მთავარია გრიპის ვირუსები არ "დაქორწინდნენ" - კვირის პალიტრა

მთავარია გრიპის ვირუსები არ "დაქორწინდნენ"

შემოდგომის მოახლოება კიდევ უფრო აქტუალურს ხდის 2009 წლის გრიპის ვირუსის, ჰ1ნ1-ის თემას. ბოლოხანს გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინაში ღორის გრიპი აღმოაჩნდა... ინდაურს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს აღნიშნულ ფაქტში. თუმცა, სავარაუდოა, რომ ახალმა ვირუსმა მუტაცია განიცადოს და ბევრი ადამიანი დაასნებოვნოს.

პაატა იმნაძე: -  გრიპის ყველა ვირუსი თავიდან ფრინველებისგან ჩნდება. შემდეგ ზოგ შემთხვევაში იძენს ისეთ თვისებებს, რომ შესაძლოა გადაედოს ცხოველს ან ადამიანს. ადამიანზე გადადების შემთხვევაში ვიღებთ პანდემიებს და სწორედ ეს იწვევს პანიკას. სპეციალისტებს ეშინიათ, ასეთ დროს არ მოხდეს ვირუსის სახეცვლილება.

- ადამიანის ორგანიზმში მოკალათებული ვირუსი ახალ სახეს მიიღებს?

- ეს დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორზე. თუ ადამიანს აქვს გრიპის ჩვეულებრივი, დღემდე არსებული გრიპის რომელიმე ვირუსი და ამავე დროს შეეყრება ჰ1ნ1 ან ფრინველის სხვა ვირუსი, შესაძლოა ეს ვირუსები "დაქორწინდნენ" და მათი შეჯვარების შედეგად გაჩნდეს ახალი ვირუსი, რომელიც ან ძალიან ძლიერი და საშიში იქნება, ან სუსტი და ვერავის ვერაფერს ავნებს. გრიპის ორ ვირუსს სინჯარაში მშვენივრად შეუძლია შერწყმა და ახლის წარმოქმნა. შესაძლოა სინჯარის როლი უნებლიეთ იკისროს ადამიანმაც. მაგრამ ახლა ჩვენ თეორიებზე ვლაპარაკობთ, საპანიკო სიტუაცია კი ნამდვილად არ არის. ჯერჯერობით ეს ვირუსი სიმძიმის ხარისხით არაფრით განსხვავდება გრიპის სხვა ვირუსისგან. პანდემიური ჰ1ნ1 ჩვეულებრივი გრიპია.

- შეიძლება ითქვას, რომ მომაკვდინებელი არ არის?

- მომაკვდინებელი ჩვეულებრივი გრიპის ვირუსიც არის. აქამდე საქმე არ უნდა მიიყვანო.

- თუ ჩვეულებრივი ვირუსია, ე.ი. განსაკუთრებული პრეპარატებიც არ სჭირდება.

- ნამდვილად არ სჭირდება, ტამიფლუ და რელენზა ამ გრიპისთვის არ მოუგონიათ, ნებისმიერი გრიპის ვირუსის სამკურნალო საშუალებებია. პაციენტი ვერანაირ განსხვავებას ვერ გრძნობს გრიპის ნებისმიერი ვირუსის შეყრის დროს. მისთვის სულერთია ჰ1ნ1 დაემართება თუ ჩვეულებრივი სეზონური გრიპის ვირუსი. რადგან მას ემართება უბრალოდ გრიპი. ჩვენთვის, სპეციალისტებისთვის არის საინტერესო თუ რომელ ვირუსთან გვაქვს საქმე, რომელი ვირუსი დადის ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში.

- საიდან ჩნდება გრიპის ვირუსი?

- როგორც უკვე გითხარით, ფრინველებიდან ჩნდება.

- ფრინველს საიდან ეყრება?

- ეგ დაახლოებით ისეთი კითხვაა, კვერცხი ადრე გაჩნდა თუ ქათამი? სისულელეა იმის თქმაც, რომ თითქოს ვიღაც ხელოვნურად ქმნის და ავრცელებს ვირუსებს. მე-19 და უფრო ადრეულ საუკუნეებში სად იყო გენური ინჟინერია, გრიპის პანდემიები ხომ მაშინაც იყო. მერწმუნეთ, ახალი ვირუსი არანაირად საშიში არ არის. ჩვენი 14 პაციენტიდან ექვსს საერთოდ არ მიუღია მედიკამენტური მკურნალობა, ისე გამოჯანმრთელდნენ. საერთოდაც, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, პაციენტს სჭირდება თუ არა გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები.

- მოდის შემოდგომა, როდესაც გრიპის შემთხვევები ხშირდება. რა გველოდება?

- არაფერი განსაკუთრებული. ჩვეულებრივზე ცოტა მეტი იქნება გრიპით ავადობის შემთხვევები, რადგან სეზონური გრიპიც იპარპაშებს და ახალი ვირუსიც, მის წინააღმდეგ ადამიანთა უმრავლესობას იმუნიტეტი არ აქვს. გაიკაჟეთ თავი ბუნებრივი, ხალხური სამკურანლო საშუალებებით და შეეცადეთ, გრიპი არ შეგხვდეთ. ეს არც ისე ადვილია, მაგრამ ხელებს თუ ხშირად დავიბანთ, ამით შევამცირებთ გრიპით ავადობის ალბათობას. თუ აღმოჩნდებით ისეთ ხალხმრავალ ადგილას, სადაც უმრავლესობა აცემინებს და ახველებს,  ნიღაბი ვიხმაროთ. რაც მთავარია, ნუ გვეშინია! უბრალოდ, ფრთხილად ვიყოთ.