.

ზოგჯერ ფეხების ოფლიანობას იწვევს არასწორი კვება: ამიტომ 2 კვირა უარი უნდა თქვათ სპირტიან, გაზიან, მწარე, ცხარე, დამარილებულ საკვებზე, ძმარზე, მარინადებზე. სამაგიეროდ, მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი, კარტოფილი, ბადრიჯანი, კომბოსტო, გარგარი, ჭერმის ჩირი, შავი ქლიავი, ქიშმიში, ყურძენი.

თუ ყველა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა - ჰიპერჰიდროზი არ გნებდებათ, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს.