როგორ შევირგოთ დღესასწაული - კვირის პალიტრა

როგორ შევირგოთ დღესასწაული

"სამწუხაროდ, ექიმების შეგონება, ნაკლები მიირთვით და ზომიერად დალიეთო, რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა... სჯობს, ნაკლები დავლიოთ და ახალი წლით ვისიამოვნოთ"

ახალ წელს ყველა სიხარულით ველით, მაგრამ მალევე ვხვდებით, რომ უზომო ჭამა-სმას დღესასწაულის სიხარული ჩაუმწარებია - ცუდად ვართ. ხშირად სასწრაფო დახმარების გამოძახება ხდება საჭირო. შეიძლება ბევრმა არც იცის, მაგრამ ახალი წლის ღამეს, როცა თითქმის ყველა ილხენს, სასწრაფო დახმარების ექიმებს დროც არ აქვთ, თუნდაც რამდენიმე წუთით ჩამოსხდნენ - ერთი გამოძახებიდან მოსვლასაც ვერ ასწრებენ, რომ მაშინვე მეორე ზარი გაისმის. ასე რომ, უხვი სუფრის ნაცვლად მსგავს სამედიცინო ცენტრებში ხშირად ნახავთ მოხარშულ კარტოფილს და პურს. სამაგიეროდ, ეს ექიმები საახალწლო ინტოქსიკაციით არ იტანჯებიან. როგორც ექიმი როლანდ ბუსხრიკიძე ამბობს, წლევანდელი ახალი წლის ღამესაც სასწრაფო დახმარების სამსახურს ძირითადად საჭმლით მოწამვლის გამო იძახებდნენ, სამწუხაროდ, ჩხუბის და ავტოავარიების გამოც.

- სამწუხაროდ, ექიმების შეგონება, ნაკლები მიირთვით და ზომიერად დალიეთო, რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. სხვათა შორის, ნაყროვანება, ფიზიკურთან ერთად, სულიერ ტვირთადაც ითვლება. როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადად, საახალწლოდ სასმლით მოწამვლის გამო გვიძახებდნენ, უმეტესად გამთენიისას, ვინაიდან ინტოქსიკაცია საკვების ან სასმლის მიღებიდან 5-6 ან 12-14 საათის შემდეგ ხდება.

- ზოგიერთი სასმლით მოწამვლას სერიოზულად არ თვლის. მიიჩნევს, რომ ერთი უგუნებობის მერე მალე ყველაფერი გაქრება.

- ასე არ არის. ალკოჰოლით მოწამვლისას გონების დაკარგვა სიკვდილთან მიახლოებულია. გადარჩენის შემთხვევაში კი ზოგჯერ ტვინის ნაწილი ზიანდება. ამ დროს ძირითადად ახალგაზრდები იწამლებიან - ისინი ძალიან მოკლე დროში ბევრს სვამენ. ღვიძლი ალკოჰოლის გადამუშავებას ვერ ასწრებს - სხვადასხვა სასმლის გადამუშავებას სხვადასხვა დრო სჭირდება. გადაჭარბებით სმისას ღვიძლი ფუნქციის შესრულებას ვერ ასწრებს და ადამიანი იწამლება.

მაგალითად, ღვიძლი დაახლოებით ერთ საათს ანდომებს 355 მლ ჩვეულებრივი ლუდის (ალკოჰოლი 5%) გადამუშავებას; 7%-იანი ალკოჰოლის შემცველი მძიმე ლუდისას კი მხოლოდ 237-266 მლ-ს ამუშავებს; ასევე ერთი საათი სჭირდება 12%-იანი ალკოჰოლის შემცველი 148 მლ ღვინის გადამუშავებას.

- როგორია მძიმე მოწამვლის ნიშნები?

- მძიმე მოწამვლის დროს სუნთქვა იშვიათდება, გულის ცემა ქვეითდება, კანი სველი და მოლურჯო ხდება, ამოსუნთქვა-ჩასუნთვას შორის ინტერვალი ზოგჯერ 8 წამზე მეტიც კია.

- ასეთ დროს პირველი დახმარება როგორია?

- პირველი დახმარება ექიმის გამოძახებაა, თუმცა, თუ ადამიანი უგონოდ არის, აუცილებლად უნდა გადავაბრუნოთ გვერდზე, რათა ნაღებინები მასა არ გადასცდეს და არ დაიხრჩოს. ყველაფერს კი სჯობს, რომ ნაკლები დავლიოთ და ახალი წლით ვისიამოვნოთ.

ეთერ ერაძე