"ჯანმრთელი ბავშვების დაავადება" ანუ სახიფათო ნაწლავური ინფექცია - კვირის პალიტრა

"ჯანმრთელი ბავშვების დაავადება" ანუ სახიფათო ნაწლავური ინფექცია

ექიმები მას სხვაგვარად "ჯანმრთელი ბავშვების დაავადებასაც" უწოდებენ და ამბობენ, რომ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს. ვინაიდან ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, მიკრობების გამრავლებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, ნაწლავური ინფექციების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ამ დროს შეინიშნება.

ოთარ რუსაძე (მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული დეპარტამენტის თავმჯდომარე): - ბოლო დროს ძალიან ხშირად მოჰყავთ ჩვენთან ბავშვები სხვადასხვა ნაწლავური ინფექციით. დაავადება იწყება დიარეით, ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით, დამახასიათებელია სისხლიანი განავალი, რასაც შემდეგ თან სდევს შარდის გამოყოფის შემცირება. ეს კი შემდეგ თირკმლის უკმარისობის მიზეზი ხდება. თუ თირკმელმა თავისი დანიშნულება ვერ შეასრულა, აზოტური წიდები სისხლში რჩება და ორგანიზმზე მომწამვლელი შხამივით მოქმედებს. ამას ემატება ისიც, რომ ორგანიზმიდან ვერ გამოყოფს სითხეს და ეს ყველაფერი ილექება პლევრაში, მუცლის ღრუში, რაც შინაგანი ორგანოების შეშუპებას იწვევს. ასეთ პაციენტებს აუცილებლად სჭირდებათ ხელოვნურ თირკმელზე ჩართვა. ეს ფაქტობრივად ერთადერთი გამოსავალია, რომ ბავშვს გადარჩენის შანსი მიეცეს. წლების წინ, ყოველწლიურად ასეთი დაავადებით კლინიკაში ორი ან სამი, ყველაზე ბევრი ოთხი პაციენტი თუ შემოდიოდა, ახლა კი ერთდროულად 8-9 ბავშვი შემოჰყავთ.

ზაფხულის დაწყებისთანავე, პირველი ბავშვი, რომელიც ნაწლავური ინფექციით კლინიკაში შემოვიდა, გერმანელი იყო. მისი მშობლები ერთ-ერთი ქართული კომერციული ბანკის თანამშრომლები არიან. როგორც გვითხრეს, დაავადებას გადაუდუღებელი რძის მიღებით ხსნიან. ბავშვს დიაგნოზი აქ დავუსვით, მაგრამ სამკურნალოდ სამედიცინო ვერტმფრენით გერმანიაში წაიყვანეს. როგორც შეგვატყობინეს, პატარა გადარჩა.

- რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, რომ თავიდან ააცილოს შვილს ნაწლავური ინფექცია?

- პირველ რიგში, ჰიგიენურ ფაქტორებს. აუცილებელია ხელის დაბანა და დამუშავება საპირფარეშოს შემდეგ. სოფლებში ხშირად მინახავს, რომ სასმელი წყლის ჭა საპირფარეშოსგან სულ რაღაც ათიოდე მეტრშია და შესაძლოა ფეკალიები სასმელ წყალში მოხვდეს. ამიტომ გამოყენებამდე წყალს ბაქტერიოლოგიური კვლევა უნდა ჩაუტარდეს. თავს ვერ დავდებ, მაგრამ ხშირად დაავადებას არაპასტერიზებული რძის ან თერმულად დაუმუშავებელი ხორცის მიღება იწვევს. შესაძლოა, ეს ნაყინმაც გამოიწვიოს. ჩვენი მოვალეობაა გამოვიკვლიოთ, რომელმა მიკრობმა გამოიწვია ნაწლავური ინფექცია, მაგრამ იმის ძებნა, რაშია ეს მიკრობი, ჩვენს შესაძლებლობებს სცდება.

- როგორია დაავადების პირველადი სიმპტომები?

- ნაწლავთა გახშირებული მოქმედება და სისხლიანი განავალი, რასაც თან ახლავს თირკმლის უკმარისობა. თუ ბავშვი მცირე ასაკის არის და პამპერსი აცვია, მშობელი შარდის გამოყოფის მოცულობას ვერ აკონტოლებს. ასეთ დროს კონტროლი, რამდენი სითხე მიიღო პატარამ და რამდენი გამოყო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არადა, ხშირად დაავადების მიმდინარეობა ორი-სამი დღის განმავლობაში მშობლის ყურადღების მიღმა რჩება. თუ პაციენტი დროულად მიმართავს კლინიკას, მისი განკურნება გაცილებით იოლია, და შესაძლოა ხელოვნური დიალიზი არც დასჭირდეს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ჰემოგლობინის კონტროლი. თუ მშობელი ბავშვს თუნდაც უმნიშვნელო სიყვითლეს შეამჩნევს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ორგანიზმში მიმდინარეობს ერითროციტების დაშლის პროცესი. შესაძლოა, სხვა სიმპტომებს პირღებინებაც ახლდეს.

- ყველაზე ხშირად რა ასაკის ბავშვებში გვხვდება ნაწლავური ინფექციები?

- წლების წინ, ნაწლავური ინფექციები მეტწილად 3 წლამდე ბავშვებში გვხვდებოდა, ახლა კი მოზრდილი ასაკის პაციენტებიც მომრავლდა. მაგალითად, კლინიკაში გვყავს 6, 9, 12, 13 და 14 წლის პაციენტები. მათ შორის, ვინც ახლა მკურნალობს, მხოლოდ სამია 3 წლამდე ასაკის. ამ რვა პაციენტიდან ერთის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ შევძელით. სამ წლამდე ასაკის ბავშვებში პროგნოზი ყოველთვის უფრო ცუდია, ვიდრე მოზრდილებში. ტექნიკურადაც რთულია, პატარა ხელოვნურ თირკმელზე ჩართო. წარმოიდგინეთ, თითო დიალიზის დროს 12-13-ჯერ მთელი სისხლი გარეთ გამოდის, იფილტრება და უკან, ორგანიზმში ბრუნდება. ბავშვს, რომელსაც სულ რაღაც 700-800 გრამი სისხლი აქვს, ყოველ დიალიზზე ასეთი ცირკულაციის ატანა ძალიან უჭირს. ფაქტობრივად, კვდება და აცოცხლებ. მოზრდილებში ამას უფრო იოლად აკეთებ.

დაავადება შესაძლოა ზრდასრულ ასაკშიც დაემართოს ადამიანს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ამ დიაგნოზით თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 წლის ქალი გარდაიცვალა. დაავადება ლეტალურად დამთავრდა კახეთში. სავარაუდოდ, იქ ზუსტი დიაგნოსტირება ვერ მოხერხდა. ასეთი ავადმყოფი დიალიზზე უნდა მოხვედრილიყო, კახეთში კი ეს აპარატი არა აქვთ.

- მკურნალობის ხარჯებს პაციენტები ანაზღაურებენ თუ სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს?

- პაციენტთა უმეტესობა დაზღვეულია, ზოგზე დაზღვევის 3 წლამდე პროგრამა ვრცელდება. რა თქმა უნდა, იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც შემოსული პაციენტი დაზღვეული არ იყო. მაგალითად, ცოტა ხნის წინ კლინიკაში დავაწვინეთ გორელი ბიჭი, რომელზეც უმწეობის სამედიცინო პოლისი გაცემული იყო, მაგრამ დაზღვეულთა ბაზაში ჯერ არ ჰყავდათ შეყვანილი. ამის გამო ბავშვის მკურნალობის დაფინანსებაზე უარი მივიღეთ. ჩვენი კლინიკის დირექტორმა თავად აიღო მკურნალობის დაფინანსების ინიციატივა. ერთჯერადი ჩართვა ხელოვნურ თირკმელზე 120 ლარი ღირს. წინასწარ ვერავინ იტყვის, სრულ გამოჯანმრთელებამდე რამდენჯერ დასჭირდება ბავშვს დიალიზზე მიერთება. ზოგს სამჯერ სჭირდება, ზოგს კი 12-ჯერ. თირკმლის ფუნქციის აღდგენის დაწყებას, სავარაუდოდ, მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ ველოდებით, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ პაციენტი მთელი წლის განმავლობაში რჩება.

- მკურნალობის შემდეგ სრული გამოჯანმრთელება ხდება თუ დაავადება რაიმე კვალს მაინც ტოვებს?

- რა თქმა უნდა, ნეფრონების ერთი ნაწილი იღუპება, მაგრამ ხომ არიან ისეთები, ვინც ცალი თირკმლით იბადება, სრულფასოვნად ცხოვრობს და მხოლოდ 80 წლის ასაკში იგებს ამ პათოლოგიის შესახებ. აი, თუ მკურნალობის შემდეგაც თირკმელმა აზოტის გამოყოფის ფუნქცია ვერ შეასრულა, მაშინ დაავადება ქრონიკულ ფაზაში გადადის და პაციენტი მუდმივად საჭიროებს დიალიზს. შემდეგ კი უკვე დგება თირკმლის გადანერგვის აუცილებლობა.

ემა ტუხიაშვილი